“ხვალ თუ იქნება სამყაროს დასასრული, აუცილებლად წავიდოდი მთაში, ძველ ქართულ ეკლესიაში სალოცავად, მუხლებზე დავიჩოქებდი და ჩემი სულის ცხონებისთვის ვილოცებდი.” – ასე მიპასუხა ფრანგმა რომანტიკოსმა მწერალმა კითხვაზე, თუ რისი გაკეთება უნდა მოვასწროთ, სანამ ცოცხლები ვართ.
ფრედერიკ ბეგბედერის ინტერვიუ ჩაწერილია მისი საქართველოში სტუმრობის დროს.
-ფრედერიკ, რასთან ასოცირდება საქართველო და ქართველები თქვენთვის?
-ჩემთვის საქართველო არის ენერგიის და სიხარულის ასოციაცია, თუმცა ცოტათი დარდიანი და რაღაცაზე ჩაფიქრებული, სწორედ ამიტომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ უყვართ მთელი მსოფლიოდან ხელოვან ადამიანებს აქ ჩამოსვლა, ისინი გრძნობენ, რომ საქართველო მგრძნობიარე ადამიანების ქვეყანაა. ჩვენ, ხელოვან ადამიანებს, გვიზიდავს ისეთი ადამიანები და საზოგადოებები, რომლებიც ულტრა მგრძნობიარენი არიან.
-რას ურჩევდით დამწყებ მწერლებს?
– “იმუშავე, იმუშავე უფრო მეტი, იმუშავე ყოველდღე!” ჩემი პირველი რომანი არის ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც თავი გენიოსი ჰგონია და საკმარისად არ მუშაობს საკუთარ თავზე. მწერალი არის ადამიანი, რომელიც უფრო მეტს მუშაობს, ვიდრე სხვა ნებისმიერი ადამიანი. ჩემი თავი რომ მენახა ოცდაათი წლის წინ, სურვილი მექნებოდა სახეში გამელაწუნებინა ჩემი თავისთვის და მეთქვა: გეყოფა ყოველდღე საქეიფოდ გასვლა, გეყოფა ყოველ საღამოს ძალიან ბევრი ჭაჭის დალევა, დაბრუნდი სახლში და წერე! აი, მაშინ გახდები მწერალი.
-როგორ ფიქრობთ, სანამ ცოცხლები ვართ, რა უნდა მოვასწროთ?
-ჯერ მითხარით, როდის იქნება აპოკალიფსი, რომ გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე. ათ წუთში, ერთ წელში, ათ წელში თუ როდის დასრულდება ჩვენი სიცოცხლე? ხვალ თუ იქნება სამყაროს დასასრული, აუცილებლად წავიდოდი მთაში, ძველ ქართულ ეკლესიაში სალოცავად, მუხლებზე დავიჩოქებდი და ჩემი სულის ცხონებისთვის ვილოცებდი…
ავტორი: ლანა ბიბილურიძე