ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც ჭეშმარიტი სწრაფვა აქვს სრულყოფილებისკენ.
ღვთისნიერება, სიკეთე, სინდისი, ნამუსი, ზნეობა, პატიოსნება, წესიერება, გულმოწყალება, სამართლიანობა და მადლიერება, – თუ ამ ყველაფრისკენ არ ისწრაფვი, არ გაქვს მცდელობა დათმო და გააქრო შენში უკეთურობა, უწესობა, უზნეობა, ბოროტება, შური, უსამართლობა და უმადურობადა, მაშინ მოემზადე უბედურებასთან შესახვედრად.
ბევრი საიდუმლო დევს ადამიანში, ერთ-ერთი ისაა, რომ ვერ ხვდება და ვერ აცნობიერებს თავის შეცდომებს, ავ ზრახვებს, მავნებლობას და ბოროტებას.
ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანში, საკუთარი თავის ამოცნობაა.
როგორი ზე ძლიერი, ზე გონიერი, ზე ღრმა და ზე სულიერი უნდა იყო, რომ მიხვდე, სინამდვილეში ვინ ხარ, როგორი ხარ და სინამდვილეში რა შესაძლებლობები გაქვს.
გიფიქრია? იქნებ საერთოდ არ ხარ ისეთი, როგორიც საკუთარი თავი გგონია.
თუ შენი საქმე სიკეთეს არ ემსახურება, თუ შენი ყველა ქმედება კეთილშობილური არ არის, თუ შენი სიჯიუტით, მდგომარეობით და სტატუსით, დამსახურებულად ან დაუმსახურებლად გული ატკინე ვინმეს, ნუ გაგიკვირდება თუ შენ სიცოცხლეში ხილულ ჯოჯოხეთს გაივლი.
მკაცრი და დაუნდობელია ცხოვრების წესი.
არავინ ფიქრობს იმაზე თუ რამ გამოიწვია მისი ტანჯვა და წამება. რა იყო წინა პირობა, როგორი ფიქრებით იცხოვრა, რა ხერხებით მიაღწია მიზანს, როგორ უყვარდა ადამიანი, როგორ ზრუნავდა მასზე, როგორ ზეიმობდა სხვის დამარცხებას.
როგორც კი სხვის ცხოვრებაში ჩარევას დაიწყებ, როგორც კი სხვის მორალზე და სხვის ქმედებაზე ალაპარაკდები, როგორც კი მიზანმიმართულად გამაღიზიანებელი იქნები, თუ თავს ვერ გააკონტროლებ და ვერ შეძლებ საკუთარი ემოციის მართვას, მაშინ იწყება შენი დაუსრულებელი ტანჯვა.
აუცილებელია დაფიქრდე სანამ რამეს იტყვი. დაფიქრდი რატომ და რისთვის ამბობ.
დაფიქრდი რა შედეგი შეიძლება მოყვეს შენს ლაპარაკს.
დაფიქრდი, ჭირად არ გექცეს გაუაზრებელი ნათქვამი.
ხშირად გამიგონია ადამიანებისგან: კეთილი, წესიერი და პატიოსანი არ უნდა იყო, მაინც უსინდისოს, უზნეოს და ბოროტებს, უმართლებსო.
არავინ იცის, ვის რატომ უმართლებს.
არავინ იცის, ვინ რა გამოცდას გადის.
დავდივარ, ვეძებ, ვესაუბრები უთვალავ ადამიანს, ვესაუბრები ყოფილ ლამაზებს, ყოფილ წარმატებულებს, ყოფილ მდიდრებს, ყოფილ მეძავებს, ყოფილ ბედნიერებს, ყოფილ ჯანმრთელებს… და მძაფრი გაკვირვებით მიკვირს, რატომ არ სწავლობენ ადამიანები სხვის შეცდომებზე, რატომ აქვთ ცრუ შეგრძნებები და ცრუ შეხედულებები, რატომ გონიათ ყველაზე ჭკვიანი საკუთარი თავი და ყველა მათი ქმედება მართალი.
გიორგი ჯაჯანიძე