fbpx

ნათია ფანჯიკიძე: ,,დიდება შენდა ღმერთო“

ავტორი ჟოლო
77 ნახვა

ათონის მთაზე 101 წლის ბერი ცხოვრობს, მის შესახებ ახალგაზრდა ბერები სიცილით ყვებიან უამრავ საინტერესო ამბავს: ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკის შესახებ მოგონებას რომ ვინმე სთხოვს, ტანჯვას კი არა, იმ პურის სურნელს იხსენებს, გერმანელი ქალები ჩუმად რომ მიდიოდნენ და  კედლის იქიდან უყრიდნენ ტყვეებს.

 

ამას წინათ კი, რაღაცას აჭედებდა, ხელში ჩაქუჩი ჩაირტყა, ძალიან გამწარდა, პირჯვარი გადაიწერა და “დიდება შენდა ღმერთო!” ამოიძახა, მაშინ როცა, ჩვენ რომ რამე გვეტკინება, გინებაც კი წაგვცდება ხოლმეო.

ჩემი ოჯახის წევრმა, ვისაც ეს ამბავი გაუზიარეს, ღვთის სადიდებელი ფრაზა ხუმრობით აიჩემა, რამეს რომ იტკენს ან ეწყინება, თვალებს ზეცისკენ აღაპყრობს და „დიდება შენდა ღმერთოო“, ამბობს.

რატომაც არა, ჭეშმარიტების გზაზე ხუმრობით შედგომა ყველაზე დახვეწილი სიბრძნეა.

101 წლის კაცს ჩაქუჩის მოქნევა რომ შეგიძლია, ხელშიც რომ ძლიერად მოირტყამ და ტკივილსაც იგრძნობ, ეს ხომ არაფერია სხვა, გარდა შენი არსებობის დადასტურებისა.

ადამიანები ვცდილობთ ავირიდოთ რეალობის ტკივილები, მშიშრები ვართ და იმიტომ. ვერ ვაცნობიერებთ, რომ ტკივილის არიდება წარმატებით თუ გამოგვივიდა, ამით მხოლოდ საკუთარ განვითარებას ვაფერხებთ.

უმტკივნეულოდ მნიშვნელოვანი პიროვნება ვერ შედგება.

წაქცევის გარეშე ჩვენ არც სიარული გვისწავლია და მარცხის გარეშე არცერთი თამაში არ გვითამაშია, მით უმეტეს, ვერ გავითამაშებთ ცხოვრებას.

ცხოვრება არის ის, რისი გახსენებაც ღირს, დარტყმიდან დარტყმამდე, სიხარულიდან სიხარულამდე, დანარჩენი დღეები, თვეები, წლები უბრალოდ სიუჟეტის შემაერთებელი ქსოვილია.

ადამიანი არის ამბავი. ამბავმა რომ გაგვიტაცოს, ინტენსიური უნდა იყოს. ნაკლებად გვაინტერესებს ის, ვისაც  მოსაყოლი არაფერი აქვს, მნიშვნელოვანი არაფერი  განუცდია და განსაცდელი ღირსეულად არ გადაუტანია.

საკუთარი თავიც ნაკლებად აღგვაფრთოვანებს, თუ ცხოვრებაში ლაქის გაკეთებისას აქერცლილი კანის გარდა, სხვა ტრავმა არ მიგვიღია.

ჩვენ მოგვწონს ადამიანები ბიოგრაფიით.

“ბაბუაჩემი 37 წელს დახვრიტეს, ბებია გადაასახლეს, დედაჩემი ხან ერთ, ხან მეორე ნათესავს მიკედლებული იზრდებოდა…“ ისეთი ანთებული თვალებით მოგიყვებიან, თითქოს რაიმე სასიხარულო მომხდარიყოს.

სასიხარულო არა, მაგრამ სიამაყის ფუნდამენტური, საკუთარ ღირსებამდე დაყვანილი გრძნობა მხოლოდ რთული ბიოგრაფიის გავლით ჩნდება და თუ ის ოჯახის საგაცაა და თაობების თავგადასავლების ინტენსიური ჯაჭვია, სიამაყე ძვალსა და რბილში ჯდება და გვარის ღირსების გრძნობად ყალიბდება.

ის თუ გიგრძნიათ, რამხელა მოკრძალებას იწვევს ვინმეს მძიმე ავადმყოფობა. სულ სხვანაირი რიდით განვიმსჭვალებით ხოლმე ადამიანის მიმართ, რომელიც იტანჯება. ეს მხოლოდ თანაგრძნობა არ გახლავთ, ეს პატივისცემით და სიმპათიით აღსავსე გრძნობების ნაზავია.

ტკივილი, ცხოვრებისგან სილის გაწვნა გარდამტეხი მოვლენაა სულის ტრანსფორმაციისთვის. ხანდახან მაინც, ისე თუ არ შემოგცხო ცხოვრებამ, რომ დაგაბზრიალოს და სხვა მხარეს რადიკალურად შეგატრიალოს, შანსი იმისა, რომ პიროვნებად შედგები, ნულოვანია. კიდევ ერთი ფაქტორიცაა, შემოცხების შემდეგ დაბზრიალებული წონასწორობას რომ აღიდგენ, საბოლოოდ თუ სინათლისკენ ვერ დადექი პირით და მიწაში ჩამხობილი დარჩი, გამოცდილება აღარაფერში გეთვლება. მისი კვალი მხოლოდ შენს ჯანმრთელობას დააჩნდება და როლს ვერ შეასრულებს სულიერების შემდეგ საფეხურზე ასვლაში.

სიცოცხლეში წინსვლის ბიძგი, მამოძრავებელი ძალა უარყოფითი ემოციაა. უნდა შეგცივდეს, რომ მიხვდე, როგორ გათბე; უნდა მოგშივდეს, რომ იზრუნო საკვების მოპოვებაზე; უნდა დაგაწვიმოს, რომ აიშენო სახლი; უნდა გაგსრისოს მარტოობამ, რომ შეიძინო მეგობარი; უნდა შეგაწუხოს ჭუჭყმა, რომ იზრუნო სისუფთავეზე; უნდა მოგბეზრდეს სარეცხის “ტაშტში” რეცხვა, რომ გამოიგონო სარეცხი მანქანა…

თუ არაფერი გაწუხებს, ვერც ვერაფერს აკეთებ. მაგრამ ეს მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი, წვრილმანი ნეგატიური იმპულსებია, დისკომფორტი, რომლის კომფორტად ქცევა ადამიანურ არსებობას ქმნის. დიდი ტკივილი კი დიდი გარდატეხის დასაწყისია. დარტყმის ძალა იმხელა ენერგიის უნდა იყოს, რომ მისმა ინერციამ დიდხანს და უწყვეტად გატაროს ცხოვრების გზაზე.

არცერთი ასეთი დარტყმა არ ხდება შემთხვევით, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის მინიშნებაა, თუ გნებავთ ბრძანებაც. აი, იმ ფილმში რომაა, “ჩარლის ანგელოზები”, დრიუ ბერიმორი, ლუსი ლიუ და კამერონ დიასი რომ თამაშობენ, ბრძანებებს რომ იღებენ და ასრულებენ ვიღაც თვალით არნახული ჩარლისგან.

მოკლედ, ხუმრობა იქით იყოს და ყოველი ფოთლის შრიალს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რომ სწორად გავიგოთ  ამოცანა და ვიპოვოთ პასუხი.

რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში ერთი მოგონება გავაზიარე. ცხადია, სერიოზული ტექსტის პრეტენზიით არ დამიტვირთავს, მაგრამ ხანდახან ასეთი სახით ილუსტრირებული შინაარსი ბევრად გასაგებს ხდის ფილოსოფიურ საკითხებს.

ამიტომ გადავწყვიტე, თქვენც გაგიზიაროთ:

ჩემი შვილი ნიკო და მისი ძმაკაცი ბახტო ბაკურიანში მიმყავს. 10-11 წლის არიან. მანქანაში უკან სხედან და ერთმანეთის ნაიარევებს ათვალიერებენ.

–         ჩემი შვილი: “შუშა გავანგრიე და ხელი გავიჭერი, ძვალი მიჩანდა!”

ბახტო: “მე გლანდების ოპერაცია მაქვს გაკეთებული”

–         ნიკო: “მამაჩემს რომ ვეჭიდავებოდი, მომისროლა და თავი გამიტყდა”

–         ბახტო: “ეზოში წავიქეცი და….. ”

–         ჩამოთვალეს ყველა გადატანილი “ვავა” და გათანაბრდნენ.

ნიკო ფირობს, ფიქრობს… და უცებ აღტაცებულს აღმოხდა:

-“დედაჩემი “გარაჟიდან” გადახტა, მოტოციკლეტს დაეცა და ნეკნები ჩაემტვრა!”

არც ბახტო აღმოჩნდა ჯაბანი და, მით უმეტეს, არც დედამისი ეკა. წელში გაიმართა და გამანადგურებელი გასროლა შეასრულა.

“დედაჩემს ბაკურიანში ბურანმა გადაუარა და ექვსი მოტეხილობა ჰქონდა!!!”

სიჩუმე… ნიკუშა მხარზე მქაჩავს,

“დე, კიდევ რამე არ გჭირდა?” – ვედრებით.

“ეჰ… დე.. მგონი წავაგეთ”, – სინანულით ვაქნევ თავს და უკან მიუხედავად ვხედავ, ნიკო წყენისგან როგორ იღვენთება.

შეიყვარეთ ადამიანებო ტკივილი, მის გარეშე ჩვენი ფასი კაპიკია ჩვენივე შვილების თვალშიც კი.

დაბოლოს, ამერიკელი ფსიქოთერაპევტის, დევიდ რიჩოს სიტყვებს რომ დავესესხო, ჭრილობები იმისთვისაა, რომ სიღმისეულად გაიხსნას ჩვენი სულის  ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ლამაზი ხედები.

ნათია ფანჯიკიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment