„ცხოვრება სიყვარულია, სხვა ყველაფერი კი გამოგონილი გაუგებრობა“ – ბაირონ ქეითი
ბაირონ ქეითის “სამუშაოს” სკოლაში ბევრი ღრმა და საოცარი რამ გამოვცადე და განვიცადე, ერთ-ერთზე მინდა თქვენც მოგიყვეთ…
საღამოს სესიაა. გვერდით ძალიან საყვარელი ჰოლანდიელი ბიჭი მიზის და მეუბნება, რომ რაღაცის თხოვნა სურს, როდესაც სესია დასრულდება. კარგი-თქო ვეუბნები და სესია რომ დასრულდა გამოვდივართ. ცოტათი დაბნეულია, ნერვიულობს და მეუბნება, რომ შეიძლება უცნაურად მომეჩვენოს, მაგრამ თუ შემიძლია, რომ 10 წუთით მასთან ერთად დავჯდე და სიჩუმეში თვალებში ვუყუროთ ერთმანეთს. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ვგიჟდები ადამინების თვალებში ყურებაზე, თან “სამუშაოს” სკოლაში ძალიან ბევრი ღრმა და ძლიერი სავარჯიშო გავაკეთეთ და ადამიანების თვალებში ყურების სურვილი და სიყვარული კიდევ უფრო გამეზარდა.
დავსხედით. სიჩუმეა, ვუყურებთ თვალებში ერთმანეთს. ჩემში ქეითის სიტყვები და კითხვები შემოდის: “Who would I be without my story?” ვინ ვიქნებოდი ჩემი ისტორიის გარეშე? ვაკვირდები… ვუსმენ… ვინ ვიქნებოდი ჩემი ისტორიის გარეშე, რომ რას ნიშნავს თვალებში ყურება? ვინ ვიქნებოდი ჩემი ისტორიის გარეშე, რომ მე ვარ თინი? ვინ ვიქნებოდი ჩემი ისტორიის გარეშე, რომ ის არის ის, ვინც მე მგონია, რომ არის? ვინ ვიქნებოდი ჩემი ისტორიის გარეშე, რომ მე ვარ ქალი და ის არის მამაკაცი? უბრალოდ სიყვარული და ამ სიყვარულში “მეც” ვქრები.
ჩემში ქეითის ფრაზები ცოცხლდება: “human meets human”… ადამიანი ხვდება ადამიანს… და ვგრძნობ ამ სიყვარულს, ამ ერთიანობას და ვხედავ ამ ყველაფერს თვალებში… ჩემს წინ არის უბრალოდ ადამიანი, ძალიან სუფთა და ღრმა თვალები, წმინდა ადამიანური სიყვარული, სიჩუმე და საოცარი ერთიანობის შეგრძნება…
შემდეგ ჩავეხუტეთ ერთმანეთს და მშვიდობიანი საღამო ვუსურვეთ, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადე, რომ ამირჩია და მომცა საშუალება ასეთი მაგარი და ღრმა რამ გამომეცადა…
ვინ ვიქნებოდით ჩვენი ისტორიის გარეშე?
როგორც ბაირონ ქეითი იტყოდა: “Life is love, all else is imagined confusion” – “ცხოვრება სიყვარულია, სხვა ყველაფერი კი გამოგონილი გაუგებრობა.”
სიყვარულში ცხოვრებას გისურვებთ თქვენც და ჩემს თავსაც ❤️❤️❤️❤️❤️❤️
სწორედ ეს ვართ ჩვენ ☺️❤️☀️✨
თინი ბასილაია