წარმოიდგინეთ, ზიხართ თათბირზე, უფროსი ახალ პროექტზე საუბრობს, თქვენ კი ჩანაწერებს აკეთებთ. მოულოდნელად რაღაც განსხვავებული აზრი მოგდით თავში და იწყებთ ბრძოლას საკუთარ ქვეცნობიერთან თქვათ თუ არა ხმამაღლა.
ამ დროს ჩაგესმით უფროსის ხმა: „შესანიშნავი შემოთავაზებებია, კიდევ რაიმე აზრი ხომ არ გაქვთ?“ თქვენი იდეა იბრძვის, რომ ამოხეთქოს, მაგრამ ქვეცნობიერი ფიქრობს, იქნებ არ ღირს ამის გაკეთება? იქნებ თქვენი გენიალური იდეა სულაც არაა გენიალური? იქნებ უფროსს თქვენიაზრი სულაც არ მოეწონოს? და ამ ფიქრებში გადის დრო, თათბირი მთავრდება, თქვენი იდეა კი იდეად რჩება.
მსგავსი სიტუაცია ალბათ ყველა ადამიანს გამოუცდია და დამეთანხმებით, ძალიან მტკივნეულია. რა გვიშლის ამ დროს ხელს? პასუხი მარტივია: ესაა ბრძოლა გრძნობებთან, რაც ეჭვებში გამოიხატება. ალბათ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ ყველა გადაწყვეტილება მოდის არა გულიდან და გონებიდან, არამედ შეგრძნებებიდან.
როგორც კი თქვენ გაიაზრებთ, რომ შეგრძნებები პრობლემას გიქმნით, მაშინ უკვე მზად ხართ მათ დასამარცხებლად. გგონიათ ეს მარტივი არ არის? თქვენ წარმოიდგინეთ, ეს მხოლოდ 5 წამს წაგართმევთ. ყოველთვის, როდესაც ყოყმანობთ, უბრალოდ დათვალეთ 5-4-3-2-1 და სწრაფად წარმოთქვით, რისი თქმაც გინდოდათ, ამ შემთხვევაში გააზრებას და შეგრძნებების გატესტვას ვერ მოასწრებთ და თქვენთვის მნიშვნელოვანი იდეის გაჟღერებას შეძლებთ.
