დღეს, თეონა ბურდული მინდა გაგაცნოთ. საინტერესო ბიზნეს ისტორიითა და ბრძოლის ჟინით. მისი საქმიანობა სულ რამდენიმე წელს ითვლის, თუმცა, ეს გზა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. იყო გამოწვევები, რისკები და სირთულეები… იყო წინსვლაც, ღალატიც და საქმიანობის ორჯერ ნულიდან დაწყებაც.
მაგრამ წარმატება ხომ მხოლოდ მიღწევებით არ იზომება. ის იზომება გამბედაობით, რწმენით და იმ მიზანდასახულობით, რომელიც ადამიანს გაძლევს ძალას სირთულეები შესაძლებლობებად აქციო. ღალატისა და იმედგაცრუების მიუხედავად მაინც ადამიანად დარჩე და გზა უფრო მეტი შემართებით გააგრძელო. სწორედ ასეთი მებრძოლი სულის მატარებელია ჩვენი დღევანდელი რესპონდენტიც.
თეონა ბურდული: ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა ყოველთვის საქმის სიყვარული და პასუხისმგებლობა იყო და ასე იქნება მომავალშიც. სწორედ ამის შედეგია ბრენდი „თეილონი“, – საწარმო, რომელიც ხარისხს, სანდოობას და პროფესიონალიზმს აერთიანებს.

– გაგვეცანით, ვინ არის თეონა ბურდული?
– თეონა ბურდული არის ადამიანი, რომელსაც სჯერა ადამიანობის, შრომის და იმ გზის, რასაც თავად ვირჩევთ. მჯერა, რომ პასუხისმგებლობა, მოთმინება და საქმის სიყვარული, საბოლოოდ დიდ შედეგს დადებს.
– როგორ დაიწყო თქვენი საქმიანობა და რა იყო მთავარი მოტივაცია?
– სამი წლის წინ, როდესაც ეს საქმიანობა დავიწყე, ჩემი მთავარი მოტივაცია ფინანსური სარგებელი უფრო იყო, თუმცა, ძალიან მალე უმნიშვნელოვანესი გახდა თავად საქმე, რომელსაც ვაკეთებდი. დღეს კი ამ საქმიანობის გარეშე ვერ წარმომიდგენია ყოფნა. ყოველდღიურმა გამოწვევებმა და მიღწევებმა ჩემი საქმიანობა „ცოცხალ ორგანიზმად” აქცია, რომელიც ჩემთან ერთად არსებობს და ვითარდება.
– როგორ შეიქმნა სამკერვალო და რა მიმართულებით განვითარდა?
– სამკერვალოს ისტორია დაიწყო იდეით, – შეგვექმნა ბრენდი “თეილონი”, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა მაღალი ხარისხის საღამურების, ხალათების და საწოლის თეთრეულის წარმოებაზე. საწარმოს განვითარების პროცესში დავამატეთ უნიფორმების, საიმიჯო აქსესუარების, სამედიცინო ხალათებისა და სასტუმროს ტექსტილის წარმოება. დღეს ეს მიმართულება უკვე ჩვენი საწარმოს ძირითადი საქმიანობაა. გვყავს ძალიან ბევრი კორპორატიული კლიენტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კმაყოფილი პარტნიორები.
– როგორია კონკურენცია ბაზარზე და რა გამოარჩევს თქვენს კომპანიას?
– დღეს ბაზარზე ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი კონკურენციაა, ჩვენი ძირითადი დამკვეთები არიან ორგანიზაციები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ხარისხზე, აფასებენ და უფრთხილდებიან დროს, და თანამშრომლობისთვის სანდო კომპანია სჭირდებათ.
მათივე შეფასებით, – ჩვენი კომპანია გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით, წარმოების მაღალი სტანდარტით და კეთილსინდისიერებით, რაც მეამაყება.



– ბიზნესში სირთულეებიც ხშირია, გქონიათ თუ არა მსგავსი გამოცდილება?
– ყველა ბიზნესს აქვს რთული პერიოდები, თუმცა განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც სირთულე თაღლითური კომპანიებისა და თაღლითი ადამიანების ქმედებით არის გამოწვეული და წარმოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან.
ამ ეტაპზე სწორედ ეს შემთხვევა გვაქვს. ერთმა პირმა, რომელმაც თაღლითურად მოიპოვა რამდენიმე კომპანიის ნდობა (აცხადებდა, რომ პროდუქციას თურქეთში აწარმოებდა და ძალიან დაბალ ფასს სთავაზობდა კომპანიებს) ჩვენთანაც გააფორმა კონსიგნაციის ხელშეკრულება ორმაგ ფასზე, შედეგად ორივე მხარე მოტყუებული დავრჩით და ფინანსურად 5 კომპანია დაგვაზარალა.

მინდა რჩევის სახით მივმართო კომაპანიებს, – განსაკუთრებული ყურადღებით შეამოწმონ პარტნიორები, რადგან ბოლო პერიოდში მსგავსი სქემებით მოქმედი გადამყიდველები ძალიან მომრავლდნენ და ადგილობრივ წარმოებას მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ.
– როგორ იმოქმედა ამან თქვენზე, რამ მოგცათ ძალა გზის გასაგრძელებლად?
– ეს უდიდესი სტრესი იყო, – უკვე მეორედ მომიხდა საქმის ნულიდან დაწყება. მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი: შენ უნდა გააგრძელო გზა და შეძლო მეტი, არ შეშინდე!

რწმენას და შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. მთავარია გჯეროდეს საკუთარი თავის, იმოქმედო და შექმნა საუკეთესო ხარისხი. ჩვენ არ ვმუშაობთ მხოლოდ ერთი დღისთვის – ჩვენთვის ხარისხი მთავარი ღირებულებაა, რომელზეც მომავალს ვაშენებთ.
– რომელია თქვენი მთავარი სამოტივაციო ფრაზა?
– “ბიზნესი შეიძლება ირყეოდეს, მაგრამ ჩემი მიზანი მყარად დგას“
– რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც სამკერვალო ბიზნესის დაწყებას ფიქრობენ?
– აუცილებლად დაიწყონ. გზად გამოწვევებიც იქნება, კონკურენციაც, მაგრამ არ უნდა შეშინდნენ. ყოველი გამოწვევა, თითოეული სირთულე დიდი გამოცდილებაა. ხოლო კონკურენცია – განვითარების, ხარისხის გაუმჯობესებისა და მუდმივი მოტივაციის საფუძველი.

