fbpx

„ადრე თუ გვიან ყველა განსაცდელი გაივლის“- სიკეთის მადლი

ავტორი ჟოლო
146 ნახვა

ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა ამ პატარა ისტორიიდან… 
ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როდესაც შენს ირგვლივ ზღვაა ხალხისა და მაინც მარტო ხარ…
გინდა მთელი ხმით იყვირო “მიშველეთ” და გგონია შენს ხმას ცა გადაყლაპავს ისე, რომ ადრესატამდე ვერასოდეს მიაღწევს…
პრინციპში ამ დროს, ადრესიც არ გაქვს…
აეროპორტის შესასვლელთან, ნერვიულ ბოლთას, ღრმად ვაყოლებდი თამბაქოს კვამლს და გულში, ცხოვრებისგან უკმაყოფილო, ათას მკრეხელობაზე ვფიქრობდი…
ვიღაც მომიახლოვდა. მშვიდად მომესალმა.
მღვდელი? აი ესღა მაკლდა. გავიფიქრე გულში და გულგრილად შევხედე…
სანდომიანი თვალები ჰქონდა…
იმდენად სანდომიანი, რომ საკუთარი სითავხედის შემრცხვა…
– ბევრს ეწევი – მითხრა და გამიღიმა…
– ჰო… – ვუპასუხე და სიგარეტი ნერვიულად მოვჭმუჭნე…
– ასე სჯობია… ადრე თუ გვიან ყველა განსაცდელი გაივლის. თამბაქოს შხამი კი წაგართმევს იმას რასაც ვეღარავინ დაგიბრუნებს – ეს სიტყვები იმდენად დაბალ ხმაზე მითხრა, მივხდი ჭკუაზე დარიგების ტონს გაურბოდა. ალბათ სურდა, რომ არ დავეფრთხე…
დიდხანს ვისაუბრეთ…
რამდენჯერაც დავაპირე მეთქვა, რა მაწუხებდა, იმდენჯერ დამასწრო ჩემი სათქმელის თქმა და მივხდი ზუსტად კითხულობდა იმას, რაც ჩემს გულში დახურული წიგნივით ინახებოდა…
საოცარი შვება ვიგრძენი…
არის დრო, როდესაც საათები და წუთები წამებს უტოლდება და დამშვიდობების განცდა ძვლებში გამტვრევს…
– წასვლის დროა. – ვუთხარი და ტელეფონის ნომერი ვთხოვე. არ მაქვსო, მიპასუხა… ჯიბიდან მობილური ამოვიღე და გავუწოდე…
– ეს? არა, არ შემიძლია… მე მღვდელი ვარ და ფუფუნების უფლება არ მაქვს – ისე შეიცხადა, ვიფიქრე დანაშაულს ჩავდიოდი – არ გეწყინოს შვილო, მაგრამ მოხმარების წესიც არ ვიცი…
– ისწავლი. ეს თქვენ არ გჭირდებათ, მაგრამ მე მჭირდება ხმის მოსაწვდენად – ვუთხარი და ტელეფონი ხელში შევაჩეჩე…
მალე დავტოვე საქართველო…
ჯერ იყო ამერიკა…
მერე ევროპა…
და…

***
2018 წ. 10 ნოემბერი.
პოლონეთიდან შეტყობინება მივიღე…
უცნობი გოგონა დახმარებას მთხოვდა. მაგისტრატურაზე სწავლის გასაგრძელებლად საფრანგეთში მინდა ჩამოსვლა და სტუდენტებს, თუ აფინანსებთ-ო?
პირობა მივეცი რომ დავაფინანსებდი.

სალომეს, გუშინ საღამოს დავხვდი რკინიგზის სადგურში…
ოჯახში სუფრაც გაიშალა და იმის ატმოსფეროც დადგა ერთმანეთთან გავშინაურებულიყავით…
გამოვიკითხე ვინ იყო, რა გეგმები ჰქონდა… დედა, მამა, დედმამიშვილები… სანაცნობო წრე, ნათესავები…
პატარა კია ეს ჩვენი დალოცვილი ქვეყანა, მაგრამ საერთო ვერავინ აღმოვაჩინეთ…
***
– იოანე – ჩემს უმცროს ვაჟს მივმართე – დადე ეგ მობილური და მოდი ჩვენთან. შენ ხომ გიყვარს, როცა საქართველოდან გვსტუმრობენ? – ისე გამომივიდა თითქოს დავანამუსე და სტუმარმა მდგომარეობის გამოსწორება სცადა.
– პატარაა. ყველა ბავშვის საყვარელი ნივთია მობილური… ძალიან პატარა ვიყავი. მამა გვიან დაბრუნდა სახლში და გვითხრა, ვიღაც უცნობმა ახალგაზრდამ აეროპორტში მობილური ტელეფონი მაჩუქაო. ნანახიც არ გვქონდა თვალით… მერე, მთელი ბავშვობა მასთან კირკიტში გავატარე. მეც ძალიან მიყვარდა მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სულ რამდენიმე თამაშს იტევდა…
– აეროპორტში? – ვკითხე გაკვირვებულმა – რა ჰქვია მამას? – მერე გამახსენდა, იმ მღვდლის არც სახელი და არც გვარი არ მახსოვდა – დრო? როდის მოხდა? ზამთარი იყო? ციოდა? 90-იანი წლები იყო? – სალომე გაკვირვებული თვალებით მიყურებდა და თან მამას ფოტოს ეძებდა…
– ეს არის მამა – მითხრა და ეკრანი ჩემსკენ მოატრიალა…
ისევ ის თბილი და სიკეთით სავსე თვალები, როგორიც რამდენიმე ათეული წლის წინ, ჩემი ცხოვრების სულ მოკლე ეპიზოდში ვნახე და მერე…
მერე მეგონა, რომ უბრალოდ შემთხვევა იყო და სადღაც დაიკარგა…
– მე ვიცნობ მამას – ძლივს ამოვღერღე…
– შეუძლებელია! თქვენ?!
– ჰო… მე… მე გადამარჩინა…
***
რამდენიმე წუთში მესანჯერზე ვიდეო ჩაირთო…
– მამა! მამა! აბა თუ იცნობ ამ კაცს ვინ არის? – მთელი ხმით ყვიროდა სალომე და ობიექტივში მონდომებით მსვამდა…
ეკრანიდან, ისევ სიკეთით სავსე თვალები მიმზერდნენ, მაგრამ ვერ წარმოედგინა რა ხდებოდა (???)
– მამაო, გახსოვთ აეროპორტი? – ის რამდენიმე წუთით გაშეშდა (მეგონა ტელეფონმა გაჭედა)
მერე… მერე იყო მოგონება და ცრემლი…
ცრემლი, რომელიც წარსულს და აწმყოს ბედნიერების ერთ ვერტიკალზე თანაბრად კინძავდა…
***
– ეს შენ ხარ ბიჭო? – ისევ გაოცებული თვალებით დიდხანს, დიდხანს მიყურებდა და ახლა უკვე ვიცოდი, რომ ინტერნეტი აღარ ჭედავდა…
არადა ერთ დროს, როგორ “გაჭედილში” მიპოვე მამაო…

სულა სულაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment