ალბათ, ბევრი კეთილი საქმეა, რომელიც უხმაუროდ კეთდება და რომლის შესახებაც არაფერი ვიცით. ალბათ, ეს ამბავიც ასე ჩაივლიდა… არადა, როგორ მიხარია კარგი ამბები, თითქოს ფრთები მესხმება და ასაფრენად მზად ვარ. ჰოდა, სოფელში ყოფნისას, ერთ კარგ ქალბატონთან შეხვედრამ და კარგმა ამბავმა, ზუსტად ეს განცდა გამოიწვია ჩემში, სიხარული ვერ დავიტიე და გადავწყვიტე თქვენც გაგიზიაროთ.
მაინტერესებს, იცოდით, თუ არა რამე ენერგოეფექტური ფიჩხის ღუმელის შესახებ? მე ეს ღუმელი ეკასთან საუბრისას აღმოვაჩინე და გავიგე, რომ ზამთარში, მთელი დღის განმავლობაში, მხოლოდ ერთი კალათა ფიჩხია საჭირო. წარმოგიდგენიათ? ერთი კალათა ფიჩხი გათბობს. შედეგად არც ხეები ნადგურდება და არც ბუნება ზიანდება. ყველაზე მთავარი, კი რამაც ასე ძალიან გამახარა, ის არის, რომ უახლოეს დღეებში, ამ სახის 5 ღუმელი ჩემი სოფლის შეჭირვებულ ოჯახებში დამონტაჟდება. ამაზე თავად ეკა ზრუნავს.
სოფელი აბაშის რაიონში, სამიქაოში მაქვს. ისევე როგორც ყველგან საქართველოში, ჩემს სოფელშიც არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები, რომელთაც ძალიან უჭირთ. მათთვის ამ სახის ღუმელი შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც არის.
სწორედ ამან გადამაწყვეტინა ეკასგან ინტერვიუ ამეღო და ეს კარგი ამბავი ქვეყნიერებისთვის მომეფინა. ეკას თავისი ორგანიზაციის დამსახურებით სოფლისთვის სხვა სიკეთეებიც უკეთებია, ერთ-ერთი ის გასართობი პარკია ტრენაჟორებით, რომელსაც დღეს დამსვენებელი უხვად სტუმრობს.
-ეკა, პირველ რიგში მინდა გაეცნო ჩემს მკითხველს, როგორც ვიცი სოფელზე ზრუნვა უკვე რამდენიმე წელია მოვალეობად გექცა.
-კი, ნამდვილად ასეა… მე ვარ ეკა გაბუნია სოფელ სამიქოდან. უკვე რამდენიმე წელია სოფლის ჩვეულებრივი ცხოვრებიდან საორგანიზაციო საკითხებზე გადავერთე და სოფლის კეთილდღეობაზე ვზრუნავ. ამით ჩემი ცხოვრება რადიკალურად შევცვალე და არა მარტო ჩემი, სხვების ცხოვრებაც სასიკეთოდ შეიცვალა, რაც იმის ძალას მაძლევს, რომ რაც შეიძლება ბევრი კეთილი საქმე ვაკეთო.
-როდის და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და რა გააკეთე დღემდე?
– რამდენიმე წლის წინ, შემთხვევით ერთ-ერთ ტრენინგზე მოვხვდი, რამაც ჩემი ცნობიერება მთლიანად შეცვალა. ამ ტრენინგმა მაჩვენა, რომ სოფელში მუხლჩაუხრელი შრომის გარდა ბევრი სხვა კარგი რამის გაკეთებაც შეიძლება. მალევე მიღებული ცოდნა პრაქტიკულად განვახორციელე, შევქმენი ჯგუფი და დავწერე პროექტი „ახალი თაობა უკეთესი მომავალი“, რაც დააფინანსეს, ასევე ჩამოვაყალიბე განათლებისა და განვითარების ცენტრი „მაკრონი“. დაფინანსების შედეგად საბავშვო ბაღი გავარემონტეთ და სოფლის პატარები და მათი მშობლები გავახარეთ. ამას მოჰყვა სხვადასხვა პროექტი. ერთ-ერთი გასართობი პარკის ტრენაჟორებია, რომელზეც როგორც სტუმრები, ასევე ადგილობრივებიც ძალიან გვემადლიერებიან.
– ფიჩხის ღუმელზე მინდა გკითხო, როდის იქნება მზად, ვის დაეხმარებით და გარდა იმისა, რომ ეს ღუმელი გასათბობად არის კარგი, კიდევ რა სიკეთეები აქვს?
– ეს არის ძველი იაპონური მოდელით ნაკეთი „ფიჩხის ღუმელი“, რომლის გამოყენებით სოფელს ტყეც შეუნარჩუნდება და დამატებით ხარჯსაც თავიდან აიცილებს სოფლის მკვიდრი. რადგან ყველა ოჯახი სოფელში შეშით თბება და ტყის საფარი არ არსებობს, მოსახლეობას მისი შეძენა ბაზარზე უხდება. ეს კიდევ დამატებითი ხარჯია ხელმოკლე ოჯახებისთვის. ,,ფიჩხის ღუმელი“ კი ძალიან ეკონომიური და მოსახერხებელია.
– და არც ფიჩხის შეგროვებაა, როგორც ვიცი პრობლემა.
– პირიქით… თითქმის ყველა ოჯახს აქვს ხეხილის და თხილის ბაღი, ზოგჯერ განასხლავს ეზოს კუთხეშიც წვავენ და ამით გარემოს აბინძურებენ, რაც ადამიანის ჯანმრთრელობაზეც მოქმედებს. ამ მხრივ სოფლის მოსახლეობა ინფორმაციისა და ცოდნის ნაკლებობას განიცდის და ამ კუთხითაც, ანუ ცნობიერების ამაღლების მიზნით ვგეგმავთ ღონისძიებას.
რაც შეეხება დახმარებას, პირველ რიგში დავეხმარებით მრავალშვილიან შეჭირვებულ, მარტოხელა ქალებს, რომლებსაც არ შეუძლიათ შეშის დამზადება(მოჭრა, დაჩეხვა, ან ამ ყველაფრისთვის ფულის გადახდა) ასე რომ ზამთრის სუსხში შეძლებენ ფიჩხის ღუმელით გათბობას და საჭმლის მომზადებას. საერთო ჯამში 5 ღუმელი დამზადდება.
-სად მზადდება და რა არის ღუმელის ღირებულება?
– ხუთივე ეკოღუმელი მზადების პროცესშია, მზადდება თბილისში, შეკვეთით, ინდ.მეწარმე ზვიად ნადირაშვილთან. დამზადების ღირებულება 1000 ლარამდე გახლავთ. ეს არ არის დაბალი ფასი, ამიტომ მხარში ამოგვიდგა ქალთა ფონდი საქართველოში, სწორედ მათი დახმარებით და დაფინანსებით შევძელით ამ სიკეთის გაკეთება. რისთვისაც მადლიერება მინდა გამოვთქვა. გარდა იმისა, რომ შეჭირვებულ ოჯახებს ვეხმარებით, ხდება გარემოსდაცვითი მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ალტერნატიული პრაქტიკის დანერგვა. კარგია, სხვებიც თუ მოგვბაძავენ, რადგან ფიჩხის ღუმელის დამზადება-გავრცელებით, ხე-ტყის გაჩეხვა შემცირდება და ამით უდიდესი საქმე გაკეთდება.
– რამდენიმე წელია რაც რადიკალურად შევცვალე ცხოვრებაო, მითხარით, გზადაგზა ალბათ სირთულეებიც შეგხვდათ …
– სირთულეები ყოველთვის არის, მაგრამ როდესაც მიზანი და დიდი სურვილი გაქვს სირთულე ვერ გაშინებს, პირიქით… ამიტომ ყოველდღე ვეუბნები ჩემს თავს – გააგრძელე! არ გაჩერდე! შეუძლებელი არაფერია!
P.S რა თქმა უნდა მთავარია სურვილი, მონდომება, მოქმედება და შეუძლებელი მართლაც არაფერია. მითუმეტეს, თუ შენს მიერ გაკეთებული სიკეთე სულშებერილი ნაკვერჩხალივით ღვივდება და ძალიან ბევრ ადამიანს ათბობს. ამ სითბოს კი იმდენი ძალა და ენერგია მოაქვს, რომ ძალიანაც რომ ეცადო ვერ გაჩერდები …
წარმატებები ქალბატონ ეკას და წარმატებები ყველას სიკეთის გზაზე.
დეა თავბერიძე
განათლების და განვითარების ცენტრი მაკრონი