ნაჭრის ნაკუწებისაგან შექმნილი ულამაზესი სურათები, რომლებსაც ახალ, ფერად სამყაროში გადაყავხარ. გგონია, რომ იქ შენც ერთი პატარა ნაჭრის ნაგლეჯი ხარ, შენი სათქმელით… ნამუშევრები ფიქრის მორევში გითრევს… მერე კი, მოგვიანებით, როცა გონს მოეგები აცნობიერებ, რომ ნაჭრის ნაკუწი კი არა მისი ერთი ძაფიც კი არ ხარ, უფრო მეტიც მის სათქმელსაც ვერ ჩამწვდარხარ ბოლომდე, უბრალოდ მის წინ დგახარ და სურათს მისჩერებიხარ… ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა მანანა თავაძის გამოფენამ, რომელიც ბაია გალერეაში მოეწყო. მისი ხედვა დეკორატიულ ხელოვნებაში ორიგინალური და საინტერესოა. „ეს არის სრულყოფილი ნამუშევარები“ – ასე შეაფასა ხელოვნებათმცოდნე ბაია წიქორიძემ მანანა თავაძის ნამუშევრები.
ამ გალერეაში ხელოვანის ეს უკვე მესამე გამოფენაა, როგორც თავად გვითხრა ყოველი გამოფენისას ძალიან ღელავს. გალერეაში გამოფენილი 10 ნამუშევარი, 5 თვეში დამზადდა.
„ვფიქრობ მანანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხატვარია ამ სფეროში, რადგან მის ნამუშევრებში ჩანს შესრულების მაღალი ტექნიკა და ორიგინალური სტილი. მისი ნამუშევრები ასევე ნოვატორულია, რადგან ნაჭრების ნაკუწებიდან ცოცხლდება შინაარსობრივად დატვირთული თემები.“- აღნიშნა ბაია გალერეის ხელმძღვანელმა.
გამოფენა ბაია გალერეაში 20 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
ირმა ადეიშვილი