Women Deserve Rage — „ქალებსაც აქვთ განრისხების უფლება“. სწორედ ამ გზავნილს მიეძღვნა საღამო, რომელმაც ერთ სცენაზე გააერთიანა ორი გამორჩეული არტისტი — მოლი ჯონსონი და იმანი. ისინი არა მხოლოდ ჯაზის გამორჩეული შემსრულებლები არიან, არამედ ქალთა უფლებების, თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის აქტიური დამცველიც.
მოლი ჯონსონი (Molly Johnson) – ჯაზი, რომელსაც ადამიანების შეცვლა შეუძლია

საღამო გახსნა კანადური მუსიკალური სცენის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა და ქარიზმატულმა წარმომადგენელმა, მოლი ჯონსონმა.
ჯაზისა და ბლუზის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმა, მოლი ჯონსონი უკვე რამდენიმე ათეული წელია განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მსოფლიო ჯაზის სცენაზე. მისი თბილი ბლუზური ინტონაციები და ბუნებრივი სცენური ქარიზმა მსმენელს პირველივე ნოტებიდან იზიდავს.
2000-იანი წლების დასაწყისში გამოცემულმა ალბომებმა, განსაკუთრებით Another Day, სადაც მან ჯორჯ გერშვინის Summertime სრულიად ახლებურად წარმოადგინა, მოლი საერთაშორისო აღიარებამდე მიიყვანა. იგი ერთნაირი ოსტატობით ასრულებს როგორც ჯაზის კლასიკურ სტანდარტებს, ისე საკუთარ კომპოზიციებს, რომლებიც ღრმა პირად განცდებსა და სოციალურ თემებს აერთიანებს.

მისი შემოქმედების განუყოფელი ნაწილია საზოგადოებრივი აქტივიზმი. მოლი ჯონსონი არის Kumbaya Festival – ის დამფუძნებელი, საქველმოქმედო მუსიკალური ფესტივალისა, რომელიც აივ შიდსით დაავადებული ადამიანების მხარდაჭერისთვის შეიქმნა. წლების განმავლობაში მან საკუთარი პოპულარობა არაერთი ჰუმანიტარული ინიციატივის სამსახურში ჩააყენა და მუდმივად იცავს თანასწორობის, სოციალური სამართლიანობისა და კულტურული მრავალფეროვნების იდეებს.
მოლი ჯონსონის კონცერტები არასოდეს არის მხოლოდ ჯაზის შესრულება. ეს არის გულწრფელი შეხვედრა არტისტთან, რომელიც დარწმუნებულია, რომ მუსიკა ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს, თანაგრძნობას აჩენს და სამყაროს ცოტათი უკეთეს ადგილად აქცევს.
მოლი ჯონსონთან ერთად სცენაზე იდგნენ Michael Shand (ფორტელიანო), Mike Downes (ბასი) და Ethan Ardelli (დრამი)
იმანი (Imany) – ხმა, რომელიც თავისუფლებაზე საუბრობს
ანტიკურ თეატრში ბოლო გამოსვლიდან ხუთი წლის შემდეგ, იმანი ტრიუმფალურად დაბრუნდა ახალი, ძლიერი და ღრმად ემოციური პროექტით. თავისი ღრმა, ხავერდოვანი ხმით, რომელშიც ორგანულად ერწყმის სოულის
ემოციური სიღრმე, ფოლკის სინათლე და აფრიკული მუსიკალური ტრადიციების კვალი, იმანი თანამედროვე ევროპული სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემსრულებელია. სიმღერებით You Will Never Know და Don’t Be So Shy მან მსოფლიო აღიარება მოიპოვა, თუმცა მისი შემოქმედება გაცილებით ფართოა, ვიდრე რამდენიმე ცნობილი ჰიტი.

კომორული წარმოშობის მომღერალი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში გაიზარდა. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ იგი ნიუ-იორკში მოდელად მუშაობდა, თუმცა საბოლოოდ მუსიკამ განსაზღვრა მისი ცხოვრების გზა. 2011 წელს გამოცემულმა სადებიუტო ალბომმა The Shape of a Broken Heart მსმენელს სრულიად ახალი, გამორჩეული არტისტი გააცნო, რომლის ხმა ერთდროულად ინტიმურიცაა და ძლიერიც.
მომდევნო წლების განმავლობაში იმანიმ არაერთი საერთაშორისო წარმატება მოიპოვა, თუმცა მისი შემოქმედების მთავარი ღირებულება ყოველთვის სიმართლე და გულწრფელობა დარჩა. მისი მუსიკა ხშირად ეხება ადამიანის შინაგან ბრძოლას, იდენტობას, ღირსებასა და თავისუფლებას.
2025 წელს გამოცემული ალბომი Women Deserve Rage ერთგვარ მანიფესტად იქცა. სწორედ ამ ალბომით წარსდგა ის ვიენის ანტიკურ თეარტში მოსული მსმენელის წინაშე. იმანისთვის ქალის ბრაზი არა დესტრუქციის, არამედ ცვლილებისა და ღირსების დაცვის ძალაა. ამ პროექტით იგი მოუწოდებს საზოგადოებას, გადახედოს ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს და აღიაროს მათი ემოციების გამოხატვის უფლება, როგორც თანასწორობის აუცილებელი ნაწილი.

იმანი წლების განმავლობაში აქტიურად საუბრობს ქალთა უფლებებზე, რასობრივი მრავალფეროვნების პატივისცემაზე, სხეულის ბუნებრივი აღქმის მნიშვნელობასა და ადამიანის შინაგან თავისუფლებაზე.
მისი კონცერტები მხოლოდ მუსიკალური საღამო არ არის – ეს არის ემოციური მოგზაურობა, სადაც თითოეული სიმღერა იმედზე, გამბედაობასა და საკუთარი თავის თავიდან აღმოჩენაზე გვესაუბრება.
იმანის გვერით სცენაზე ასევე იდგნენ მუსიკოსები : Julie Varlet (საყვირი), Jules Boittin (ტრომბონი), Stefane Goldman (გიტარა), Sandra Cipolat (კლავიატუტა), Ludovic Bruni (ბასი), Bili Langhoff (დრამი)
ეს იყო ენერგიით, შინაგანი ძალითა და წმინდა ემოციით სავსე საღამო, სადაც ქალთა ხმები მთელი თავიანთი ბრწყინვალებით და ძალით გაჟღერდა.
ავტორი: Gia Gogatishvili
