ქართული ყველის რიგით მე-11 ფესტივალი წელს მცხეთაში გაიმართება. ფესტივალი დაიწყება 17 ივლისს 11:00 საათზე და 22:00 საათამდე გაგრძელდება. მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: პროექტი “ქართული ყველი” და მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაცია.
რატომ მცხეთა?
გასულ წელს გამართულ კავკასიური ყველის ფესტივალზე დამკვიდრდა ტრადიცია, რომ ფესტივალზე გამოვლენილი საუკეთესო რეგიონი იქნებოდა შემდეგი ქართული ყველის ფესტივალის მასპინძელი.
შესაბამისად, წლევანდელი მასპინძელი შეირჩა და გამოვლინდა შეჯიბრობითობის პრინციპით. კავკასიურ ფესტივალზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონი იყო ყველაზე ორიგინალური, ორგანიზებული და გემრიელი.
აქედან გამომდინარე ქართული ყველის ფესტივალის სიმბოლური გასაღებიც მას გადაეცა.
წელს მასპინძელი რეგიონი სრულად წარადგენს საკუთარ სამეურნეო კულტურას და სტუმრად მიიწვევს სხვა დანარჩენი რეგიონის წარმომადგენლებს.