ბაია დავითაიას “საქართველოს აუტიზმის ფონდი” 21 ოქტომბერს აუტიზმის მქონე ბავშვებს მუშთაიდის პარკში ეპატიჟება.
პარკი ბავშვებს სპეციალურად ადაპტირებულ გარემოში უმასპინძლებს, სადაც მათ შეეძლებათ მთელი დღის მანძილზე ისეირნონ, დაისვენონ და სრულიად უფასოდ ისარგებლონ ატრაქციონებით.
აქციის ინიციატორი, ბაია დავითაია, ამბობს, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება, გაერთოს და მხიარულად გაატაროს დღე მისთვის ადაპტირებულ, უსაფრთხო გარემოში.
მუშთაიდის პარკი სისტემატურად, თვეში ერთ დღეს სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლებს განსაკუთრებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს.
საქართველოს აუტიზმის ფონდი კინოთეატრ ამირანის დახმარებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის, სრულიად უფასოდ, თვეში ერთხელ გთავაზობთ კინოსეანსს. ბაია დავითაია კინოთეატრ ამირანს და მის ხელმძღვანელობას მადლობას უხდის.
ბაია დავითაია: „კინოთეატრი ამირანი ყველაზე კეთილი კინოთეატრია! ახსნაც კი არ დამჭირდა, რომ ჩვენს განსაკუთრებულ ბავშვებს სპეციალურად მათზე მორგებული გარემოს შექმნა სჭირდებათ კინოდარბაზში. დაბალი ხმა,ოდნავ განათებული შუქი.
სასიხარულოა ისიც, რომ ამ ინიციატივას, შესაძლოა, სხვა მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვა თეატრებთანაც. განსაკუთრებული მადლობა ბესო აბესაძეს“.