რა არის იღბალი? ის გიპასუხებთ: „გამართლება, რომელიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული“. ებრაელები სხვანაირად არიან აღზრდილები. ჩვენ ბავშვობიდანვე გვასწავლიან, რომ იღბალი არის მიზანმიმართული მოქმედების შედეგი. რომ ერთი შეხედვით შემთხვევითი მოვლენები, სინამდვილეში მომზადებულია თვითონ ადამიანების მიერ, მათი რწმენის და ნებისყოფის შედეგად.
სამყარო არ არის ქაოსის სტიქია და იღბალი არც თუ ისე ბრმაა, როგორც ეს უმრავლესობას წარმოუდგენია. ადამიანები დედამიწაზე აღწევენ განსხვავებულ შედეგებს იმიტომ, რომ განსხვავებულად აღიქვამენ იმ რეალობას, იმ სამყაროს რომელშიც ცხოვრობენ. იმისთვის, რომ გახდეთ უფრო წარმატებული, ცვლილებები უნდა მოხდეს თქვენში და არა თქვენს გარშემო. ამაშია სწორედ წარმატების მთელი ჯადოქრობა.“
შეიძლება ბევრი თქვენთაგანი არ დამეთანხმოს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებმა თვითონ შექმნეს თავიანთი იღბალი და გამართლება. მათ, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთთვის სრულიად არაბუნებრივ გარემოში და პირობებში აღმოჩნდნენ, ერთი წუთითაც კი არ დაუშვიათ, რომ შეგუებოდნენ მონის ხვედრს. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ გაჩნდნენ თავისუფლებისთვის და უბრალოდ ფიქრითაც კი არ უშვებდნენ შესაძლებლობას, რომ მთელი ცხოვრება მონობაში მოუწევდათ ყოფნა.
ამ გოგო–ბიჭების უზარმაზარი რწმენა, შინაგანი ძალა და ენერგია, რომელიც ალბათ მათ ყოველ გამოხედვაში, მიხვრა–მოხვრაში, სიტყვასა და ამოსუნთქვაშიც კი იგრძნობოდა და რომელიც ვერაფრით ვერ დათრგუნეს, იზიდავდა ისეთ გარემოებებს, მოვლენებს და ადამიანებს მათ ცხოვრებაში, რომ ისინი ბოლოს და ბოლოს არა თუ ახერხებდნენ მონობის დამამცირებელი მდგომარეობიდან თავის დაღწევას, არამედ თვითონ ხდებოდნენ მბრძანებლები.
ყოველთვის, როცა მათ ისტორიას ვკითხულობ და მახსენდება ჩემი დამოკიდბულება პრობლემებისა და ზოგადად ცხოვრებისეული სიძნელეებისადმი ჩემი, არც თუ ისე შორეული წარსულიდან, საკუთარი თავის მრცხვენია.
რობერტ კიოსაკი ამბობს: „ადამიანები ყველაზე ხშირად იმიტომ ვერ აღწევენ წარმატებებს, რომ ეშინიათ წარუმატებლობებისო“.
დიახ, ადამიანთა წარუმატებლობების და უბედურების უმთავრესი მიზეზი შიშია. შიში დაცემის, მარცხის განცდის და ა.შ., მაგრამ, ცნობილია, რომ ნებისმიერი, თუნდაც სრულიად „უწყინარი“ შიშიც კი, მისი სიღრმისეულად გაანალიზების შემდეგ, დადის სიკვდილის შიშამდე. არა აქვს მნიშვნელობა ჭექა–ქუხილი შეგაშინებთ თუ ოთახში მოულოდნელად შემოფრენილი ღამურა, გასაუბრებაზე ჩაჭრის შეგეშინდებათ თუ წვიმაში დასველების, ყველაფერი, ბოლოს, მაინც სიკვდილის შიშამდე დადის.
როცა ჩვენ რამის გვეშინია, სინამდვილეში სიკვდილის გვეშინია. ოღონდ იმ მომენტში ეს არ გვაქვს გაცნობიერებული.
ანუ, როცა ჩვენ გვეშინია წარუმატებლობის, მარცხის და ამის გამო უარს ვამბობთ მოქმედებაზე, როცა გვეშინია საზოგადეობის მხრიდან გაკიცხვის, დაცინვის, არასწორად გაგების და ამის გამო უარს ვამბობთ ოცნებაზე, ჩვენ სინამდვილეში სწორედ სიკვდილის შიშის გამო ვიხევთ უკან და ვეგუებით არასასურევლ რეალობას. ჩვენ სიკვდილის შიშით ვექცევით მონური აზროვნების ჩარჩოებში.
და თუ ადამიანი აზროვნებით არის მონა, მაშინ არა აქვს მნიშვნელობა სად და რა პირობებში აღმოჩნდება. გარემო ვერ მოხსნის მას შინაგან ბორკილებს და ვერ აქცევს თავისუფალ ადამიანად.
ამიტომ, თუ გვინდა ვიყოთ თავისუფალი, ბედნიერი, მდიდარი, წარმატებული ადამიანები, მაშინ წარმოდგენაშიც კი არ უნდა დავუშვათ სხვა ალტერნატივა, რაც არ უნდა გაუსაძლისად გვეჩვენებოდეს ის გარემო, რომელშიც ვიმყოფებით.
ყოველთვის, როცა ვიტყვით ან გავიფიქრებთ, რომ ჩვენი პრობლემების, წარუმატებლობების მიზეზი არის ცუდი მთავრობა, მაღალი გადასახადები, დაბალი ხელფასები, ფასების სიძვირე, უმუშევრობა, კაპასი ცოლი, უვარგისი ქმარი, უჟმური მეზობელი, უგულო შეფი და ა.შ. შევეცადოთ ჩავიხედოთ ჩვენი ისტორიის სიღრმეებში და თვალი გავუსწოროთ იმ გოგო–ბიჭებს, რომლებიც სრულიად ნორჩები უღვთოდ ააგლიჯეს დედის მკერდს, მოწყვიტეს მშობლიურ მიწას, მეგობრებს, ნათესაობას, ჩვეულ გარემოს და გადახვეწეს უცხოეთში, სადაც აღმოჩნდნენ მტრულ გარემოცვაში, მონურ, დამამცირებელ მდგომარეობაში… შევეცადოთ ავუხსნათ მათ, თუ რა არის ტკივილი, ტანჯვა, პრობლემა და შევეცადოთ გავაგებინოთ, რომ ჩვენი წარუმატებლობების მიზეზი ის არახელსაყრელი გარემოებებია, რომელშიც ჩვენი „უბედობის„ გამო აღმოვჩნდით…
და თუ ისინი საერთოდ პასუხის ღირსად ჩაგვთლიან, დარწმუნებული ვარ გვიპასუხებენ, რომ ბედნიერებისათვის არც ფიზიკურად მონობაა შემაფერხებელი და არც ფიზიკური თავისუფლება საკმარისი. ადამიანი პირველ რიგში შინაგანად, სულიერად და აზროვნებით უნდა იყო თავისუფალი, აღსავსე რწმენით, რომ შენ ბედნიერებისთვის, სიყვარულისთვის, წარმატებისთვის ხარ გაჩენილი და რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა დანებდე და იბრძოლო ბოლომდე შენი ოცნებებისთვის, შენი მიზნებისათვის.
საინტერესო ფაქტები: ძლევამოსილების ზენიტში მყოფი „ქარიშხლის დამაოკებლისა“ და „ორი ზღვის ყაენის“ ალი ბეი ალ–ქაბირის დამარცხება, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ეგვიპტის მბრძანებელს საკუთარი სიძე, თავისივე გაზრდილი მამელუქი მუჰამედ ბეი აბუზაჰაბი აუჯანყდა.
„აღმოსავლეთის მზედ“ წოდებული დაუდ–ფაშას დამარცხება კი თურქთა იმპერიის სახელგანთქმულმა მთავარსარდალმა ალი–რიზამ შეძლო.
საინტერესო კი ის არის, რომ ბედის ირონიით, უცხო ქვეყნებში მბრძანებლებად ქცეული დიდი ქართველების დამმარცხებლები, მუჰამედ ბეი აბუზაჰაბიც და ალი–რიზაც ქართველები იყვნენ…
მრავალნატანჯი საქართველოს მრავალტანჯული, მაგრამ შეუდრეკელი სულის შვილები…
ავტორი: ხვიჩა მებონია