fbpx

“სიურრეალიზმი ეს მე ვარ”_ სალვადორ დალი

ავტორი ნინო გონგაძე
164 ნახვა

სალვადორ დალი საკუთარ თავს “ღვთაებრივ დალის” ეძახდა. სურდა ერთი შეხედვით ეცნოთ და არავისში შეშლოდათ, ამიტომ ატარებდა გრძელსა და აპრეხილ ულვაშებს, უცნაურ სამოსს, ქუდს, ხშირად აწყობდა სკანდალებს. ხატავდა თავის მოგონებებს, შიშებს, ოცნებებს, საოცარ შეგრძნებებს, ილუზიებს და სიზმრებსაც კი.

1982 წელს ესპანეთის მეფემ, ხუან კარლოსმა, დალის მარკიზ დე პუბოლის ტიტული მიანჭა. აფორმებდა მოდების ჟურნალებს- “ვოგსა” და “ჰარპერზ ბაზაარს”, ქმნიდა სუნამოს ფლაკონებს. საკუთარ თავს გენიოსად მიიჩნევდა, გარშემომყოფნი კი შეშლილად და უგუნურად თვლიდნენ. ამის პასუხად დალი ამაყად აცხადებდა, ჩემსა და შეშლილს შორის ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მე შეშლილი არ ვარო. უმეტესობა გენიოსად მიიჩნევს, თუმცა ოპონენტებიც ჰყავს. ისინი აცხადებენ, რომ დალის იმაზე მეტ ყურადღებას აქცევდნენ, ვიდრე იმსახურებდა.

სამშობლოში ისე არ სცემდნენ თაყვანს, როგორც მის ფარგლებს გარეთ. ესპანეთში მოღალატესაც კი ეძახდნენ იმის გამო, რომ ფრანკოს ფაშისტურ რეჟიმს უჭერდა მხარს.

საკუთარ თავს დიდ პროვოკატორს უწოდებდა და ამბობდა, რომ დედის მუცელშივე პროვოკატორი იყო.

სალვადორ ფილიპ ხასინტო დალი ი დომენიჩი 1904 წლის 11 მაისს კატალონიის პატარა ქალაქ ფიგერასში დაიბადა. მამა პატივსაცემი ნოტარიუსი იყო. ბიჭუნას დედა, დეიდები და ბებია ერთობლივად ზრდიდნენ. დალის ერთი უმცროსი და ჰყავდა- ანა-მარია, ძმა კი მის დაბადებამდე გარდაიცვალა. ანა-მარია მისი ბავშვობის საუკეთესო მეგობარი იყო, შემდეგ კი მისთვის პოზირებდა.

დალი ძალზე განათლებული ბავშვი იყო. ფსიქოლოგია, ფილოსოფია და პოლიტიკა აინტერესებდა. კლასელები მასთან არ მეგობრობდნენ, მეტისმეტად თავდაჯერებულად და ამაყად მიაჩნდათ. 17 წლისას დედა კიბოთი გარდაეცვალა, ეს დიდი ტრაგედია აღმოჩნდა მისთვის. კიდევ უფრო მძიმე ის იყო, რომ მამამისმა ცოლად გარდაცვლილი ცოლის და შეირთო.

დალის ხატვის ნიჭთან ერთად ლიტერატურის ნიჭიც აღმოაჩნდა, ლექსებს წერდა. 15 წლისა მეგობრებთან ერთად ჟურნალს გამოსცემდა. იქ გოიასა და დიურერზე აქვეყნებდა სტატიებს. შემდეგში მისი სათაყვანებელი მხატვარი ველასკესი გახდა. არ არის გამორიცხული, რომ აპრეხილი ულვაშებით სწორედ ველასკესს ჰბაძავდა.

მორიდებული ბავშვი იყო თუმცა საკუთარი საქციელით ახლობლების შეძრწუნება ბავშვობაშივე შეეძლო. მისი და წერდა, რომ სალვადორი უკვე დიდი იყო, მაგრამ თავის თანატოლებთან შედარებით ბავშვად რჩებოდა. მისი ბავშვობა სულაც არ იყო ისეთი პირქუში, როგორც შემდეგში თვითონ წერდა.

პირველი გამოფენის შემდეგ მამამ სასწავლებლად მადრიდში, ხელოვნების აკადემიაში გაგზავნა. საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობისთვის იქიდან ორჯერ გარიცხეს. მასწავლებლებიც უჩიოდნენ, რადგან პრინციპულად არ პასუხობდა შეკითხვებზე- ამ საკითხზე თქვენზე მეტი ვიციო.

თავდაპირველად კუბიზმით დაინტერესდა, პარიზში ჩასვლის შემდეგ სიურრეალისტებთან გადაინაცვლა და ყველგან ამაყად ამბობდა, რომ მათ შორის საუკეთესო იყო.

“სიურრეალიზმი ეს მე ვარ”,- განაცხადა მან ამერიკაში, თუმცა თავად ველასკესსა და რაფაელს ეთაყვანებოდა.

დალის მუზა, სულიერი მეგობარი და თანამოაზრე მასზე 10 წლით უფროსი, გათხოვილი ქალი- გალინა დიაკონოვა, გალა იყო. წარმოშობით რუსი, არისტოკრატი. მათ ერთმანეთი 1929 წელს გაიცვნეს. გალა მაშინ ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე გახლდათ. გალა დალის მოდელი გახდა, ისინი მალე დაახლოვდნენ და არასოდეს დასცილებიან ერთმანეთს. ამ ქალის გამო სალვადორი მამამ სახლიდან დაითხოვა.

1934 წელს ისინი დაქორწინდნენ და საოცარი ქორწილიც გადაიხადეს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დალი მეუღლესთან ერთად ამერიკაში(კალიფორნიაში) გადაბარგდა, სადაც ცოლ-ქმარმა 9 წელი დაჰყო. მათ შვილები არ ჰყავდათ. “გენიოსების შვილები არასოდეს არაფრით გამოირჩევიან,- განაცხადა დალიმ, – არ მინდა ეს კიდევ ერთხელ დავამტკიცო. საკუთარი თავის მემკვიდრე მხოლოდ მე ვარ”.

1942 წელს დალი გამოსცემს ავტობიოგრაფიულ რომანს “სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება”. მისი ლიტერატურული ცდები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

გარდა მხატვრობისა და ლიტერატურისა, დალი დაკავებული იყო სიურრეალისტური ფილმების გადაღებით. 1929 წელს პარიზში მოეწყო მისი ფილმის “ანდალუსიური ძაღლი” ჩვენება, რომელმაც მხატვარს დიდი წარმატება მოუტანა.

მოგვიანებით, თავის მუზას სასახლე უყიდა და გალა ახალგაზრდა მამაკაცების გარემოცვაში ბევრ დროს იქ ატარებდა. უკვე 70_ის იყო, მაგრამ რაც უფრო ბერდებოდა, მით მეტი სიყვარული სურდა. თავის ახალგაზრდა საყვარლებს სახლებსაც კი ჩუქნიდა.

დალის ცხოვრებაში დედის სიკვდილის შემდეგ ყველაზე მძიმე პერიოდი 1982 წელი იყო, როცა გალა გარდაიცვალა და ანდერძად დატოვა, რომ პუბოლში იმ ციხესიმაგრეში დაესაფლავებინათ, რომელიც მას დალიმ აჩუქა. ესპანური კანონებით კი, გვამის მაშინვე გადასვენება აკრძალული იყო. გალა კადილაკის უკანა სავარძელზე ისე დასვეს, როგორც ცოცხალი, ისე გადაიყვანეს პუბოლში და აკლდამაში დაკრძალეს.

გალას გარდაცვალების შემდეგ დალი თავის ციხესიმაგრეში განმარტოვდა. აღარ ჭამდა, ყვიროდა, ძლივს ლაპარაკობდა, ტიროდა… გალა დალის უახლოესი ადამიანი იყო, მას აღმერთებდა. ამ ქალს დალის დემონად, ჯადოქრად მიიჩნევენ, რადგან მხატვარს სკანდალებისკენ უბიძგებდა, თუმცა არაკეთილმოსურნენიც კი ერთხმად აღიარებენ, რომ გალას გამოჩენამ დალის ცხოვრება შეცვალა. იგი ლამაზი არა, მაგრამ განსაკუთრებული ქალი იყო.

სალვადორ დალიმ გალას შემდეგ 7 წელი იცოცხლა. იგი პარკინსონით იყო დაავადებული. 1989 წლის 23 იანვარს მხატვარი გულის შეტევით გარდაიცვალა. ის დაკრძალულია ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოში. თავისი ქონება და ნახატები ესპანეთს დაუტოვა, ესპანეთის მთავრობას მოელაპარაკა, თუ გადასახადებს არ გადაახდევინებდნენ, ყველაფერს დაუტოვებდა.

დალის სიხარბეზე ლეგენდები დადის. ერთმა ამხანაგმა მეტსახელად “დოლარებზე დახარბებული” შეარქვა. ამბობენ, რომ ხარბი იგი გალამ გახადა. ჭაბუკობისას ფულისადმი სრულიად გულგრილი იყო. გალა მისი მენეჯერი გახლდათ, მას პათოლოგიურად უყვარდა ფული.

დალი თურმე არც თაღლითობაზე ამბობდა უარს. დღეს სალვადორ დალის ბევრი ნახატის ადგილსამყოფელი არავინ იცის. ზოგიერთ კატალოგში მითითებულია, რომ მისი რამდენიმე ნახატის ზუსტი ზომა უცნობია. ეს კი ყალბი ნახატის ორიგინალურისგან გამოსარჩევად აუცილებელია. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ამ უმდიდრეს ადამიანს ფულისთვის თაღლითობაც შეეძლო.

ერთხელ უთქვამს კიდევაც:”ძალიან მდიდარი ვარ, მაგრამ მაინც უსაზღვროდ მიყვარს ფული და ოქრო”.

1974 წელს საფრანგეთ-ანდორის საზღვარზე, საბაჟოზე, ფურცლებით სავსე დიდი სატვირთო მანქანა დააკავეს. ცარიელ ფურცლებს სალვადორ დალის ხელმოწერა ამშვენებდა. როდესაც ისინი გადათვალეს, გაოცდნენ- 40 000_ზე მეტი იყო. სულ მალე გაირკვა- 10 დოლარის ფასად სუფთა ფურცელს თვით დალი აწერდა ხელს, საათში კი ათას ხელმოწერას ასწრებდა. ეს გახმაურდა და მისი ნახატების ფასი მთელ მსოფლიოში დაეცა. მიუხედავად ამისა, მაინც ყველაზე ძვირი ღირდა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment