fbpx

“წარსულს ვერ გავაქრობთ… მისგან ბევრი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი”…

ავტორი ჟოლო
80 ნახვა

წარსულს ვერ გავაქრობთ. მისგან ბევრი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი.

ძალიან დიდი ხანი, ლამის მთელი სიცოცხლე მასზე ტირილში გავატარე, იმ არსებას ვგავდი, რომელიც ჭაობში ჩავარდა და ამის გამო გულამოსკვნით გოდებდა და ნელი ტანჯვით მორჩილად ელოდა სიკვდილს.

ერთ, მართლაც მშვენიერ დღეს, რაღაც ხავსისმაგვარი შევამჩნიე ჭაობის პირას. როდესაც ხელი ვტაცე, იმედით, რომ თავს ცოტახნით მაინც დავაყოვნებდი სუფთა ჰაერის სასუნთქად.

ხავსის ნაცვლად კი ხის მყარი ფესვი შემრჩა.

გამოცოცხლებულმა ბოლო ძალაც მოვიკრიბე, ზამბარასავით შევკუმშე ტალახით შებოჭილი სხეული და ფესვს ორივე ხელით ჩავებღაუჭე… სიცილ-ტირილით მივიწევდი ზემოთ, ირგვლივ ვავლებდი ფართოდ გახელილ თვალებს-ჩემს გარშემო ულამაზესი სამყარო გადაშლილიყო, ფერთა გამას დასასრული არ უჩანდა…როდესაც ტალახი ყურებიდან მომცილდა, ბუნების სასწაული ხმები გავიგონე: ჰარმონიულად ენაცვლებოდა ერთმანეთს ხეთა, ფოთოლთა, ბალახთა, ცხოველთა, ფრინველთა და ნაკადულების ჩურჩულ-ბუბუნი…

პირველი რაც გავაკეთე, როდესაც ხასხასა ბალახზე ფეხი დავდგი, იქვე მოჩუხჩუხე ნაკადულში გადავეშვი… გამალებული ვირეცხდი წარსულის ტალახს ყურებიდან, ცხვირის ნესტოებიდან, თვალებიდან, მთელი სხეულიდან და ვტკბებოდი ბუნების სისუფთავის სურნელებით…..

დავნავარდობდი უფლისგან ნაბოძებ ჩემს ახალ სამყაროში და ვხარობდი ჩემი არსებით….. მაგრამ, ხანდახან მაინც მიწევდა ჭაობის სიახლოვეს გავლა, რომელიც კვლავ თავისკენ მეძახდა… შეშინებული უმალ თვალს ვარიდებდი და გზას ვაგრძელებდი… თუმცა, გონების რომელიღაც კუნჭულში მაინც მიტოვებდა თავის თავზე ფიქრს… მაინც არ მასვენებდა-რამდენადაც მხარს ვუქცევდი, იმდენად მიხშირებდა მასზე ფიქრებს. უზომოდ მღლიდა ეს ყველფერი…

ერთ დღესაც, მოვიკრიბე ძალა და მივუახლოვდი ჭაობს. მსურდა, ერთხელ კიდევ მომესმინა მისთვის, რომ ბოლოსდაბოლოს დამესრულებინა მისი გაუთავებელი შემოჭრები ჩემს ახალ ცნობიერებაში…

თან გრძელი ჯოხი წავიყოლიე, თავის დასაცავად, ისევ ჩემი ჩათრევა რომ ეცადა….

მივუახლოვდი, ჩამოვუჯექი და მივაშტერდი უსიტყვოდ… მელოდა და მერე როგორ!!! ამომიყარა ყველფერი, წინ დამილაგა სენტიმენტები, გრძნობები, ემოციები, ზუსტად ისინი, რამაც ისე დამაკარგვინა საკუთარი თავი, საბოლოოდ მის წიაღში აღმოვჩნდი და კი იცით, როგორი წვალებით დავიხსენი ბოლოს თავი…

ძალიან ძლიერია, ძალიან! უდიდესი მანიპულატორია! ვატყობდი, ისევ მოქმედებას იწყებდა ჩემზე, ისევ მიზიდავდა თავისი წიაღისკენ, რომ უეცრად რაღაც მოძრაობა ვიგრძენი ზურგს უკან: ზურგით იმ ფესვს მივყრდნობოდი,რომელმაც ამ ჭაობში დახრჩობისგან მიხსნა.უეცრად გამოვფხიზლდი გიპნოზური მდგომარეობიდან და ბედნიერმა ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით, ჭაობთან თამაში გადავწყვიტე: ჯოხი, რომელიც მისგან დასაცავად წამოვიღე,მყარად მოვიმარჯვე ხელში და დავიწყე ჭაობში ფათური. აიპოდის ფანქარივით ვატრიალებდი ხის ნივთს და სლაიდებად ვუშვებდი ნაგვის ურნაში უკვე დაობებულ, ჭაობისგან აშმორებულ ფაქტებად ქცეულ, არაფრის მომცემ ფიქრებს…. ზოგიერთ ფაქტს კი სპეციალურად შერჩეულ ადგილას ვდებდი, რომელიც, ზუსტად ვიცოდი გაკვეთილად გამომადგებოდა.

არ მახსოვს, რამდენი ხანი ვიჯექი ასე. თვალების ტკივილმა გამომაფხიზლა… მჯიღებით მოვიფშვნიტე და დაღლილი მზერა გარემო მოვავლე. გაოცებისგან ადგილზე გავიყინე-ჭაობის ადგილას ახალ ნიადაგზე პატარა ჯეჯილი ბიბინებდა…

მეტად გახარებულმა ჩემს ჩხირზე ავკინძე გამოსადეგი ფაქტები, ნაჭაობას კოცნა გავუგზავნე და რევერანსით დავემშვიდობე…

სწორედ მაშინ გულის არეში, მთლიანი მკერდის არეალში, მეც ვიგრძენი ძლიერი ტალღები, რომელსაც უდიდესი ჰარმონიის, თავისუფლებისა და სიყვარულის შეგრძნება მოჰქონდა მთელს ჩემს არსებაში და მივხვდი, გულის ადგილას ჩემი ლოტოსის ყვავილი გაშლილიყო, რაც მანიშნებდა, რომ მე საბოლოოდ მეპოვა ჩემი თავი……… და, რომ ჩემს ბუდას გაეღვიძა საუკუნოვანი ძილიდან…….

ავტორი: არო ხაჩიურიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment