fbpx

„ყველას რომ ეგონა დავეცემოდი, სწორედ მაშინ დავიწყე ცხოვრება“ — ანა ებანოიძე

ავტორი დეა თავბერიძე
0 ნახვა

ნიღბები, დრესკოდი, შავი უზარმაზარი ტორტი და 70 უმშვენიერესი ქალბატონი… ეს ყველაფერი „შენიღბული ქალის ჩუმი ღამიდანაა“- იმ დაბადების დღიდან, რომელმაც ქუთაისი კიდევ ერთხელ აალაპარაკა.

თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ამ შთამბეჭდავი წვეულებების მიღმა დგას ქალი, რომელმაც ყველაზე რთული ბრძოლა საკუთარ თავთან მოიგო.

მამის დაკარგვა, მძიმე დიაგნოზი, სამი შვილი და ცხოვრება, რომელიც ერთ დღეში შეიცვალა…

ახლა კი თავად სურს იმ ქალების მომავალი შეცვალოს უკეთესობისკენ, რომლებიც თავს მიტოვებულად, ცხოვრებისგან დაჩაგრულად და უსუსურად გრძნობენ. როგორც თავად ამბობს ამ დიდ სურვილს ძალიან მალე განახორციელებს.

ამაზე ცოტა ქვემოთ მოგითხრობთ.

ახლა კი გავიგოთ ვინ არის ქალი, რომლის დაბადების დღეები ყოველ ჯერზე განხილვის თემად იქცევა?

ანა-ანუკა ებანოიძე: პირველ რიგში ვარ სამი შვილის ბედნიერი დედა. ყველაზე მეტად კი ვამაყობ იმით, რომ შოთა ებანოიძის შვილი მქვია.

მამა არაჩვეულებრივი ხელოვანი იყო – ქორეოგრაფი, მხატვარი, მუსიკოსი, სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე, ოპერის თეატრის რეპეტიტორი. ქუთაისში სწორედ მან დააარსა ქუჩის ბალეტი „X+97“. ვინც არ მიცნობს, ყოველთვის ასე ვეცნობი: „მე ვარ ანა ებანოიძე, შოთა ებანოიძის შვილი.“ იმავეს ვასწავლი ჩემს შვილებსაც – სადაც უნდა იყვნენ, თავაწეულებმა თქვან, ვისი შვილები არიან.

მამა, ჩემი ცხოვრების მთავარი მაგალითი და დღემდე ჩემი მამოძრავებელი ძალაა.

– თქვენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი როდის დაიწყო?

– სამი წლის წინ მამა დამეღუპა, მალევე ექიმებმა საკმაოდ მძიმე დიაგნოზი დამისვეს – თავში კეთილთვისებიანი სიმსივნე აღმომაჩნდა. სამი დღე აგონიაში ვიყავი. ვფიქრობდი, რატომ მე?! მერე ჩემმა შვილმა მითხრა: „ანა, ჩვენ ვერცერთი გიშველით, თუ შენ თვითონ არ ადგები ფეხზე.“ ამ სიტყვებმა შემძრა. უფრო ზუსტად, იმ წამს გავმწარდი, – ჩემმა შვილმა როგორ გამიმეტა ამ სიტყვებისთვის- მეთქი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ სწორედ ეს სიტყვები გახდა ჩემი გადარჩენის დასაწყისი. იმ დღიდან გადავწყვიტე, აღარ დავნებებულიყავი, მებრძოლა.

როცა ყველას ეგონა, რომ დავეცემოდი, სწორედ მაშინ დავიწყე ცხოვრება თავიდან.

– რთული იყო ბრძოლა?

– ძალიან, მაგრამ ერთი რამ გავიაზრე – ყველაზე რთული ბრძოლა საკუთარ თავთანაა და სწორედ ამ ბრძოლაში იბადება გამარჯვება.

როდესაც გადაწყვეტილება მივიღე, რომ არ დავნებდებოდი ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვალა… სადაც უფასო ტრენინგს ვნახავდი, ყველგან მივდიოდი. სამი შვილი მყავდა გასაზრდელი და არ მქონდა საშუალება ტრენინგებში ფული გადამეხადა. ასე თვითგანვითარებით გადავირჩინე თავი. საკუთარ თავს მოდუნების უფლებას არ ვაძლევდი. ვიცოდი, თუ გავჩერდებოდი, ტკივილიც და შიშიც ისევ დამიბრუნდებოდა.

როცა ამ რთული და მძიმე პერიოდის შემდეგ ფეხზე წამოვდექი, გადავწყვიტე მომეძებნა სამსახური. კარგი სამეგობრო წრე მყავს და ბევრი გვერდში დამიდგა,  ბევრმაც ზურგი მაქცია.

იმ პერიოდში ქუთაისში იხსნებოდა „მათე მოტორსის“ ცენტრი, ბედი ვცადე,   შეხვედრაც ჩაინიშნა და სასურველი კანდიდატი აღმოვჩნდი. იმ დღიდან ქუთაისის „მათე მოტორსის“ ხელმძღვანელი ვარ. არასდროს დამავიწყდება ბატონი გელა ბარკალაიას სიტყვები: „ანა შენ მამა დაგეღუპა, მაგრამ ჩათვლე ჩემი სახით შენს გვერდით შენი მამა დგას“… ეს ჩემთვის უდიდესი მხარდაჭერა იყო.

– ანა, ივენთების ორგანიზება, როდის და როგორ გადაწყვიტეთ?

– ყოველთვის მიყვარდა სცენა, შემოქმედება, დეტალებზე ფიქრი. ისეთ ოჯახში გავიზარდე შეუძლებელია სხვანაირად ყოფილიყო. დედა, რომელმაც მოგვიანებით მთელი ცხოვრება მე და ჩემს შვილებს მოგვიძღვნა, ოპერის თეატრის ბუტაფორი იყო, დეკორაციებს აკეთებდა, მამა ხელოვანი, ამიტომ ეს ყველაფერი, როგორც იტყვიან სისხლში მაქვს.

პირველად საკუთარი დაბადების დღე გავაკეთე ისე, როგორც მინდოდა, დაბადების დღის მეორე დღეს ერთ-ერთი სასტუმროდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს – ჩვენი ღონისძიებაც შენ დაგეგმეო… გამეცინა და გამიხარდა, რადგან ეს ჩანაფიქრი დიდი ხანი მქონდა, ძალიან მინდოდა შემექმნა საიტი, სადაც ხმამაღლა დავაანონსებდი, რომ მე ანა ებანოიძე ვარ კრეატიული ივენთ მენეჯერი. რამდენიმე ხანში ასეც გამომივიდა, ღმერთის წყალობით.

 ახლა უკვე საკუთარი საქმის განვითარებაზე ვზრუნავ.

ქუთაისში იციან რომ შეუძლიათ მომმართონ მე, იქნება ეს დაბადების დღე, ქორწილი, ნიშნობა თუ ნებისმიერი მნიშვნელოვანი დღე…. და ბევრად მეტს მიიღებენ , ვიდრე ელიან, რადგან ეს საქმე ჩემია, მასში თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ და რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ მთელი გულით და დიდი სიყვარულით.

– თუმცა, როგორც ვიცი კიდევ გაქვთ ერთ სურვილი, რომლის განხორციელებსაც გეგმავთ

– დიახ, მინდა დავაფუძნო სივრცე იმ ქალებისთვის, რომლებიც ცხოვრების რთულ ეტაპს გადიან. ადგილი, სადაც ფსიქოლოგები, სხვადასხვა თერაპია, მხარდაჭერა და განვითარება სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ეს ჩემი გულის პროექტია და მინდა, მამაჩემის დაბადების დღეს – 6 სექტემბერს – წარვადგინო.

– რას ეტყოდით იმ ქალებს, რომლებიც ახლა ცხოვრების რთულ გზას გადიან?

– როდესაც მამა გარდაიცვალა ბევრს ეგონა რომ წავიქცეოდი, ან უცხოეთში წავიდოდი. მეზიზღება ემიგრაცია, რადგან მამა ემიგრაციაში დამეღუპა. არ წავედი უცხოეთში, დავრჩი და ჩემს გასაკეთებელს ჩემს ქვეყანაში ვაკეთებ. მთავარია ადამიანმა მოინდომოს და შეუძლებელსაც შეძლებს.

არასოდეს დაელოდოთ, რომ ვინმე გადაგარჩენთ. ყველაზე ძლიერი საყრდენი საკუთარი თავია. თუ მიზანს დაისახავ, შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ – მწვერვალზე ერთ დღეში ვერავინ ადის, წარმატება ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნება.

– და ბოლოს… რა არის ის ერთი ჩვევა, რომელმაც თქვენი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა?

– ჯინიანობა, ძალიან ჯინიანი ვარ. ჩემმა ჯინიანობამ გამხადა ისეთი როგორიც ვარ, ცოტათი უშიშარიც.როცა მეუბნებიან: “შენ ვერ შეძლებ ამას! – სწორედ მაშინ ვპოულობ ჩემში ყველაზე დიდ ძალას, ალბათ ეს არის ჩემი მთავარი მამოძრავებელი, მე ზუსტად იმას შევძლებ რაც სხვებისთვის შეუძლებელია.

Ani events concept

მსგავსი სტატიები

Leave a Comment