fbpx

“გთხოვთ, ეს ლექსი მიიღოთ, როგორც სამადლობელო იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენგან ასე უანგაროდ ვიღებ”- ტარიელ ხარხელაური

ავტორი ნინო გონგაძე
32 ნახვა

“ვფიქრობ, რომ ეს ლექსი შედარებით სრულად გამოხატავს დამოკიდებულებას თქვენდამი.
გთხოვთ, ეს ლექსი მიიღოთ, როგორც სამადლობელო იმ სიყვარულისთვის და სითბოსთვის, რომელსაც თქვენგან ასე უანგაროდ ვიღებ-მიუხედავად იმისა, მეკუთვნის თუ არ მეკუთვნის”- წერს სოციალურ ქსელში პოეტი ტარიელ ხარხელაური და თავის ახალ ლექსს აქვეყნებს.

მომიტევეთ- თუ ვინმეს სიყვარული დავაკელ,
გულს ფიქრისთვის ზედმეტად
რთულ სივრცეებს ვანდობდი,
ახლა თითქმის მზადა ვარ
ზეცა თავზე დამატყდეს –
ზეცა გაბეზრებული ჩემი ცვალებადობით.
მომიტევეთ -თუ ვინმეს ტკივილს ვუნაწილებდი,
წუთისოფლით ვცხოვრობდი და მიმძიმდა ტარება,
ჩემში აღარც სისხლია, აღარც სითბო მცირედი –
ჩემიდან მზე გადის და, ტოვებს გარდაცვალებას.
მომიტევეთ- თუ ვინმეს გულზე ცრემლი მოვფინე,
ისეთ დროში ვიცხოვრე, მღლიდა უამინდობა,
მომიტევეთ- ჩემს მოსვლას ეჭვით შეხვდა მსოფლიო,
თქვენი ყველა ტკივილის ჩემად ყოფნა მინდოდა…
მომიტევეთ- დღეს სული ისე გაძარცვულია,
ისე თავზარდამცემი – მზერა მიადვილდება,
მეჩვენება მარტივად ის, რაც რთულზე რთულია,
გამიმძაფრეს ხილვები სისხლიანმა მინდვრებმა.
მომიტევეთ- ბევრი რამ დამრჩა მისატევები,
თითქოს ჯავრი იყარა წუთისოფლის თემიდამ,
დაღვრილია სისხლი და, დაღვრილია ცრემლები –
დაღრუბვლილი გავდივარ წუთისოფლის სცენიდან.
მომიტევეთ -თუ ვინმეს სიყვარული დავაკელ,
გულს ფიქრისთვის ზედმეტად
შორ სივრცეებს ვანდობდი,
ახლა უკვე მზადა ვარ
ზეცა თავზე დამატყდეს-
ზეცა გაბეზრებული ჩემი ცვალებადობით.

თქვენით სავსე და უთქვენოდ მტვერზეც მცირე.

ტარიელ ხარხელაური

Tariel Kharkhelauri-(ი)ს ფოტო.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment