„არასდროს დამავიწყდება ის დრო, როცა ჩემში ოცნება ჩაისახა – დაახლოებით 9 წლის წინ, როცა პირველად დავესწარი ტრენინგს ადამიანის პიროვნული ზრდის სფეროში.
მახსოვს, როგორი მონუსხული ვუსმენდი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითოეულ ჩვენგანში არსებობს უნარი, რომელსაც დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს ცხოვრებაზე და გარე სამყაროზე. თითქოს ჩემში ჩამალული იმ “ჯადოსნური” ძალების შესახებ შემახსენეს, რომლის არსებობისაც ბავშვობაში მჯეროდა. იმ დღიდან კი, ჩემს ზრდასრული ადამიანისთვის დამახასიათებელ, პასუხისმგებლობებით სავსე რუტინულ და ერთფეროვან ცხოვრებაში იმედის სხივი შემოიჭრა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს მთავაზობდა. მეც მთელი მონდომებით ჩავები საკუთარ თავზე მუშაობაში. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მივაგენი საიდუმლოს, რომლის შესახებაც ძალიან ცოტამ იცოდა. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ გამიჩნდა ოცნება ეს საიდუმლო სხვებისთვისაც გამეზიარებინა. წარმოვიდგენდი როგორ ვიდექი ადამიანების წინ, ვესაუბრებოდი და შედეგად მათი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლებოდა.
არ ვიცოდი, განათლებით ტანსაცმლის დიზაინერი და იმ დროს პეპსის ბუღალტერიის განყოფილებაში მომუშავე, როგორ შევძლებდი ამის განხორციელებას, თუმცა ოცნებას ჩავებღაუჭე და მასთან ერთად გადავხტი…
ამ ტრენინგის განმავლობაში, ერთ-ერთი სავარჯიშოს დროს, შემაღლებულ ადგილზე უნდა ავსულიყავი და ზურგით გადმოვმხტარიყავი იმის იმედით, რომ ქვევით მდგარი ტრენინგის დანარჩენი მონაწილეები ერთმანეთზე გადაჯაჭვული ხელებით დამიჭერდნენ. მუხლები მიკანკალებდა, ძლივს ვსუნთქავდი და თავში მხოლოდ ის აზრი მიტრიალებდა, რომ დავიმტვრეოდი. შემდეგ კი, თვალწინ ჩემი ოცნება დამიდგა… და გადავხტი. ამით ის გადაწყვეტილება მივიღე, რომ მას მივნდობოდი, მაშინაც კი, თუ ძირს დავენარცხებოდი.
დამიჭირეს, და სახლში ჩემს ოცნებაზე ხალჩაკიდებული წამოვედი.
მას შემდეგ წლები გავიდა. ჩემმა ოცნებამ სად აღარ მატარა. რა არ მოვსინჯეთ; რას აღარ მივედ-მოვედეთ; და სად არ შევაბიჯეთ და შემდეგ “გამოვაბიჯეთ”. გული ვერაფერს დავუდე. ბევრმა ჩათვალა, რომ მეოცნებე ვიყავი, რომელიც რეალურს ვერაფერს შექმნიდა. მეც ბევჯერ დავეჭვდი, საკუთარ თავს ვეკითხებოდი: – ნუთუ ვცდები და ვერასდროს ვიპოვი იმას, რასაც ვეძებ? იქნებ ეს ყველაფერი ილუზიაა და მეტი არაფერი? მაგრამ ამ ფიქრების მიღმა, გულის სიღრმეში, ვგრძნობდი, რომ მე ვიცოდი ის, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ, და ამ ხმას ბოლომდე მივსდიე ისეთ ბურუსშიც, სადაც მომდევნო ნაბიჯის გადადგმაც კი ჭირდა… ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედი აქამდე. დღეს კი, ის, რაც ამდენი წლის განმავლობაში გულით ვატარე, ჩემი რეალობაა – ადამიანებს ვესაუბრები, ვახსენებ იმ შესაძლებლობებს, რაც მათში მიძინებული და დავიწყებულია, – და შედეგად მათი ცხოვრებაც უკეთესობისკენ იცვლება.
ის უძილო ღამეები, შფოთვა და თითქოს თავგზააბნეული ხეტიალი ამად ღირდა! მე ხომ ამ გზამ ჩემი თავი, ჩემი საქმე და ჩემი ცხოვრება მაპოვნინა.
გჯეროდეს, უსმინე, მიენდე.
დაე გეპოვოს შენი გზა…
გვანცა მამაცაშვილი