fbpx

დიდი ისტორია მტრობასა და მეგობრობაზე

ავტორი ჟოლო
46 ნახვა

ისინი ესპანელები არიან: პლაჩიდო დომინგო – მადრიდელია, ხოსე კარერასი კი, კატალონიელი. 1984 წელს სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის გამო ეს ორი სახელგანთქმული ტენორი ლამის მოსისხლე მტრად გადაეკიდა ერთმანეთს. დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ ორივე მომღერალმა კონტრაქტში ჩაწერა შემდეგი მოთხოვნა: მსოფლიოს რომელ ქვეყანაშიც არ უნდა გამართულიყო მათი კონცერტი, ერთი მათგანი მასში მონაწილეობაზე მხოლოდ მაშინ დათანხმდებოდა, თუ მეორე მომღერალი არ იქნებოდა მიწვეული. 

1987 წელს ხოსე კარერასს უფრო საშიში მტერი გამოუჩნდა, ვიდრე ეს პლაჩიდო დომინგო იყო: მომღერალს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. მან რთული მკურნალობის რამდენიმე კურსი ჩაიტარა, მათ შორის ზურგის ტვინის გადანერგვა და სისხლის გაფილტვრა, რის გამოც იძულებული გახდა, თვეში ერთხელ აშშ-ში გადაფრენილიყო.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კარერასი კონცერტებზე ვეღარ გამოდიოდა, მკურნალობაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მომღერალი მალე ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. ის იძულებული იყო მიემართა მადრიდში იმჟამად დაარსებული საქველმოქმედო ფონდისათვის, რომელიც ლეიკემიით დაავადებულებს ეხმარებოდა.

სწორედ ფონდ “ხერმოზას” დამსახურება იყო ის, რომ კარერასმა სძლია უკურნებელ სენს და მისი ხავერდოვანი ხმა ისევ აჟღერდა. როცა მომღერალი ფინანსურად ისევ გაიმართა წელში, მან გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო ამ ფონდის მუშაობაში და თავისი წვლილი შეეტანა ლეიკემიით დაავადებული ადამიანების მკურნალობაში. როცა კარერასი ფონდ “ხერმოზას” ოფისში მივიდა, შეიტყო, რომ ფონდის დამფუძნებელი, მთავარი სპონსორი და პრეზიდენტი მისი დაუძინებელი მტერი – პლაჩიდო დომინგო იყო. მეტიც, ხოსემ გაიგო, რომ ეს ფონდი თავდაპირველად სპეციალურად მის დასახმარებლად შეიქმნა.

ორი ”მოსისხლე მტრის” შეხვედრა მადრიდში გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე შედგა. გამოსვლის დაწყებისას ხოსე კარერასმა შეწყვიტა სიმღერა, მუხლებზე დაეცა დომინგოს წინ და მთელი დარბაზის წინაშე მთრთოლარე ხმით სთხოვა პატიება ყოფილ “მტერს”. პლაჩიდომ ის ფეხზე წამოაყენა და მხურვალედ გადაეხვია. ეს იყო ორი სახელგანთქმული ტენორის დიდი მეგობრობის დასაწყისი.

როცა რეპორტიორმა ჰკითხა დომინგოს, თუ რატომ შექმნა ფონდი მისი მტრის დასახმარებლად და სიცოცხლე გაუგრძელა ერთადერთ ადამიანს, რომელიც მას კონკურენციას უწევდა, პლაჩიდომ უბრალოდ უპასუხა:
“იმიტომ, რომ ასეთი ხმის დაკარგვის უფლება ჩვენ არ გვქონდა!”

 

[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=xstW5iBOAIE&list=RDxstW5iBOAIE&t=72″]

წყარო: Darejan Mepharishvili

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment