fbpx

ეს ნაწყვეტი ხაზგასმულია კრის მაკ-კენდლესის ცხედართან ნაპოვნ წიგნში

ავტორი ჟოლო
75 ნახვა

“საკუთარ შინაგან ხმას ვინც მიჰყვება, გეზს არასოდეს ასცდენია. თუნდაც შედეგი სხეულის დაუძლურება იყოს, სადარდებელი არაფერია, იმიტომ რომ ამგვარი ცხოვრება უზენაეს პრინციპებს შეესაბამება. თუ დღესა და ღამეს სიხარულით ხვდები, თუ სიცოცხლის ყოველი დღე ყვავილებისა და ბალახების ნელსურნელებითაა გაჟღენთილი, ის უფრო მოქნილი, უფრო ციური, უფრო უკვდავი გახდა – ეს თქვენი წარმატებაა. მთელი ბუნება თქვენ გილოცავთ და შეგიძლიათ საკუთარი ბედისწერა დალოცოთ. როგორც წესი, უდიადეს მიღწევებს ყველაზე ნაკლებად აფასებენ. მათ არსებობაში ძალიან იოლად შეგვაქვს ეჭვი. მათ მალე ვივიწყებთ. თუმცა სწორედ ისინია უზენაესი რეალობა… ჩემი თითოეული დღის ნამდვილი მონაგარი ისევე შეუძლებელია აღიწეროს, როგორც დილის ან საღამოს ელფერი. ეს თითქოს ვარსკვლავების მტვერია, რომლის დაჭერაც მოვახერხე, ცისარტყელის ნაჭერი“ – ჰენრი დევით თორო – „უოლდენი, ანუ ტყეში ცხოვრება“. ეს ნაწყვეტი ხაზგასმულია კრის მაკ-კენდლესის ცხედართან ნაპოვნ წიგნში.

1992 წლის აპრილში აღმოსავლეთის სანაპიროზე მცხოვრები შეძლებული ოჯახის ახალგაზრდა მემკვიდრე ავტოსტოპით ალასკამდე ჩავიდა და მარტოდმარტო გაეშურა მთა მაკ-კინლის ჩრდილოეთით მდებარე უდაბური მიდამოსკენ. ოთხი თვის შემდეგ მისი გახრწნილი სხეული ჩრდილოამერიკულ ლოსზე მონადირეებმა აღმოაჩინეს.

ემორის უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მაკ-კენდლესი გაქრა. მან შეიცვალა გვარ-სახელი, მთელი თავისი დანაზოგი, 24 000 დოლარი, საქველმოქმედო საზოგადოებას შესწირა, მიატოვა მანქანა და მთელი ქონება, დაწვა საფულეში ჩარჩენილი ბანკნოტები. შემდეგ ჩვენი საზოგადოებისგან გარიყულთა გვერდით ცხოვრება არჩია, მოგზაურობდა ჩრდილოეთ ამერიკაში შეურყვნელი, ტრანსცენდენტური (ტრანსცენდენტური – ადამიანის ცოდნის, გამოცდილების, გონების ფარგლებს რომ სცდება.) გამოცდილების ძიებაში. ოჯახს მისი ადგილსამყოფლის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა, არც ის იცოდნენ, რა დაემართა, ყველაფერი მხოლოდ ალასკაზე ცხედრის აღმოჩენის შემდეგ შეიტყვეს.

ჯეკ ლონდონი მეფეა. ალეგზანდერ სუპერმაწანწალა. 1992 წლის მაისი – ხის ნაჭერზე ამოკვეთილი ეს გრაფიტი კრის მაკ-კენდლესის გარდაცვალების ადგილზე იპოვეს.

სიკვდილის წინ მაკ-კენდლესმა დღიურში უკანასკნელი სიტყვები ჩაწერა: „ბედნიერი ცხოვრება მქონდა და ღმერთის მადლობელი ვარ ამისთვის. ყველას გემშვიდობებით, ღმერთმა დაგლოცოთ!“

შემდეგ დედამისის შეკერილ საძილე ტომარაში ჩაწვა და გონება დაკარგა. სავარაუდოდ, 18 აგვისტოს გარდაიცვალა, ველურ ბუნებაში გასვლიდან 112-ე დღეს და 19 დღით ადრე, ვიდრე ავტობუსში ექვსი ალასკელი მის ცხედარს აღმოაჩენდა.

ალეგზანდერ სუპერმაწანწალა უკანასკნელად გადაღებულ ფოტოზე: ავტობუსის ახლოს დგას ალასკის მაღალი ცის ფონზე, ცალი ხელით კამერისკენ გამოსაშვიდობებელ წერილს იშვერს, მეორე ხელი კი მამაცური, ნეტარი გამოთხოვების ნიშნად აუწევია. სახე საზარლად გამხდარი აქვს, ლამის ჩონჩხს ჰგავს. მაგრამ თუკი იმ უკანასკნელ წუთებში საკუთარი თავი ებრალებოდა – იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდა იყო, იმიტომ რომ გვერდით არავინ ჰყავდა, იმიტომ რომ ბოლოს სხეულმა უღალატა და ისიც დაემორჩილა – ფოტოზე მსგავსი არაფერი ჩანს. იღიმის და მის მზერაში შეუმცდარად ჩანს: კრის მაკ-კენლდესმა სულიერი სიმშვიდე მოიპოვა და ბერივით უშფოთველად წარდგა ღმერთის წინაშე.”

წყარო: წერილი ბრმებზე – თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად

მსგავსი სტატიები

Leave a Comment