ოპერის თეატრთან დაკავშირებული ხმაური გრძელდება. ბრძოლის ველი ამჯერად სოციალურ ქსელშია გაჩაღებული.
დავით კინწურაშვილმა ბოლო ძალები მოიკრიბა, რკინის აბჯარი გადაიცვა და ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლის სხვადასხვა მეთოდებს მიმართა, ერთ-ერთი მსოფლიო ვარსკვლავებთან პირადი მიმოწერების გამოამზეურება გახლავთ… რის გამოც უფრო მეტი მოწინააღმდეგე გაიჩინა და რამდენიმე ზედმეტსახელიც „დაიმსახურა“. – „ყველაფერთან ერთად „შანტაჟისტი“ და ინტრიგანიც ყოფილხართ“ – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში. თუმცა, დაპირისპირების მთავარ გმირს თავისი დამცველებიც ჰყავს.
მიმდინარე მოვლენებს ხელოვნებათმცოდნე კახი ლაზარიშვილიც გამოეხმაურა.
კახი ლაზარიშვილი: „ვაკვირდები თუ როგორ ცდილობს კოლექტივიზაციის მემკვიდრეობა გავლენას ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ცხოვრებაზე.
წვრილ გლეხურ მეურნეობათა გაერთიანება, კერძოდ ბ-ნ კინწურაშვილის კოლმეურნე ქალები, მათი ფორმალური “ლიდერის” გადასარჩენად, თეატრში გაბატონებული იდეოლოგიის, თეატრის არასწორი პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა – დასის მოაზროვნე, აქტიური ნაწილის, ასევე მსოფლიო საოპერო ვარსკვლავების დისკრიმინაციას ცდილობენ და ამბოხებული დისიდენტების წინააღმდეგ სამარცხვინო მეთოდებით გააქტიურდნენ, რაც ვფიქრობ ისევ შანტაჟისტების სასიცოცხლო პულსის შენელებას და გაჩერებას ნიშნავს!