fbpx

მამაჩემმა იცის – ია ვეკუა

ავტორი ჟოლო
22 ნახვა

არ ვიცი, როდის დამინახა უკანასკნელად მამაჩემმა, ალბათ ძალიან დიდი ხნის წინ, მოზარდობისას, პატარა გოგო რომ ვიყავი, როდესაც ჩემი აღზრდა ჯერ კიდევ შეიძლებოდა. დაბადებიდან სუსტი მხედველობის მქონემ ასაკთან ერთად სინათლე ორივე თვალში, ფაქტობრივად, მთლიანად დაკარგა. ამის გამოა, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში ტელევიზორის წინ კი არა, გვერდით ზის, ყური აქვს მიდებული და მსოფლიოში მომხდარს ასე იგებს. დღის განმავლობაში მოსმენილს 21:00 საათიანი გამოშვების დასრულებისთანავე აანალიზებს: გონიერებისკენ მოუწოდებს მერკელს, ხისტ პოლიტიკას მოითხოვს ობამასგან, აღშფოთების ხარისხს უწუნებს მთელ ევროპარლამეტს, პუტინს კი… არა, ამას ვერ დავწერ, სირცხვილია.

iaზუსტად დღეს დილით იხსენებდა – ბავშობაში, ასე, ათი წლისას, სკოლაში სასიარულოდ ველოსიპედი რომ უყიდეს. ვუსმენ და ვერაფრით წარმოვიდგენ პედლების ტრიალში ჩართულ მამაჩემს, რადგან მხედველობის გამო ფიზიკურად აქტიური არასდროს ყოფილა. ალბათ ათი ნაბიჯიც არ ექნება გარბენით გავლილი, არასდროს უთამაშია ფეხბურთი და არც ხეზე აცოცებულა. სამაგიეროდ ყველაფერი იცის. თუ სხვისი მამა ძლიერია და ასკილოიანი შტანგით ვარჯიშობს, მამაჩემს სამნიშნა ციფრების ზეპირად გამრავლება შეუძლია; თუ სხვისი მამა კოსმონავტია, მამაჩემმა საქართველოს ისტორიიდან ყველა მნიშვნელოვანი თარიღი იცის; თუ სხვისი მამა მინისტრია, მამაჩემმა ყოველთვის ზუსტად იცის, რა თქვას მაშინ, როდესაც მისი აზრი ჩემთვის გადამწყვეტია.

ახლა რომ ვიხსენებ, არც ჩემი და არც ჩემი ძმის აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია (ჩვენს სკოლაში ერთადერთხელაა ნამყოფი, როდესაც დირექტორმა მაშინ ძალიან მოდური „მამების კრება“ დანიშნა და მთელი სკოლის მამობა სააქტო დარბაზში შეკრიბა. ამ კრების აუცილებლობა, მიზანი და შედეგი დღემდე ბერმუდის სამკუთხედივით ბუნდოვანია). აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ არც მაშინ ჩარეულა, როდესაც გადაწყვეტილებას თავად ვიღებდით. შედეგად, მამას, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე, უნივერსიტეტი კი წითელი დიპლომით დაამთავრა, ორი უდიპლომო შვილი ჰყავს, რის გამოც დიდი ხანია აღარ წუხს – ეს რეალობა გადაიტანა, მიიღო ან უბრალოდ გაგვიგო, ჩემი ყოველი წარმატების შემდეგ კი ამაყ მონოლოგს ასე იწყებს: „დიპლომს ჭკუა რომ ჰქონდეს…“
ერი მამაჩემს ბარნაბიჩის სახელით იცნობს.

ბარნაბიჩი მე და ჩემმამ ძმამ ბავშვობაში დავარქვით და სამუდამოდ შერჩა. ჩემი მეგობრებიც ასე მოიხსენიებენ ხოლმე: ბარნაბიჩ ბიძია, ბატონო ბარნაბიჩ. ეს სახელი ერთადერთხელ გააპროტესტა – აგვისტოს ომის დროს. რუსული არაფერი გამაგონოო, დამიყვირა და ხუთივე დღე ტელევიზორთან მიმჯდარმა გაატარა. პირველად მაშინ დავინახე, როგორ დაბერებულა მამაჩემი, პირველად მაშინ მივხვდი, როგორი საბრალოა მგლოვიარე მოხუცი. რამდენჯერაც დაღუპული ჯარისკაცის შესახებ გამოაცხადებდნენ, იმდენჯერ ჩაილაპარაკებდა ხოლმე – ნეტა, მამა თუ ჰყავს ცოცხალიო, მერე ჩუმად დგებოდა და შემდეგ საინფორმაციომდე თავის ოთახში იკეტებოდა.

ზოგჯერ ტვინსაც მიჭამს. ორი საკითხია, რომლებთან დაკავშირებითაც ყველაფერი აინტერესებს: როგორ მდგომარეობაში მყავს მანქანა და რა ხდება სამსახურში. „ზეთი გამოცვალე?“, „თუ დაგჭირდება, ხომ იცი ფული სად მიდევს?“, „ღვედი ხომ კარგად გეკვრება?“, „ნელა იარე“ ან „ახლა რას კითხულობ?“, „დღეს ასე ცოტა ხანს რატომ იმუშავე?“, „ყურადღებით იყავი, რამე შეცდომა არ გაგეპაროს“. ააა, ახლა გამახსენდა მესამე – როგორც კი გაიგებს, რომ სტუმრებს ველოდები (არ აქვს მნიშვნელობა, ბიჭებს ფილმის საყურებლად თუ გოგოებს ყავის დასალევად), მაშინვე საკუჭნაოში მიხმობს: „ეს საფერავია, გოგოებს მოეწონებათ, ეს ვანოს ღვინოა, თეთრი. ოღონდ მანქანიანებმა არ დალიონ“.

სტუმრიანობის მეორე დღეს კი სერიოზულად მსაყვედურობს, ღვინოს რატომ არ აკლია, სტუმრებს რატომ არ შესთავაზეო. ამას მოჰყვება ნოტაცია იმის შესახებ, რომ ზოგჯერ მეც მეშლება რაღაც და რომ დედაჩემის ჭკუაზე არ უნდა ვიარო (ცოლებზე გადაბრალება ხომ ყველაზე პოპულარული გამოსავალია).

ასეთ დროს ხმას არ ვიღებ, არ ვეწინააღმდეგები არც მისი დამოკიდებულების შეცვლას ვცდილობ. სტუმარ-მასპინძლობის მოჭარბებული განცდა სწორედ იმ თვისებათა შორისაა, რომლებთანაც შეგუება უპრობლემოდ შემიძლია, რადგან ვიცი, რომ ასაკის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ 37 მანეთიან „სამოთხეშიც“ უცხოვრია, მუშტშემართული მიტინგებზეც მდგარა და მრევლიც ყოფილა, მამაჩემმა იცის, მე კი მამაჩემისგან ვიცი, რომ სამშობლოს სიყვარულზე მეტად პატრონობა უნდა; რომ მეორე მხრიდან თუ შეხედავ, ეკლესია ჩვეულებრივ შენობას ჰგავს; რომ სულელი ხარ, თუ თავს იმის გამო იკლავ, რომ შვილი გეი გყავს და რომ უპრინციპობა ადამიანის ყველაზე დიდი სისუსტეა.

წყარო:მამების ბლოგი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment