დღევანდელ რეალობაში, აშკარად იკვეთება ურთიერთობების პრობლემა ქალსა და მამაკაცის შორის. ქალების უმრავლესობა საყვედურს გამოთქვამს:
– კაცები, სულ უფრო და უფრო ნაკლებად არიან კაცურები – არაფერი აინტერესებთ, ფეხბურთის ყურების, ლუდის ან ღვინოს გარდა. ქალები მუშაობენ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, კაცები კი …
დაახლოებით ასე. გეცნობათ დიალოგი? (რა თქმა უნდა, აქ ყველა არ იგულისხმება).
როგორც გამოცდილებამ, პროფესიულმა პრაქტიკამ, ქალის და მამაკაცის საკითხებზე მუშაობამ და კვლევებმა მაჩვენა, ეს საკითხი აქტუალურია.
არა და ქალს ავიწყდება – მამაკაცი რომლზედაც პრეტენზიას გამოთქვამს, მისი რჩეულია. რატომღაც, ხომ გაკეთდა თავის დროზე, მასზე არჩევანი, „რაღაცის გამო“ ხომ შეუყვარდა? ეს რაღაც, „უცებ“ სად დაიკარგა?.. თუმცა , შეიძლება, არც კი დაკარგულა „უცებ“ …
დავიწყოთ თავიდან…
როდესაც ურთიერთობა საწყის ფაზაშია, ქალს კაცში იზიდავს მამაკაცური ძალა და ენერგია. ერთი სიტყვით, ვაჟკაცობა. ქალი ამაყობს შეყვარებულის საქმიანობებით, აღფრთოვანებულია ქმედებებით, გამარჯვებებით, ვაჟკაცობით. შეყვარებული გოგონა გულანთებული უყვება დაქალებს – როგორი კარგია და რამდენ რამეს აკეთებს… თვალები უბრწყინავს, გული გამალებით უცემს… გოგოს მოსწონს, როგორ ზრუნავს ბიჭი მასზე, როგორ შემოფარგლავს საზღვარს გარშემო და როგორ, აფიქსირებს საკუთარ უფლებებს მასზე. მას მოსწონს, როცა ბიჭი ეუბნება (ზოგჯერ, მაგიდაზე ხელის დარტყმით? ) – შენ იქ არ წახვალ, მორჩა! მიუხედავად, იმისა, რომ გოგონაში შინაგანად პროტესტი ირთვება, წამებში იწყნარებს თავს, სიტყვებით: დაცული ვარ! ის ძლიერია! ის ნამდვილი ვაჟკაცია! აი, მამაკაცი!…
შემდეგ, იქმნება ოჯახი. ახლა, ცოლის როლში, ქალი იგივეს ელოდება, უკვე ქმრისგან. ელოდება – როდის „დაარტყამს ხელს მაგიდაზე“ და აიღებს პასუხიმგებლობას მასზე, ოჯახზე, მიიღებს გადაწყვეტილებას, დააწყნარებს ქალის აფორიაქებულ გონებას. როდის აგრძნობინებს მის გვერდით თავს დაცულად… ქალი ოცნებობს ძლიერ მკლავებზე…
სამაგიეროდ, ავიწყდება ძლიერი მკლავი და ძლიერი …. რომ ჰქონდეს მამაკაცს, თვითონ უნდა წავიდეს დათმობაზე და უარი თქვას, ბევრ აქამდე მისთვის ჩვეულ ქცევებზე.
ნამდვილი მამაკაცის ბუნება
ნამდვილი მამაკაცი, არსობლივად, ძალიან ახლოს დგას ველურ ბუნებასთან – ისეთივე უძლეველია, მოუთვინიერებელი და ველურია. ზოგჯერ ვულკანია, რომელთანაც ზედმეტად კირკიტი საშიშია, ზედმეტად ვერ – შეაწუხებ, დაელაპარეკები, გამოიწვევ, ვერ დათრგუნავ, მოგრიხავ… როდესაც მამაკაცს მოჰყავს ცოლი, მისი ცხოვრება მკვეთრად იცვლება…
პრაქტიკაში მქონდა შემთხვევები და ვიცნობ რამოდენიმე მამკაცს, რომელთა ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა დაოჯახების მერე.
მყავს ნაცნობი, რომელიც ცოლის, ბევრი ხვეწნის და მუდარის შემდეგ, დასცილდა მეგობრებს (თუ არ ჩავთვლით, ერთს). ცოლი, ძალიან ლამაზია და კაცი დიდი ხანი ცდლობდა მისი გულის მონადირებას. ამიტომ, დაჰყვა კაპრიზს (თურმე, არ შეეფერება, ასე ხსნიდა ცოლი). მეგობრებთან ერთად, მისი ცხოვრებიდან დაიკარგა სპორტი, რომელითაც თავიდან პროფესიონალურად, მაგრამ ტრამვის მერე ჰობის დონეზე ჰქონდა და თვეში რამდენჯერმე მეგობრებთან ერთად ერთობოდა. მეგობრებთან სიარულს ვინ ჩივის, ტელევიზორის ყურების დროსაც, აკრიტიკება, ეწუწუნებოდა, საყვედურობდა დროის ფუჭად ფლანგვას. წვრილმანებზე ეჭვიანობდა… ბოლოს, ულტიმატუმი იყო მკაცრად ფორმირებული: «ან მე, ან ეს» მოყვანილი იყო უამრავი არგუმენტი – ოჯახს ეხლა სხვა ცხოვრების სტილით ცხოვრება სჭირდება, რომ ის უკვე მარტო აღარ არის და მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო. უნდა „მოჭკვიანდეს“ … და საერთოდ, შესაცვლელი აქვს ცხოვრების სტილი. იყო ტირილი, ემოციები…
ცოლის სიყვარულმა გაიმარჯვა. კაცისთვის რთული იყო არჩევანი. მაგრამ ცოლმა გაიმარჯვა… ის „მოჭკვიანდა“, გახდა „კარგი მამა“ „კარგი ქმარი“.
ამ დროს, შინაგანად იყო უბედური და ეს ეტყობოდა. ცდილობდა თავისი მამაკაცური ნაწილის რეალიზება მოეხდინა ვაჟიშვილიში, მაგრამ ცოლმა ყოველგვარი სპორტი აკრძალა – პატარაა ჯერ ამისთვისო, მერე კი ცეკვაზე უნდა შევიყვანოო.
რამდენიმე წელიწადში ქალს, შეუყვარდა თავზე ხელაღებული, რისკიანი მრბოლელი „ვაჟკაცი“ და ქმართან დაცილება ახსნა, – ვნების გაქრობით, ხასიათების ვერ შეწყობით. ამბობდა: „ქმარი, ძალიან შეიცვალა, სხვანაირი გახდა ოჯახის შექმნის მერე, მას არაფერი არ აინტერესებს და აღელვებს“
ახლა, ეს ახლობელი მამაკაცი ცხოვრობს საზღვარგარეთ, გამოვიდა მდგომარეობიდან, დაუბრუნდა თავის საყვარელ საქმეს, შეიძინა მეგობრები. აღსავსეა ენერგიით და მისი თვალები ისევ ბრწყინავს. მაგრამ ცხოვრების ამ ეტაპზე, ვერ უხსენებ ოჯახის შექმნას და ცოლის მოყვანას. რადგანაც, საკუთარ თავზე განიცადა, რას ნიშნავს წაართვან ძალა და მამაკაცობა.
შემიძლია სხვა მაგალითის მოყვანა, მაგრამ თემა გამიგრძელდება.
კი მაგრამ რა მოხდა? კაცი როგორ შეიცვალა ასე, ვინ აიძულა, ვინ აუკრძალა, ვინ ცდილობდა შანტაჟით მისთვის მამაკაცობის წართმევას?
ასე ხდება ხშირად
ქალი გათხოვების შემდეგ ცდილობს „მოაშინაუროს“ („მოაჭკვიანოს“) კაცი. მისთვის ასეა მოსახერხებელი. როცა კაცი „ჭკვიანდება“ ქალი არ ნერვიულობს – სად არის, როგორ არის, ვისთან არის, რას აკეთებს? – „აბა, არ ინერვიულოს??? რა ქნას, უყვარს და ხომ არ დაქვრივდება?“ როცა, კაცი გვერდით ეგულება და იცის ყველა მისი ნაბიჯი, მშვიდად არის… ქალი ცდილობს კაცი „მოარგოს“ საკუთარ სურვილებს, შეხედულებებს და უმეტესობას გამოსდის…
და მამაკაცი „შინაურდება“ „ჭკვიანდება“!
რატომ?
იმიტომ, რომ სხვანაირი ურთიერთობის მოდელი არ აქვს – ზოგიერთ კაცზე, დედის ზეგავლენა ძალიან დიდი იყო ( ან ქალ(ებ)ის გარემოცვაში იზრდებოდა)… ზოგიერთი გაიზარდა, „მოჭკვიანებულ“ მამის გვერდით…
ქმარი „ჭკვიანდება“ რადგან, უყვარს ცოლი და უნდა ბედნიერს ხედავდეს. ამ დროს, ვერც ქალი და ვერც კაცი, ვერ ხვდება – თუ რა ფასს იხდიან ამ „მოჭკვიანდა“-ში… სინამდვილეში, მამაკაცი გალიაში გამომწყვდეული ლომივით არის. ლომი შეიძლება გამოწვრთნა, მაგრამ სამაგიეროდ, თმობს ნამდვილ ლომობას. ზუსტად იგივე ხდება მამაკაცის გულში.
შედეგად, თუ კაცს ფული აქვს – იყიდის, ასაკისთვის შეფერებელ მანქანას, „ანგრევს ჩარჩოებს“, იჩენს საყვარელს, მიეძალება სასმელს – ღვინო, რესტორნები… ან ჯან-ღონით სავსე, დაჯდება და ითამაშებს დომინოს ეზოში (ცოლი სამსახურში) ან მიეძალება ალკოჰოლს და მთვრალი გადმოყრის სახლში, „გავაჟკაცდება“ ცოლთან ან უფულობისას, კომპიუტერულ თამაშებს ითამაშებს და იქ გახდება გმირი… ასე, ამოხეთქავს მისი ჩათრგუნული კაცობა და ასე ახვედრებს ქალს, რომ ჯერ კიდევ ძლიერი და საშიშია.
რა გამოდის?
ქალი ოცნებობს, ცოლად გავყვეს კაცს, რომელმაც დაიპყრო მისი გული, „ჩაიდინა საგმირო საქმეები“. თანაცხოვრება კი აწყობს, ხაზს ვუსვამ აწყობს — „მოშინაურებულ“ არსებასთან, რომელიც დაკავებულია მშვიდი საქმით. რომელიც ბოლოს ბეზრდება და თვალი გაქცევაზე უჭირავს…
ასე, რომ ქალბატონებო „მოჭკვიანება“ ძვირი ღირს – საკუთარი თავის პატივისცემის და ბედნიერების ფასი…
კაცური სიძლიერე, ძალა, სჭირდება ორივეს – ქალსაც და კაცსაც.
ქალი, გულის სიღრმეში ოცნებობს ქმარზე – უდრეკ, შეუპოვარ, რისკიან. ოცნებობს, სახლში მოსული ისე ჩაიკრავს გულში – სუნთქვა შეეკვრება ბედნიერებისგან. კამათის ან ჩხუბის დროს, როდესაც ქალი „დაქოქილია“, ქმარი ეტყვის: „საკმარისია“ „არა და მორჩა“ ან „მე ამას მივხედავ“… და თუ საჭირო გახდა „მუშტი დაარტყას მაგიდას“… რომ ამ დროს მამაკაცში იგრძნობოდეს ცეცხლი და ძალა.
საქმეს, მხოლოდ ის ართულებს, რომ ასეთი მამაკაცის გვერდით, ქალი უნდა იყოს სხვანაირი. მამაკაცურ კაცს სჭირდება, ქალური ქალი და არა დედა-კაცი რომელიც ცეცხლზე ნავთს დაასხამს, არ დაუთმობს, მამლაყინწასავით თავის სიმართლეს უმტკიცებს, ეკამათება და ეჯიბრება… დედა-კაცი შეიძლება გახდეს ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც დაქვრივდება, გაეყრება… მოკლედ, გვერდით რომ აღარ ეყოლება. მანამდე, ქალმა, კაცობა უნდა ანდოს კაცს.
ისე, კარგი იქნებოდა, როცა ქალი თხოვდება, მამაკაცს ინსტრუქცია მოყვებოდეს, არა? ვხუმრობ… 🙂 იმიტომ, რომ ქალს უწევს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება და ამ გზით, გამოცდილების მიღება. ვიღაცა, სწავლობს და აგურ-აგურ აშენებს ურთიერთობებს. ვიღაცას, ბეზრდება საკუთარ თავზე მუშაობა და გაქცევით შველის თავს, ვიღაცა, გადადის მონურ მდგომარეობაში და მსხვერპლად ეწირება… ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ ვიცოდეთ რა ქმედებებს რა მოჰყვება. თუმცა რა… მაგალითად, ყველამ იცის რომ მამაკაცი არ უნდა გააბრაზო, როცა არ არის ხასიათზე. ვინ არ იცის, მაგრამ ვინ აკეთებს? ვინ ცდილობს, ჯერ საყვარელი ადამიანი დაამშვიდოს და მოგვიანებით მიხედოს პრობლემას?
წარმოიდგინეთ როდესაც, სახლში შემოსული გაღიზიანებული მამაკაცი, ცოლისაგან ისმენს საყვედურებს, წყენებს, რისხვას, ნეგატივს თავზე თუ სხვაზე… რა მოხდება? აფეთქება! აფეთქების ძალა მერყეობს, რამდენ ბენზინს დაასხამს ცოლი. თუმცა ნგრევა, ყველა ვარიანტში გარანტირებულია.
ან მაგალითად, სთხოვეთ რაღაცის გაკეთება ოჯახში, როგორც იქნა მოიცალა და აკეთებს. თქვენ კი, ამ დროს თავზე ადგახართ და გაუთავებლად საყვედურობთ: ასე არ გააკეთო, რანაირად გიჭირავს, ხელები უკუღმა გეზრდება, შენ ხომ არ გესმის ადამიანის ნათქვამი, ხომ გითხარი ასე არ უნდა გექნა… როგორ ფიქრობთ, გახდება თუ არა, ასეთ დროს მამაკაცი საშიში?
როდესაც ქალი ცდილობს კაცის „მოთვინიერებას“, ამით თხრის ორმოს, რომლშიც საბოლოოდ აღმოჩნდება თვითონ. რადგან, ასეთი კაცის გვერდით ცხოვრება მოსაწყენია. ნელ-ნელა დაკარგავს მის პატივისცემას, არ ეცდება მისთვის თავის მოწონებას, დაეზარება მისთვის საჭმელის მომზადება, გაუჩნდება საცოდაობის და სიბრალულის გრძნობა…
მართალია, როდესაც გვერდით ცხოვრობს ნამდვილი მამკაცი, ქალისთვის არ არის ეს მარტივი საქმე…
ქალმა უნდა ისწავლოს ამ ძალასთან სწორად მოქცევა. სასწავლი აქვს კაცს როგორ ენდოს, არ აკონტროლოს და არ ეწუწუნოს, არ უსაყვედუროს, არ მიუთითოს რა გააკეთოს რა არა, ვისთან ქონდეს ურთიერთობა ვისთან არა, არ დაუწუნოს ჰობი, არ ელაპარაკოს შანტაჟის ენით. დაუდგეს გვერდით, მისცეს ძალა როგორც ფიზიკური, ასევე მორალური … ისწავლოს თავად, როგორ აივსოს ქალური ენერგიებით და საერთოდ, ისწავლოს რას ნიშნავს ეს? ასეთი კაცის გვერდით, სულ უნდა იყოს – მიმზიდველი, ლამაზი, თბილი და იდუმალი.
ეს, სხვა არჩევანია და სხვა ცხოვრება. ვიდრე, უბრალოდ, რამენაირად გათხოვდე და მორჩა…
დასასრულს, მინდა გაგიზიაროთ ამონარიდი, ჯონ ელდრედჯის წიგნიდან «ველური გული»:
„დიახ, მამაკაცები არიან საშიშნი. მაგრამ სკალპელიც საშიშია. მას შეუძლია დაგჭრათ ან იხსნას თქვენი სიცოცხლე. ვერ შეძლებთ მობლაგვების მცდელობით, გახადოთ ის უსაფრთხო. მაშინ ის დაკარგავს ფასეულობას.
თუ ოდესმე დაკვირვებიხართ ცხენებს, მაშინ გეცოდინებათ, ულაყმა შეიძლება მოგიტანოთ უამრავი უსიამოვნება. ისინი ძლიერი, ძალიან ძლიერი და თავნებები არიან. არ უყვართ შეკაზმვა და შეუძლიათ მოიქცნენ აგრესიულიად – განსაკუთრებით, თუ კი მათ გვერდზე ეგულებათ ფაშატი. ულაყის გახედვნა რთულია.
თუ გინდათ მეტად მშვიდი, უსაფრთხო ცხოველი გვერდზე, არსებობს მარტივი გამოსავალი: ის უნდა დაიკოდოს. იაბო (დაკოდილი ცხენი) მეტად მშვიდია, შეგიძლიათ მისი ტარება როგორც გინდათ და საითაც გინდათ. ის ყველაფერს გააკეთებს, რასაც ეტყვით, არანაირი პროტესტი. მათთან გექნებათ მხოლოდ ერთი პრობლემა: იაბოში არ ჩქეფს სიცოცხლე. ის ვერ გააკეთებს იმას, რასაც ულაყი აკეთებს. დიახ, ულაყი – საშიში ცხოველია, მაგრამ თუ გინდათ სიცოცხლე, რომლის მოცემასაც ის შეძლებს, უნდა შეეგუოთ იმ ფაქტას, რომ ის საშიშია. ერთი, მეორის გარეშე არ არსებობს…“
დააფასეთ კაცებში მამაკაცური ძალა და დაეხმარეთ, გახდნენ ძლიერნი და ვაჟკაცურები. კაცმა აკეთოს კაცის საქმე, რომელსაც მის გარდა ვერავინ გააკეთებს. დაე, მათ აკეთონ საქმეები , რომელიც მათ მისცემთ ძალას და აავსებთ ენერგიით და თქვენ კი, ნამდვილი მამაკაცის გვერდით, თავს იგრძნობთ ნამდვილ ქალად.
თამარ კვარაცხელია
წყარო: “პიროვნული ზრდის სამყარო”