აღდგომა ახლოვდება და ტრადიციული, წითელი კვერცხების გარდა, ბევრს უნდა, ბავშვები მხიარული და ლამაზი კვერცხებითაც გაახაროს, მით უმეტეს, რომ მათი ერთობლივად მომზადებაც განსაკუთრებულად სახალისო და საინტერესოა.
ეს კვერცხები, რომლების მორთვასაც ახლა გასწავლით, შეგიძლიათ, მოხარშულიც იყოს წინასწარ და თუნდაც გულამოცლილი. როგორც გსურთ. თან კეთდება ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად სუფთა, თქვენივე მომზადებული წებოთი და არ იქნება საშიში.
წებოს მოსამზადებლად სულ რაღაც 2 სუფრის კოვზი ფქვილი ერთ ჭიქა თბილ წყალში უნდა გააზავოთ, მერე კი ხარშოთ, სანამ კრემის მაგვარ მასას არ მიიღებთ.
აი მერე კი, რამდენიმე ცალი (4-დან 10-მდე, ან რამდენი პატარაც გყავთ, იმდენი) კვერცხი აიღოთ, თავზე გადაუსვათ წებო, მერე კი ჩააწოთ ბრინჯიან, წიწიბურიან ან რომელიც გსურთ, იმ მარცვლებით სავსე ჯამში. წებო მარცვლებს აიკრავს. შემდეგ ეს მარცვლები, უკვე დაწებებული, დაახლოებით 5-10 წუთში, შეგიძლიათ შეღებოთ, ან არც შეღებოთ. ეს იქნება მისი “ქუდი” ან “თმა”. ქვედა ნაწილზე კი ფლომასტრით ან საღებავით სახე დაუხატოთ. ასევე შეგიძლიათ, თავიც და ბოლოც წებოთი და მარცვლებით დაფაროთ და უბრალოდ ასეთი შემკული, ფერადი და ლამაზი კვერცხები გექნებათ, სახეების გარეშე. ნება თქვენია.