მე ახლა შორიდან ვხედავ ხალხსაც და ჩემს თავსაც. მე ხომ უკვე განსაზღვრული მაქვს სიკვდილის დღე. მაგრამ ვინ იცის ეს კია ჩემი ბედი? ვინ იცის, ვიცოცხლებ კი ამ ორ წელიწადსა და ათ თვეს, რომელსაც ეს ავადმყოფობა მადროვებს?
იქნებ ერთი კვირის შემდეგ, ან ხვალ, ან სულაც დღეს ვიღაც მთვრალი ხულიგანის მოქნეული დანის მსხვერპლი გავხდე? იქნებ მანქანამ გამიტანოს, ან ბრმა ტყვიამ მომიღოს ბოლო? იქნებ კონსერვმა მომწამლოს ან გადაბრუნებულმა ამწემ მომსრისოს ტრამვაიში?
ეს ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ამაზე სულაც არ ვფიქრობ. მე მხოლოდ ერთი ვიცი, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში სამ წელიწადს კიდევ ვიცოცხლებ. ამიტომ მე ოთარ ნიჟარაძე, რომელიც ცალკე ვდგავარ თქვენგან, ხვალის იმედით აღსავსე ადამიანებო, მოგიწოდებთ, გიყვარდეთ ერთმანეთი, ნუ მოიწამლავთ ცხოვრებას შუღლითა და მტრობით, ნუ იბრძოლებთ უპატიოსნო გზებით, ნუ გათელავთ ყველაზე ლამაზსა და წმინდას.
თქვენ რომ ჩემი თვალებით ხედავდეთ ცხოვრებას, იმ ადამიანის თვალებით, რომელსაც ძალიან მცირე დრო დარჩა სასიცოცხლო,
დარწმუნდებით
რა ლამაზი ყოფილა ქვეყნიერება, რა საოცარი ყოფილა სიცოცხლე, ადამიანები,
შეამჩნევდით ბევრ მშვენიერებას, რაც შეუმჩნეველი გრჩებათ დღეს, რადგან არ გაქვთ სიკვდილის დღე განსაზღვრული და დანიშნული, არ დაკარგავდით, არცერთ წუთს ბოროტებისთვის, უწმინდური საქმისთვის, არ დაანაგვიანებდით გულსა და გონებას ღვარძლითა და ბინძური ფიქრებით.
თქვენ რომ ჩემი თვალებით ხედავდეთ …
გურამ ფანჯიკიძე
თვალი პატიოსანი