იცით, ცხოვრებაში ხშირად მხოლოდ ნიჩბის მოსმა მჭირდებოდა, მე კი უკვე დაკარგული მეგონა ყველაფერი და ჩემივე ნებით ვწყვეტდი სუნთქვას, ჩემივე ხელით ვაბარებდი იარაღს და საკუთარი თავის ტყვეობას უდრტვინველად ვიტანდი.
ხშირად სწორედ ასე იქცევი თავადაც მეგობარო, დაფიქრდი ამაზე! რამდენჯერ მიგიტოვებია ბრძოლის ველი, თუნდაც პირად ფრონტზე? ჰოი, რამდენჯერ, რამდენჯერ! და რატომ? თურმე პირველივე ჯერზე ვერ აიღე მთავარი ციხესიმაგრე!
გაინტერესებს როდის იქნება სწორი გადაწყვეტილება, რომ უკან დაიხიო და დანებდე?
თითქოს ხომ ყურშიც ყველა სწორედ ამას ჩაგძახის “შეურიგდი ბედს”, “დამორჩილდი”, “დაანებე თავი”, “არაუშავს, მერე რა მოხდა”, “სხვა მოძებნე, ქალი დაილია”, “ეგ არაფერია”, “კაცი უნდა ეყოს ჯამაგირსო”, “ყველაფერი ბედია ბედიო”, “აბა შენ მარტო რას გაუმკლავდებიო” და რა გამოლევს ასეთ ფრაზებს, როცა ამისთანა ოქრო-მარგალიტებით სავსეა ჩვენი მამა-პაპური ცოდნის სკივრი…
აი თურმე რამდენი მტერი გვყოლია არა, თქვენ კი მათ რა თქმა უნდა არ უსმენთ, მაგრამ მაინც ნებდებით (!)
(რადგან კიდევ გყავთ ერთი და მთავარი მტერი, სარკეში რომ ხედავთ ხოლმე დილით პირის მობანისას)
ჰოდა, როდის უნდა დანებდეო, როდის იქნება ეს სწორი გადაწყვეტილება?
მაჯებში სისხლის ქუხილს რომ ვეღარ იგრძნობ – მაშინაც არ ქნა ეს!
როცა პირში ერთ სიტყვასაც ვერ მოაბრუნებ სათქმელად – არც მაშინ დანებდე!
თუ ფეხზე დგომაც აღარ შეგიძლია, მაინც გააგრძელე ბრძოლა რადგან შენ ისედაც მკვდარი ხარ და ბარემ ღირსეულად მოკვდი!
მაშინ როდის? იკითხავს გონიერი მკითხველი
მხოლოდ იმ წუთს და იმ წამს, როცა შენი გონება შეწყვეტს ფიქრს და სამუდამოდ გაითიშება…
(და არა მაშინ როცა სუნთქვა აღარ შეგიძლია)
ეს კი, როგორც ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, გულის გაჩერებიდან სამიოდე დღის თუ საათის შემდეგ ხდება (!)
ნუ მოკვდები მანამ, სანამ ცოცხალი ხარ! იბრძოლე!
26.02.2018
უბრალოდ თქვენი გიორგი