„სვანეთში ჰესების მშენებლობა მოსახლეობას მოუტანს ძალიან მძიმე შედეგებს, დაიცლება საზღვრისპირა ზოლი, ჩვენ დავდგებით ეკოლოგიური და სოციალური კატასტროფის წინაშე, ეს შეხვედრა ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად დავგეგმეთ, გვინდა საზოგადოებამდე მივიტანოთ ეს ჩვენი გზავნილი, სვანები მარტო თავს ვერ დაიცავენ“ – აცხადებს ცოტნე გამსახურდია. ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილებილთა ინფორმაციით, არ არსებობს არანაირი შესაბამისი დასკვნა, იმის შესახებ თუ როგორ იმოქმედებს მშენებლობა ეკოლოგიასა და გარემოზე, თუ რა საფრთხის წინაშე დგება რეგიონი. მათივე თქმით, დოკუმენტაცია გასაიდუმლოებულია.
საპროტესტო შეხვედრას სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძე შემდეგი პოსტით გამოეხმაურა.
ნათია ფანჯიკიძე: „ათ წელწადში ჰესი, მითუმეტეს გიგანტური ჰესი მსოფლიო ენერგეტიკის გუშინწინდელი დღე იქნება. ვფიქრობ, ჯობს გადავიხადოთ უფრო ძვირი და ვუყიდოთ ქვეყანას ეკოლოგიის და კლიმატის მეგობრული მზის სოლარები, ქარის წისქვილები, ჩვენი ისედაც ერთი მუჭა მიწის დატბორვის ნაცვლად. ხვალინდელი დღე ხომ ჩვენი შვილების დღეა.
მზის ენერგია, ქარის ენერგია დაუმადლებლად “იშოვება”.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქამდე, იდუმალ თუ ხილულ ინვესტორებთან ჯერ საქართველოსთვის საკმარისად სარგებლიანი ერთი კონტრაქტი არ გაფორმებულა, დაჩქარებული განვითარების ნაცვლად პირიქით, მრავალი წლით რომ არ აფერხებდეს ქვეყნის განვითარების ტემპს. როგორც წესი, აქამდე მხოლოდ, ჩვენს მიმართ კაბალური და მასხარად ამგდები პირობები იყო ჩადებული ყველა მსხვილ კონტრაქტში.
გავაკეთოთ ძვირად, მაგრამ უკეთესი. ჩილეში და სხვა მზის სხივებით განებივრებულ ქვეყნებში ნახევარ წელიწადზე მეტი, მზის სოლარების წყალობით ელექტროენერგია უფასოდ აქვს მოსახლეობას“.