ინდოეთში ყოფნისას, უდაიპურისკენ მიმავალ გზაზე, გიდი შემეკითხა:
– ალბათ, ქართული ენა ინდოევროპულ ოჯახს განეკუთვნება?!
– არა, ქართულ ენას თავისი, საკუთარი ოჯახი აქვს.
– რამდენი ხართ ქართველები? – მოწკურა თვალები დამცინავად.
– საქართველოში დაახლოებთ 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოში ქართველები ვიქნებით ალბათ 3 მილიონი, – ვუპასუხე მე.
– და 3 მილიონ ადამიანს საკუთარი ენის ოჯახი გაქვთ? შეუძლებელია, – შეიცხადა.
– დაგუგლე სუშანტ, – ვუთხარი მე, რადგან იგი ინტერნეტს აქტიურად იყენებდა.
დაგუგლა.
არის ჩუმად.
ხმას არ იღებს…
იყურება ფანჯარაში.
კიდევ დაგუგლა.
კითხულობს…
ისევ ჩუმად იყურება ფანჯარაში.
– რაო, რა წერია? – ვერ მომითმინა გულმა.
უცბად მოტრიალდა გიჟივით:
– თითქმის მთელი ევროპის ენა ინდოევროპული ენის ოჯახს ეკუთვნის (ინდოევროპულს ხაზს უსვამდა ხოლმე) და ვინა ხართ თქვენ, ქართველები, რომ ასე მცირე ხალხს ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ?
უცებ ამიდუღდა სისხლი:
– ჩვენ, ქართველები… – აქ ჩამეხრინწა ხმა და ვეღარ ამოვიღე… თვალები ცრემლით ამევსო…
ახლა მე გავიხედე ფანჯარაში.
მანქანა მიქროდა უდაიპურისკენ და მე გულში ვიმეორებდი: „ჩვენ ქართველები“…
