fbpx

თუ თქვენში არ არის მიზეზი, თქვენს გარეთ ვერავითარი დაბრკოლება ვერ იარსებებს

ავტორი ჟოლო
870 ნახვა

სუფიური იგავები

გზაჯვარედინზე

ერთ დილას სუფია გზების გასაყართან, გზის პირას იჯდა. მასთან ახალგაზრდა კაცი მივიდა და სთხოვა, შენი მოწაფე ვიქნებიო.

_ კარგი, ოღონდ მხოლოდ ერთი დღით, _ უთხრა სუფიამ.

მთელი დღის მანძილზე მგზავრები ჩერდებოდნენ და სუფიას ადამიანისა და მისი ცხოვრების, სუფიზმისა და სუფიების შესახებ კითხვებს უსვამდნენ, დახმარებას სთხოვდნენ ან უბრალოდ პატივისცემას გამოხატავდნენ, ის კი მჭვრეტელურ პოზაში იჯდა, თავი მუხლებზე დაედო და ხმას არავის სცემდა. უპასუხოდ დარჩენილი მგზავრები მალე გაეცლებოდნენ ხოლმე.

უკვე მოსაღამოვებული იყო, როცა მასთან ერთი მძიმე ტვირთ მოკიდებული, ღარიბი კაცი მივიდა და უახლოეს ქალაქში როგორ მოვხვდეო, ჰკითხა. სუფია სასწრაფოდ წამოდგა, ტვირთი ჩამოართვა, ზურგზე მოიკიდა, ღარიბი გააცილა, ქალაქის გზაზე დააყენა და ისევ გზაჯვარედინზე დაბრუნდა.] _ ეს კაცი, ღარიბ გლეხს რომ ჩამოჰგავდა, შენიღბული წმინდანი და მაღალი რანგის ყარიბია თუ რა? _ ჰკითხა ახალგაზრდამ.

– იმ ხალხს შორის, ვინც დღეს ვნახეთ, ეს კაცი ერთადერთი იყო, ვინც მართლა იცოდა, რა უნდოდა, – მიუგო სუფიამ.

 ჩვენი ცხოვრება

ერთხელ ერთმა ბრძენმა მოწაფეების თვალწინ მინის ჭურჭელში დიდი ქვები ჩაალაგა. ეს რომ გააკეთა, მოწაფეებს ჰკითხა, სავსეა თუ არა ჭურჭელიო. ყველამ დაუდასტურა, რომ სავსე იყო. მაშინ ბრძენმა ჭურჭელში წვრილ-წვრილი ქვები ჩაყარა და მსუბუქად შეანჯღრია. წვლრილმა ქვებმა დიდქვებს შორის დარჩენილი სივრცე შეავსო. ბრძენმა ისევ ჰკითხა მოწაფეებს, სავსეა თუ არა ჭირჭელიო. მათ კვლავ დაუდასტურეს, რომ სავსე იყო. ამის შემდეგ ბრძენმა ჭურჭელში ქვიშა ჩაყარა. ქვიშამ, რა თქმა უნდა, დარჩენილი სივრცეც შეავსო.

– ახლა კი, – მიმართა ბრძენმა მოწაფეებს, – მინდა, რომ ამ ჭურჭელში მთელი ჩვენი ცხოვრება ამოიცნოთ! მოზრდილი ქვები ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებია: ოჯახი, საყვარელი ადამიანი, ჯანმრთელობა, ბავშვები… – ანუ ის, რაც, სხა რომ არაფერი არ იყოს, ჩვენს ცხოვრებას მაინც სავსეს გახდის. წვრილი ქვები ნაკლებად მნიშვნელოვან რამეებს განასახიერებს: სამსახურს, ბინას, სახლს ან მანქანას, ქვიშა კი _ ცხოვრებისეულ წვრილმანებს – ყუველდღიურ საზრუნავს. ჭურჭელი რომ თავიდანვე ქვიშით ავავსოთ, დიდი ქვებისთვის ადგილი აღარ დარჩება. ასეა ცხოვრებაშიც: თუ მთელს ენერგიას უმნიშვნელო რამეებს მოახმართ, მნიშვნელოვანისთვის ძალა არ დაგრჩებათ.

ამიტომ პირველ რიგში მნიშვნელოვან ამბებზე იზრუნეთ, დიდი დრო დაუთმეთ შვილებს და საყვარელ ადამიანებს და ჯანმრთელობასაც მიხედეთ. ამის შემდეგ სამსახურის, სახლისა და სხვა საქმეებისთვისაც საკმარისი დრო დაგრჩებათ. დიდ ქვებზე იზრუნეთ, რადგან მხოლოდ მათ აქვთ ფასი, დანარჩენი ყველაფერი ქვიშა და მტვერია.

ჩვენ და სამყარო

დიდი ხნის წინ ერთმა მეფემ უზარმაზარი სასახლე ააშენა და შიგნიდან სულ სარკეებით მოაპირკეთებინა. სასახლის ყველა კედელი, ჭერი და კარი სარკით იყო დაფარული. ერთხელ სასახლეში ძაღლი შეძუნძულდა. მიმოიხედა და ირგვლივ უამრავი ძაღლი დაინახა. საითაც არ უნდა გაეხედა, ყველგან ძაღლი იყო. ძაღლმა სიფრთხილე გამოიჩინა და მის ირგვლივ შეყრილი მილიონი ძაღლის შესაშინებლად და თავის დასაცავად კბილები გამოაჩინა. პასუხად ყველა ძაღლმა გამოაჩინა კბილები. ძაღლმა მათ შეუღრინა, რაზეც ყველამ ღრენით უპასუხა. ძაღლი დარწმუნდა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო და ყეფას მოჰყვა, მაგრამ აყეფდა თუ არა, მილიონმა ძაღლმაც ყეფა დაუწყო. თავიდან ფეხებამდე აიძაგრა. გამწარებული ყეფდა, მაგრამ რაც უფრო მეტს ყეფდა, მით უფრო მეტს უყეფდა ძაღლების ხროვაც.

დილით საცოდავი ოთხფეხი მკვდარი იპოვეს. ძაღლი მარტო იყო, მილიონობით სარკეში არეკლილი. არავის უჩხუბია მასთან, საერთოდ არავინ ყოფილა, რომ ეჩხუბა. მან მოლოდ საკუთარი ანარეკლი დაინახა სარკეებში და შეეშინდა. ხოლო თავის დაცვა რომ სცადა, ბრძოლაში ანარეკლებიც ჩაებნენ. საწყალი ძაღლი მილიონობით საკუთარ ანარეკლთან ბრძოლაში დაიღუპა.

თუ თქვენში არ არის მიზეზი, თქვენს გარეთ ვერავითარი დაბრკოლება ვერ იარსებებს. ვერაფერი გადაგეღობებათ თქვენს გზაზე. ასეთია კანონი. სამყარო მხოლოდ და მხოლოდ ანარეკლია – ერთი უზარმაზარი სარკე.

თარგმნა ლევან რამიშვილმა

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment