როცა წარმატებული ურთიერთობების ლექციას ვატარებ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩემს სტუდენტებს ვეუბნები, არის: არასოდეს დაუშვათ, რომ ადამიანი თქვენით იმედგაცრუებული დარჩეს!
ამის თავიდან ასაცილებლად, ნებისმიერ ურთიერთობაში, აუცილებელია, ერთმანეთის მიმართ მოლოდინები მკაფიო იყოს. ამიტომ, არასოდეს დამალოთ სიმართლე.
ასევე არასოდეს თქვათ ის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, არ უთხრათ ის, რაც ზუსტად არ იცით, რომ მოხდება და არ დაპირდეთ იმას, რასაც ზუსტად არ იცით, რომ გააკეთებთ, ან უფრო მეტიც – ზუსტად იცით რომ არ გააკეთებთ.
ყველაზე დიდი შეცდომა ურთიერთობებში არის ის, რომ დამალო სიმართლე ან თქვა ტყუილი იმისათვის, რომ ადამიანის გული მოიგო, მისი კეთილგანწყობა მოიპოვო, ან არ გააბრაზო, არ გაანაწყენო, ან სულაც, არ დაკარგო ადამიანი.
გახსოვდეთ, როგორც კი სიმართლე გაირკვევა, მაინც არ აგცდებათ ამ ადამიანის განაწყენება, გაბრაზება, და შესაძლოა, დაკარგვაც კი. ხოლო თუ ჩემს ამ რჩევას არ გაითვალისწინებთ და მაინც გადაწყვეტთ, რომ ასე მოიქცეთ, მაშინ წინასწარ იცოდეთ, რომ ადამიანებს იმედები უნდა გაუცრუოთ და ამაში მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შეგიძლიათ;
შესაბამისად, ნუღარ გაგიკვირდებათ, რატომ დაკარგეს ამ ადამიანებმა თქვენდამი პატივისცემა, სიყვარული, ნდობა და საერთოდ რატომ თქვეს უარი თქვენთან ურთიერთობაზე.
ნათია ქოიავა