უალკოჰოლო გაზიანი სასმელის, “კოკა-კოლას” დაბადება მარტივი შეცდომის შედეგია. “კოკა-კოლა” ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში 1886 წლის 8 მაისს ფარმაცევტმა ჯონ სტინტ ჰერპენტონმა შეიმუშავა. როგორც ცნობილია, იგი საკუთარი სახლის უკანა ეზოში მორიგი წამლის დამზადებას ცდილობდა, როდესაც შემთხვევით სოდაზე წყალი დაესხა და აშიშხინდა. მიღებული მასა თითბერის სამფეხა ჩაიდანში მოათავსა და მატონიზირებელი თვისებების მქონე სამხრეთ ამერიკული მცენარის კოკას ფოთლების ნაყენი და აფრიკული კაკალი – კოლა დაუმატა.
ფარმაცევტმა მიღებული მიქსტურა გასინჯა და ძალიან მოეწონა. იმავე დღეს ჰამპერტონმა სასმელი ატლანტას ყველაზე დიდ აფთიაქში Jacobs’ Pharmacy მიიტანა გასაყიდად. სასმელის გემოთი აღფრთოვანებულმა ფარმაცევტებმა ავტომატის საშუალებით სასმელის გაყიდვა იმავე დღეს დაიწყეს. მათ სიროფში გაზიანი წყალი შეურიეს.
ჰემპერტონის სასმელი ადამიანებს კბილის ტკივილის, სტრესისა და დაღლილობისაგან თავის დაღწევაში ეხმარებოდა. სასმელს სახელი აფთიაქარის ბუღალტერმა, ფრენკ რობინსონმა მოუგონა. მას ლამაზი კალიგრაფია ჰქონდა და მრგვალი, გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა “Coca-Cola”, რაც დღემდე სასმელის ლოგოტიპად რჩება.
თავდაპირველი “კოკა-კოლას” უმთავრესი ინგრედიენტები იყო 3 წილი კოკის ფოთლები(რომლისგანაც კოკაინი მიიღებოდა), 1 წილი კოლას ხის კაკლები. მოგვიანებით ფარმაცევტებმა სასმელი ნებისმიერი ნერვული დაავადების სამკურნალო საშუალებად გამოაცხადეს. ჰემპერტონი ამტკიცებდა, რომ კოკა-კოლას გამოყენება მორფზე დამოკიდებულებისგან განსაკურნავად შეუცვლელი საშუალება იყო.
თავიდან “კოკა-კოლა” დღეში 10 ჭიქა იყიდებოდა. ერთი ჭიქა (140 გრამი) სასმელის ფასი 5 ცენტი იყო. პირველი წლის მოგებამ 50 დოლარი შეადგინა იმ დროს, როცა “წამლის” წარმოებაში 70 დოლარი იყო ჩადებული, ანუ პირველ წელს ჰემპერტონის ბიზნესი წამგებიანი გამოდგა.
სასმელის პოპულარობა ყოველდღიურად იზრდებოდა, შესაბამისად იზრდებოდა მოგებაც. წლის ბოლოს ჰემპერტონმა “კოკა-კოლას” წარმოებაზე უფლება ბანკირ ასა გრიგ ქენდლერს 2300 ამერიკულ დოლარად მიჰყიდა, თუმცა ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი კომპანიის მფლობელად შვილი, ჩარლზ ჰემპერტონი გამოაცხადა. ჩარლიმ “კოკა-კოლას” ალკოჰოლიანი ვერსია გამოუშვა, მაგრამ დიდი წაგება ნახა. ამიტომ კომპანიას ჩამოშორდა და საქმე მთლიანად ასა ქენდლერის ხელში გადავიდა.
1888 წელს ჰემპერტონი გარდაიცვალა, ყველაზე სამწუხარო ის გახლდათ, რომ მან ბოლომდე მაინც ვერ გააცნობიერა, რამხელა საქმე წამოიწყო. “კოკა-კოლა” უბრალო ფარმაცევტის გამოგონება არაა, ის დიდებული სასმელია და მისი შემქმნელი გენიოსია!” – განაცხადა მოგვიანებით მონრო მარტინკინგიმ, პიროვნებამ, რომელიც ჰემპერტონის ცხოვრებას იკვლევდა.
“კოკა-კოლას” პირველი, არცთუ წარმატებული რეკლამა 1889 წელს ატლანტას ჟურნალში დაიბეჭდა. მას შემდეგ ტელეეთერის, ბილბორდებისა თუ ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით უამრავი ცნობილი რეკლამა გაკეთდა, რომელთა შორის სანტა კლაუსის მონაწილეობით გაკეთებულ რეკლამაზე ათი ათასობით დოლარი დაიხარჯა, მაგრამ კომპანიას მილიონობით დოლარი მოუტანა.
1892 წელს “კოკა-კოლას” ახალმა მფლობელმა, ასა გრიგ ქენდლერმა დააარსა “The coca-cola company”, რომელიც დღემდე აწარმოებს სასმელს.
1894 წლამდე “კოკა-კოლა” ავტომატის საშუალებით იყიდებოდა. პირველად სასმელის ბოთლებში ჩამოსხმის უფლება ასა ქენდლერს ტკბილეულობის მაღაზიის მფლობელმა, იოზეფ ბიედენმა სთხოვა. ასას ეს იდეა ძალიან მოეწონა, მაგრამ ის მაინც უარით გაისტუმრა. რამდენიმე თვეში ორმა ტენესელმა ახალგაზრდამ, ბენჯამინ ტომასმა და იოზეფ უაიტჰედმა, გადაწყვიტეს, “კოკა-კოლას” მეშვეობით დიდი ფული ეშოვათ და ქენდლერს მისი ბოთლებში ჩამოსხმის უფლება სთხოვეს. ამჯერად მას უკან აღარ დაუხევია და ბოთლებში ჩამოსხმის უფლება ტენესელ ბიჭებს სულ რაღაც 1 ამერიკულ დოლარად მიჰყიდა. ამგვარად 1894 წლის ბოლოდან “კოკა-კოლას” ბოთლებში გაყიდვა დაიწყო.
1898 წელს ატლანტაში აშენდა “კოკა-კოლას” სამ სართულიანი ოფისი.
1902 წელს 120 000 დოლარიანი წლიური ბრუნვით “კოკა-კოლა” ყველაზე ცნობილი სასმელი გახდა ამერიკაში. გამოგონებიდან 50 წლის შემდეგ “კოკა-კოლა” ამერიკის სიმბოლოდ იქცა.
1915 წელს დიზაინერმა ტერი ოტმა სპეციალურად “კოკა-კოლისთვის” 6 უნციანი ბოთლი შექმნა. მას შემდეგ ყოველწლიურად ბოთლის ზომა და დიზაინი იცვლებოდა.
1919 წელს ასა ქენდლერმა კომპანიის ნახევარი ერნესტ ვუდრუფს 25 მილიონ დოლარად მიჰყიდა.
დღეს უკვე ყველაზე პოპულარული გაზიანი გამაგრილებელი სასმელი მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. “კოკა-კოლა” არა მხოლოდ გამაგრილებელი, არამედ მატონიზირებელი სასმელიცაა.
ექიმების მოსაზრების თანახმად, სასმელი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. თავად “კოკა-კოლას” მწარმოებლები ამ მოსაზრებას უარყოფენ, ხოლო იმას, რომ სასმელი ძალიან კალორიულია, აღიარებენ.
როგორც ამბობენ, მთელს მსოფლიოში ერთი დღის განმავლობაში საშუალოდ 1 მილიარდი “კოკა-კოლა” იყიდება.