fbpx

“ღმერთო ჩემო, ზაზა ფაჩულია მირეკავს, ენბიეის ჩემპიონი მირეკავს, ნაკრების კაპიტანი მირეკავს…..” ხარაგაულელი ბიჭის საოცარი ამბავი, რომელმაც მთელი საქართველო აალაპარაკა

ავტორი ჟოლო
175 ნახვა

ყველაფერი დაიწყო 4 დეკემბერს, ხარაგაულელ ბიჭს, ბექა ჭყოიძეს ბედმა საოცრად გაუღიმა და კომპანია „ბეთლაივის“ ყოველდღიურ გათამაშებაში მოხვდა, თუმცა… ყველაფერი ისე გაგრძელდა , რომ ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იქნებოდა…

გთავაზობთ მის ფესიბუქ პოსტს უცვლელად:

ნაწილი პირველი

„ჩემი სამსახური ძალიან მიყვარს, მუშაობის პროცესი მსიამოვნებს და ვინმე რომ შემეკითხება ამაყად ვპასუხობ – ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში ვმუშაობ, მწვრთნელი ვარ! – ჰოდა, დაინტერესებული პირებიც კეთილი შურით შენიშნავენ ხოლმე, მალადეც შენო.

მართლაც ასეთი საამაყო და სანატრელი სამსახურია. ბავშვებთან ვმუშაობ – რთულია, იმიტომ რომ ძნელია ბავშვებს რამე გამოაპარო, მათი სიყვარული მოიპოვო, სპორტი შეაყვარო და კარგ ადამიანად ჩამოყალიბებაში დაეხმარო. გულწრფელი უნდა იყო და მართლა უნდა გიყვარდეს ეს საქმე, სხვანაირად მათ პატივისცემას ვერ დაიმსახურებ – თუ ყალბი იქნები, ვერასდროს დაიმსახურებ მათგან ისეთ სიტყვებს და ჩახუტებებს, როგორიც მათი პატარა გულებიდან მოდის. ჰოდა, მეც ვცდილობ. სავარჯიშო პროცესში მთელ გულს და სულს ვდებ – ყველა პრობლემას, დაღლილობასა თუ ტკივილს გასახდელში ვტოვებ და დარბაზში ენერგიით სავსე შევდივარ.

ექვსი გუნდი მყავს, როგორ შეიძლება გამოყოფა, თუმცა, მათგან ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია – ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს ცხრის თხუთმეტ წუთზე აქვთ ვარჯიში და მიუხედავად იმისა, რომ ამ ვარჯიშამდე უკვე 3 მსგავსი მაქვს ჩატარებული, დაწყებას მოუთმენლად ველი. ის ბავშვები განსაკუთრებით მიყვარს.

ჩვენთან აკადემიაში ასეთი წესია, ვარჯიშის მიმდინარეობისას ტელეფონზე საუბარი არ შეიძლება, მეც ვემორჩილები, წესების კაცი ვარ, ბავშვებსაც მაგალითს ვაძლევ, სხვაგვარად დისციპლინას ვერ ისწავლიან, ამ უკანასკნელის გარეშე კი წარმატება გამორიცხულია. დღესაც მოუთმენელმა ლოდინმა ჩაიარა და ნანატრ ვარჯიშზე ავედი, 21:23-ზე ტელეფონმა დამირეკა, სამჯერ, არ ვუპასუხე. განა რა უნდა იყოს ისეთი სასწრაფო ათი წუთი მოცდა რომ ვერ შეძლონ მეთქი და ათ წუთში, ვარჯიშის დამთავრების შემდეგ, გასახდელიდან დავურეკე გამოტოვებულ ზარს. იქიდან კი ავტომოპასუხემ მიპასუხა:

თქვენ დაუკავშირდით კომპანია ბეთლაივს…

მე მიყვარს ჩემი სამსახური და ჩემი ბავშვები. ბეთლაივი კი ყოველ დღე მანქანებს ათამაშებს…’’

ისტორია ამით არ დასრულებულა….რადგან ამ ამბავს საოცარი გაგრძელბა აქვს ანუ  ნაწილი მეორე.

5 დეკემბერი ბექა ჭყოიძის მორიგი ფესიბუქ პოსტი:

პატიოსანი მოქალაქე – ნაწილი მეორე

ვარჯიშზე ვიყავი: ბეთლაივმა მომწერა ფეისბუქზე, ბექა აქ მაინც გვიპასუხეო :))

უცვლელად გთავაზობთ ტექსტს, ემოციების და ბედნიერების გამოხატვა აღარ შემიძლია, დავიღალე, სანამ ტექსტს დავწერ ყველას მინდა მადლობა გითხრათ გულშემატკოვრობისა და გვერდში დგომისთვის, ისე ვწერ, თითქოს ოსკარი ავიღე… მაგრამ დამიჯერეთ, არანაკლებ სიხარულს განვიცდი… ყველას მადლობა და განსაკუთრებით ბეთლაივის გუნდს. აი, ტექსტიც –

მოგესალმებით, ბექა!

ვნახეთ თქვენი პოსტი, მაგრამ ფეისბუქის ტექნიკური ხარვეზის გამო ამ დრომდე ვერ ვახერხებდით თქვენთან მოწერას.

გვსურს გითხრათ, რომ ძალიან ვაფასებთ თქვენს ერთგულებას და საქმისადმი სიყვარულს.

სამწუხაროა, რომ გათამაშებისას ზარზე პასუხი ვერ მოახერხეთ.

თუმცა, ჩვენ გვინდა დიდი პატივისცემა გამოვხატოთ თქვენი პროფესიონალიზმის მიმართ.

სწორედ ამიტომ, ჩვენმა გუნდმა გადავწყვიტა ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 1000 ლარიანი ხელფასით დაგასაჩუქროთ.

იმედია კვლავაც ასეთივე სიყვარულით გააგრძელებთ საკუთარი საქმის კეთებას და თქვენი ასეთი დამოკიდებულებით ქართულ სპორტს კიდევ არაერთ ვარსკვლავს შემატებთ.

კეთილი სურვილებით,

ბეთლაივის გუნდი.’’

6 დეკემბერი- ოცნებები სრულდება!

ბექა ჭყოიძის  რიგით მესამე ფესიბუქ პოსტი

გთავაზობთ უცვლელად:

პატიოსანი მოქალაქე – ნაწილი მესამე

როგორც ახალფეხადგმული ბავშვი დასდევს ეზოში წიწილებს დასაჭერად, ისე დავსდევ ახლა სიტყვებს, როგორმე წინადადებები რომ გამოვიყვანო და გადმოვცე ის გრძნობები და ემოციები, რითაც ახლა ვარ სავსე – ერთ წიწილას მივასწარი თუმცა, მხოლოდ ბუმბულები შემრჩა ხელში…

არ ვიცი, ვერ ვმოძრაობ, ვერ ვაზროვნებ, ვერ ვფიქრობ, ვერ ვმეტყველებ, უბრალოდ ვზივარ და მიხარია, თავიდან ფეხებამდე მიხარია, სულით ხორცამდე, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მიხარია :)))

გუშინ და გუშინწინ მეგონა, რომ დაბადების დღე მქონდა… ამდენი ადამიანის გვერდში დგომას, თანაგრძნობას, სიხარულის გაზიარებას რომ ხედავ, ამდენ სიყვარულს… არ ვიცი, ძნელია, რთულია ბედნიერი არ იყო.

შემიძლია, ნამდვილად შემიძლია დავყვე და სათითაოდ ყველას მადლობა გადაგიხადოთ, მაგრამ ხომ გითხარით, ვერ ვმოძრაობ :))) ნაცნობ-უცნობებო, ყველას ბოდიშს გიხდით, რომ მადლობა არ არის ის საკმარისი სიტყვა, რომელიც ამ თქვენი გვერდით დგომისა და გაზიარების საპირწონედ დადგება, და ბოდიშს გიხდით, რომ არც ბოდიში არაა საკმარისი. თითოეულმა თქვენგანმა, ვინც მიცნობთ, იცით, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩემი დახმარების იმედი გქონდეთ, ვინც არ მიცნობთ, ახლა იცოდეთ.

ეს წინასიტყვაობა, ახლა კი დღევანდელ დილას მოგიყვებით.

ვარჯიშზე არ ვიყავი :)) მეძინა, ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ტელეფონს უპასუხოდ არ ვტოვებ. უცხო ნომერი იყო, არაქართული… მაინც ქართულად ვუპასუხე, იქიდან კი ჩემდა გასაოცრად ქართულადვე მიპასუხეს – ერთი ვიდეოა, გეცოდინებათ, “ნასინგ იზიი”, ჰოდა მაგ ხმას ჰგავდა ძალიან, უფრო რომ დავაზუსტოთ, ზუსტად ეგ ხმა იყო :))) ვინც მიცნობს, ეცოდინება ჩემი დამოკიდებულება, ალბათ შეუწუხებია კიდეც ჩემ გაუთავებელ სტატუსებსა თუ მათთვის არასაინტერესო ოკეანისმიღმეთის ლიგის ინფორმაციებს, იციან, რომ იქ ერთ ქართველს განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ.

იმ ერთ ქართველს იმ ოკეანის მიღმეთში განსაკუთრებული, ყველაზე დიდი წარმატებისთვის მიუღწევია და უკვე ჩემპიონის ტიტულით და ბეჭდით იბრძვის, მე კი რა დამრჩენია, ისევ ღამეებს ვათენებ, რომ თამაში არ გამომრჩეს. ვინც ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, ჩემი სამსახურის სახელი ხომ გახსოვთ? ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია – ჰოდა, პირველი ორი სიტყვა მირეკავს.

არ ვიცი, არ მახსოვს ოთხი წუთი და 52 წამი რაზე ვისაუბრეთ, არ მახსოვს, ვუსმენდი და ვფიქრობდი: „ღმერთო ჩემო, ზაზა ფაჩულია მირეკავს, ენბიეის ჩემპიონი მირეკავს, ნაკრების კაპიტანი მირეკავს, ჩემი უფროსი მირეკავს, ზაზა მირეკავს, აი, ჰეშთეგებს რომ ვწერდი ის მირეკავს, შეტევაში მოხსნების რეკორდსმენი მირეკავს, გოლდენ სტეიტის სასტარტო ხუთეულის წევრი მირეკავს, ის ზაზა ფაჩულია მირეკავს, ვის თამაშებსაც სიმწრით ნაპოვნი სტრიმებით ვუყურებ, აქ და ახლა მირეკავს” – ახლაც ცუდად ვარ, ვკანკალებ და ვერ ვხდები, რომ მეპასუხა ის ჯობდა? არა, არ ჯობდა… ღმერთო ჩემო, ვერ ვაზროვნებ… იცით რა მოხდა? მოხდა ის, რომ ბეთლაივის საჩუქარი იმ დიდმა კაცმა, პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით, ადგა და გააორმაგა, ერთი იმდენს ჩვენი აკადემიის სახელით გიმატებთო.

რაზე გავჩერდი? ისევ ამერია სიტყვები… ვეღარ ვფიქრობ. ბედნიერებას სუნი ჰქონია, იცოდით? გემოც… ყველამ იგრძენით და გასინჯეთ რაც შეიძლება ბევრჯერ, არაფერი შეედრება.

Zaza Pachulia Basketball Academy – მადლობა იმისთვის, რომ მომეცით შანსი თქვენი გუნდის ნაწილი გავმხდარიყავი, მესწავლა იმ უდიდესი პროფესიონალების გვერდით, რომლებთან ერთადაც ვარჯიშის ჩატარება მიწევს ყოველდღიურად, მადლობა გვერდში დგომისა და ამ წარმოუდგენელი სიურპრიზისთვის, რითაც არათუ დღევანდელი დღე, არამედ მთელი ჩემი განვლილი და მომავალი ცხოვრება დაუვიწყარად აქციეთ.

betlive.com არ ვიცი, მადლობა არაა საკმარისი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერ ვხვდები რატომ დავიმსახურე ამხელა ყურადღება, ბედნიერი ვარ, მიხარია… საოცრად დიდი ბედნიერების ნაწილი გამხადეთ, ერთი ცოცხალი ზღაპრის მთავარი პერსონაჟი, ჰოდა –

ჭირი იქა, ლხინი აქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა!

პ.ს სტივენ კინგს უთქვამს – “people who don’t dream, who don’t have any kind of imaginative life, they must!” – ჰოდა, იოცნებეთ ხალხო, იოცნებეთ, ოცნებები ხდება.’’

მარიამ შარიქაძე

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment