fbpx

ნანა ქავთარაშვილი: ვის აქვს უფლება აგვიკრძალოს სამშობლოში სიმღერა?! საოპერო მომღერლები დავით კინწურაშვილის წინააღმდეგ

ავტორი ნინო გონგაძე
54 ნახვა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის ყოფნა-არ ყოფნა დაკავებულ თანამდებობაზე ბოლო დღეებია დიდი განსჯის საგნად იქცა. მას შემდეგ, რაც კინწურაშვილმა მსოფლიოში აღიარებული დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი თეატრში სასაუბროდ მიიწვია და მერე შენობაშიც არ შეუშვა. შეხვედრაზე მისულ დირიჟორს დაცვამ განუცხადა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი თურმე აუცილებელ საქმეზე ყოფილა წაბრძანებული და მას თეატრში ვერ შეუშვებდნენ. ამ უსიამოვნო ინციდენტს საზღვარგარეთ მოღვაწე საოპერო მომღერლები ერთსულოვნად გამოეხმაურნენ, მათ ცხადია დაგმეს, გააკრიტიკეს და გააპროტესტეს დავით კინწურაშვილის მსგავსი საქციელი. მათ შორის ერთ-ერთია ცნობილი სოპრანო ნანა ქავთარაშვილი, რომელიც საკმაოდ ვრცელი და კრიტიკული ტექსტით ეხმაურება ამ თემას და დავით კინწურაშვილს საჯაროდ მიმართავს.

“ბატონო დავით, თქვენთვის სამწუხაროდ, ხშირად გიწევთ ხოლმე თავის მართლება არასწორი საქციელის გამო. ახლაც ცდილობთ შეძლებისდაგვარად გამოასწოროთ ის უხერხულობა, რაც თქვენი დაუფიქრებელი და უპასუხისმგებლო საქციელით ბატონ ვახტანგ მაჭავარიანთან მიმართებაში დაგემართათ. მაგრამ ეს მრავალჯერ ნაცადი წესია თქვენთვის, თუმცა აღარავის სჯერა, რადგან ჩვენთან-მომღერლებთანაც შემჩნეული ხართ ტყუილში!

ბატონ ვახტანგს ჩვენ დავუკავშირდით და გვითხრა, რომ რასაც თქვენ ამბობთ, თითქოს ესაუბრეთ და მან გითხრათ ზუსტი თარიღის შესახებ, ეს მტკნარი სიცრუეა! იგი, არაფერზე შეთანხმებულა თქვენთან და არც მომავალში აპირებს, რადგან თქვენი უკულტურო საქციელის შემდეგ არ გთვლით ღირსად თქვენთან შემოქმედებითი კავშირები და კონტაქტები იქონიოს!

ბატონი დავით, სირცხვილია თქვენი მხრიდან, რათა გამოუსწორებელი შეცდომის შემდეგ კიდევ ბედავთ და ასეთ სიცრუეს აქვეყნებთ. ვერ ვხვდები, ამით რის მიღწევას ცდილობთ და რას უსვამთ ხაზს, გინდათ საზოგადოება დაარწმუნოთ თქვენს სიმართლეში, ხოლო ამ დონის ღვაწლმოსილი პიროვნება და მუსიკოსი, სულით ხორცამდე ინტელიგენტი და კულტურული ადამიანი როგორიცაა ბატონი ვახტანგ მაჭავარიანი იტყუება? ეს უბრალოდ სასაცილო და სამარცხვინოა…

ბატონო დავით, თქვენ წერთ,რომ ქალბატონ ნანა ქავთარაშვილთან სასიამოვნო შეხვედრა მქონდაო და გაკვირვებული ხართ რატომ ვარ განაწყენებული? რა თქმა უნდა, შეხვედრა შედგა და ვახტანგ მაჭავარიანის მსგავსად შესასვლელიდანვე უკან არ გამაბრუნეს, მაგრამ სამაგიეროდ თქვენთან ორ წუთიანი საუბრის შემდეგ გაოგნებული, შეურაცხყოფილი და გაწბილებული გამოვბრუნდი უკან და გამოდის, რომ მეც ბატონი ვახტანგის ბედი გავიზიარე, ახლა ვხვდები, რომ თქვენ ყველა დამსახურებულ და აღიარებულ ხელოვანთან ერთი ხელწერა გაქვთ. რაც უკვე აღარც მიკვირს!

თქვენ წერთ,რომ ბატონ ვახტანგთან მომხდარ ამბავს ჩვენ საკუთარი ანგარიშსწორებისთვის და ნეგატიური ჩანაფიქრებისთვის ვიყენებთ, მაშინ ამიხსენით,, თუ მე და თქვენ სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა და სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ, მაშ რატომღა უნდა ვიყენებდე ამ უსიამოვნო, ყოვლად სამარცხვინო ინციდენტს თქვენთან ანგარიშსწორებისთვის???

ევროპის სხვადასხვა მნიშვნელოვან თეატრებში გამოსვლების პარალელურად და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობის მიუხედავად, არასდროს ვამბობდი უარს და ყოველთვის ვნახულობდი დროს, ჩამოვსულიყავი თბილისში და მონაწილეობა მიმეღო სხვა და სხვა საქაველმოქმედო კონცერტებსა თუ თეატრის ეგიდით გამართულ სპექტაკლებში. ახლა, როცა თეატრი გარემონტდა და გაიხსნა, დიდი სურვილი მაქვს კვლავ ინტენსიურად და აქტიურად ვითანამშრომლო თბილისის ოპერის თეატრთან, იმ თეატრთან, სადაც მთელი ბავშვობა და სტუდენტობა გავატარე და სადაც როგორც აღვნიშნე, ადრე ბევრჯერ მიმღერია.

დიახ, მე მინდა, ჩემი დიდი გამოცდილება და პროფესიონალიზმი, ჩემს თეატრს მოვახმარო. სწორედ, ამ ინიციატივითა და სურვილით, ა.წ. აპრილის თვეში ჩამოვედი საქართველოში და შევხვდი თეატრის ამჟამინდელ სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს. ჩვენს საუბარს ოპერის თეატრის ორი თანამშრომელიც ესწრებოდა. მე, შევთავაზე დავით კინწურაშვილს ურთიერთთანამშრომლობა და ვუთხარი, რომ მსურს ჩემს თეატრს ვემსახურო დაგროვილი გამოცდილებით და მნიშვნელოვანი რეპერტუარით. მაგრამ მან, მტკიცე უარით გამომისტუმრა.

მის სიტყვებს ვციტირებ:-“ეს წარმოუდგენლად შეუძლებელია, თეატრში 11 თერთმეტი სოპრანოა და ვერ მიგიღებ, მოწვევითაც ვერ მოგიწვევ, რადგან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მზღუდავს და მსაყვედურობენ, რატომ ჩამოგყავს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერლები, როცა თეატრში ამდენი სოპრანოები არიანო….“ მე, გაოცებულმა პასუხის გაცემა ვერ მოვახერხე, რადგან მოულოდნელი იყო იმ ადამიანისგან, რომელსაც პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობაზე პრეტენზია აქვს, მსგავსი სიტყვების მოსმენა.

თურმე, მან ისიც კი არ იცის, რომ სოპრანოები კატეგორიებად იყოფა, სხვადასხვა რეპერტუარით და ვოკალური მონაცემებით. მისთვის აბსოლუტურად უცხოა, თუ როგორი მგრძნობიარეა მომღერლის ბუნება, არ ესმის ღირებულებები და შეფასების უნარიც არ გააჩნია. მან, ისიც კი არ იცის, რომ შეხვედრაზე მისულ ქალბატონს, საუბარი არ უნდა შეაწყვეტინოს და როგორც დამნაშავე ისე არ გაიქცეს.

საქმე იმაშია, რომ მე როგორც ქალი და როგორც მომღერალი, მისი უკულტურო საქციელის გამო, როცა თქვა-მეჩქარებაო და გაიქცა, შეურაწყოფილი დავრჩი. მე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან მოვითხოვ, გამცეს პასუხი, რატომ ზღუდავენ კინწურაშვილს, მოიწვიოს სპექტაკლებში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი საოპერო მომღერლები?! რას ნიშნავს ეს?! ესე იგი, ჩვენ საქართველოს აღარ ვეკუთვნით?! რატომ, ან ვის აქვს უფლება აგვიკრძალოს სამშობლოში სიმღერა?!

ნაყიდი ხომ არ აქვს კინწურაშვილს ოპერის თეატრი, რომელიც თვითნებურად, პირადი შეხედულებების და სიმპათიების მიხედვით იქცევა. ვინ აღჭურვა იგი იმ უფლებებით, ვინც თვითონ მოსწონს მხოლოდ ის შეუშვას ოპერის თეატრში, ხოლო ვინც არა, ყველას უარი უთხრას…?! როგორც შემდეგ მითხრეს, თურმე საქართველოს მთავრობაში, გავლენიანი პიროვნება უნდა მომეძებნა, რომელიც მას დაავალებდა, რომ მე, ნანა ქავთარაშვილი მივეწვიე სპექტაკლებში მონაწილეობისთვის.

ვკითხულობ და იქნებ პასუხი გამცეს იმ სახელმწიფო სტრუქტურამ, ამ შემთხვევაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, რომელიც წესით და კანონით თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მაღალი შემოქმედებითი ხარისხით უნდა იყოს დაინტერესებული და კი არ უნდა უკრძალავდეს ბატონ კინწურაშვილს წარმატებული ქართველი საოპერო მომღერლების ჩამოყვანას, არამედ, სიამოვნებით უნდა შეუწყოს მას ხელი ამ ინიციატივისთვის, რადგან თეატრი, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხით ფინანსდება, ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია კულტურის სამინისტროსთან და საზოგადოებასთან ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებით!

წარმოუდგენელი შრომის შედეგად მიღწეული წარმატებების მომღერალს, რატომ უნდა დამჭირდეს ვინმეს ჩარევა იმისთვის, რომ ვიმღერო თბილისის ოპერის თეატრში?! მაგრამ როგორც ვხვდები, ბატონ კინწურაშვილს ამდენი არ ესმის, ის არაპროფესიონალია! და ვინც რას უკარნახებს იმის მიხედვით იქცევა თურმე!

მე, ნანა ქავთარაშვილი, კატეგორიულად მოვითხოვ დავით კინწურაშვილმა კონკრეტულად დაასახელოს ის პიროვნება, ან პიროვნებები, ვინც მას უკრძალავს და ხელს უშლის საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერლების ჩამოყვანას, ხოლო თუ ის ტყუის, მაშინ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მესვეურებმა, ტყუილის თქმისთვის, დაუყოვნებლივ აგებინონ მას პასუხი! ბოლოს და ბოლოს უნდა გაირკვეს და გავიგოთ ჩვენც, ვინ გვიშლის ხელს ჩამოვიდეთ და ვიმღეროთ მშობლიურ თეატრში?! მე ქართველი ვარ, მე ჩემს სამშობლოს და ჩემს თეატრს ვჭირდები!”
პატივისცემით: ნანა ქავთარაშვილი

http://artinfo.ge/2016/06/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment