fbpx

KATTIO – ბავშვობის ოცნება, რომელიც წარმატებულ ბიზნესად იქცა

ავტორი ნინო გონგაძე
1.2K ნახვა

ადრე, თუ გვიან ოცნებები მაინც ხდება. მთავარია არ შევწყვიტოთ ოცნება და მათ ასასრულებლად ვიბრძოლოთ… ამის მაგალითი ჩემი რესპონდენტია, რომელმაც დიდი ხნის ოცნებას შეასხა ფრთები და საკმაოდ წარმატებულადაც… რამდენიმე წლის წინ კი ვერც წარმოიდგენდა, რომ საკუთარი სამკერვალო და ტანსაცმლის ხაზი ექნებოდა.

“კატიო” ჩემი ბავშვობის სიყვარულია, ახდენილი ოცნება, საკუთარი თავის რწმენა, ცხოვრების თავგადასავალი, მიზანი, ფიქრების ზღვა – ასე მაცნობს თავის ბრენდს “კატიოსა” და „ეთნოსის“ შემქმნელი დიზაინერი – კატო ხვედელიძე.

-კატო, რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე ხართ და როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ?

-ოთხი წელია რაც ქართულ ბაზარზე ვართ. თავიდან “კატიო” მხოლოდ სამკაულების ბრენდი იყო, ტანსაცმლის შეკერვა ერთი წლის შემდეგ დავიწყე. პირველად ხეზე დაპრინტულ საყურეებს ვაკეთებდი, რომელიც საერთოდ არ იყო ბაზარზე. საყურეების დამზადების პარალელურად გადავწყვიტე, ბრენდის გაკეთება. ინფორმაცია რომ მოვიძიე, აღმოჩნდა, რომ ბრენდის შესაქმნელად ძალიან ბევრი რამ იყო საჭირო. თუნდაც ბიზნეს გვერდის შექმნა “ფეისბუქსა” და “ინსტაგრამზე”, ლოგო და სხვა წვრილმანი რამ, რომელიც მე არ ვიცოდი. მაქსიმალისტი ვარ, როდესაც რამეს ვაკეთებ, ყველა საჭირო დარგი, მე თვითონ რაღაც დონეზე მაინც უნდა შევისწავლო. ვიპოვე პროფესიონალი ადამიანები, დავარქვი ბრენდს სახელი, ავაწყვე ბიზნეს გვერდი და შევქმენი ლოგო. ეს ყველაფერი საყურეების დამზადების პროცესში გაკეთდა. შემდეგ უკვე დავიწყე საყურეების ონლაინ გაყიდვა. რაც ბრენდს სჭირდება, ყველაფერს მე თვითონ ვაკეთებ. შევისწავლე ფოტოგრაფია. გავიარე მაკიაჟის სპეციალური კურსი, რომელიც ფოტოგადაღებისთვის არის განკუთვნილი. ამგვარად, ჩემი ბრენდის მოდელს მაკიაჟს და თმას მე თვითონ ვუკეთებ.

თნოსი-ethnosi– ქართული ტრადიციული სამოსის ბრენდი. ძველი ქართული სამოსი თანამედროვე ელემენტებით, რამდენად მოთხოვნადია და რა გამოხმაურება აქვს ამ ხაზს?

– ჩემდა გასაკვირად, ეს ხაზი მოთხოვნადი აღმოჩნდა. ყოველთვის მომწონდა ტრადიციული სამოსი, ეს ბრენდიც ამიტომ გავაკეთე. საქართველოში ქართული სამოსი სამწუხაროდ, მხოლოდ ქორწილებში, ან განსაკუთრებულ ადგილებში გვაცვია. გული მწყდებოდა ყოველთვის და არ მინდოდა დაკარგულიყო ის დიზაინი, რაც ქართულ სამოსს აქვს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ქართული ტრადიციული სამოსი იყოს ყველას გარდერობში, თუნდაც ყოველდღიურად სატარებლად. გათანამედროვებული და გადმოტანილი მაქვს ეს ელემენტები პიჯაკებში, ქურთუკებში, მაისურებზე და კაბებზე. რაც ძალიან მოთხოვნადია, როგორც ქართველების, ასევე უცხოელების მხრიდანაც. უფრო მეტი უცხოელი მომხმარებელი მყავს. “კატიოს” კოლექციაშიც ყოველთვის მაქვს ქართული, პატარა დეტალი. ამით ხაზს ვუსვამ ქართულ ბრენდს.

-რაც შეეხება ბრენდ “კატიოს”, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. სამოსის გარდა, სამკაული და აქსესუარებიც გაქვთ. რის დამატებას გეგმავთ და რაზეა უფრო მოთხოვნა?

-რამდენიმე თვეა რაც აქსესუარები დაგვემატა. სამოსის გარდა ხელნაკეთი სამკაულების ხაზიც გვაქვს, რომელსაც ნატურალი ქვებით ვაკეთებ. ასევე გვაქვს ჩანთის და ფეხსაცმლის ხაზი. სეზონის მიხედვით მოთხოვნა ყველაფერზეა.

– რას ანიჭებთ უპირატესობას პროდუქციის შექმნისას?

-ჩემთვის პრიორიტეტულია ყველა სტილის ქალბატონისთვის კომფორტული სამოსის შექმნა. ჩვენ არ გვაქვს ერთი კონკრეტული სტილი. ჩემი მიზანია “კატიოს” სტილში ყველა ქალბატონმა საკუთარი სტილი იპოვოს. აქცენტს ვაკეთებთ ხარისხზე, ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ ქსოვილებსა და ქვებს. ჩვენთან შეკერვის ხარისხიც პრემიუმ კლასის არის. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ როგორც გარედან შეკერილ ვიზუალს, ასევე მის შიდა მხარეს, ჩვენს სამოსს რომ გადაშლი შიგნითაც აბსოლუტურად სრულყოფილია. ნატურალური ქვები სამოსშიც გადმოვიტანე, რომლებსაც ღილებად ვიყენებ. ნატურალური ქვებით გაფორმებული სამოსის დიდი კოლექცია მაქვს.

-რითი ხართ გამორჩეულები?

-გამორჩეულები ვართ, როგორც მასალის, ასევე შეკერვის ხარისხით. ბრენდში არ არის ერთი და ორი სტილი, არის მრავალფეროვნება, როგორც სტილის, ასევე ფერების. რაც სხვებისგან გამოგვარჩევს, ჩვენ არ ვიყენებთ შავ ფერს.

-ქართველებისთვის ყველაზე საყვარელი ფერის ამოღება რატომ გადაწყვიტეთ?

-უბრალოდ ასე გადავწყვიტე. მაღაზიაში ფერადი განწყობა გვაქვს. შემოსული მომხმარებელი ყოველთვის აღნიშნავს, ისეთი აურა და ემოცია გაქვთ მაღაზიაში დიდხანს მიგვყვებაო. ეს მინდოდა ზუსტად. ბრენდი, რომელიც ემოციურ ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე. ჩემი მიზანი ნივთის გაყიდვა არ არის, მე ემოციას ვყიდი.

– რა ფერი სჭარბობს თქვენს კოლექციაში, რომელია თქვენი საყვარელი ფერი?

– გამომდინარე იქედან რომ ჩემი საყვარელი ფერი მწვანეა, ჩემს კოლექციაშიც ეს ფერი სჭარბობს.

-ამ გაზაფხულზე რა ფერებია მოდაში?

-თითქმის ყველანაირი ფერია მოდაში. ასე კონკრეტულად ერთი ფერი არ არის. ძალიან აქტუალურია მწვანე, იასამნისფერი და ვარდისფერი. ამ გაზაფხულისთვის მკვეთრი ფერებია ტრენდული.

-თქვენი საყვარელი დიზაინერი ვინ არის?

-ჩემი საყვარელი დიზაინერი კოკო შანელია. ძალიან მიყვარს “შანელი”, მათი მუშაობის სტილი, ნაჭრები, ყველაფერი.

-ცნობილი ადამიანებიდან ვის ჩააცმევდით თქვენს სამოსს?

-იგივე კოკო შანელს, ძალიან დიდი სიამოვნებით ჩავაცმევდი ცოცხალი რომ ყოფილიყო, გავაფერადებდი ჩემი სამოსით. მოდელებიდან ნაომი კემპბელს. “კატიოში” უფრო მაგათ სტილს და ვიზუალს ვხედავ.

-თქვენს სამომავლო გეგმებში კიდევ რა შედის?

– “კატიოს” დაემატება მამაკაცის ხაზი. ახლა კეთდება რამდენიმე ნიმუში. ჩვენს მაღაზიაში მუდამ იქნება მამაკაცის ხაზი, კუთხე, სადაც სამომავლოდ მათ მრავალფეროვან კოლექციას შევთავაზებთ. გეგმაში  გვაქვს მასიურად დავამატოთ ჩანთების და ფეხსაცმლის ხაზი. ცოტა შემდეგ კი, ბავშვის ტანსაცმლის ხაზი. რამდენიმე ფილიალის გახსნა გვინდა ჯერ საქართველოში, შემდეგ კი, მეზობელ ქვეყნებშიც. ჩემი ბრენდის მომხმარებლების დიდ რაოდენობას, უფრო მეტად უცხოელი მომხმარებელი წარმოადგენს, ამიტომ მინდა რომ როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში იყოს ჩვენი მაღაზიები. მთავარია არ ვჩერდები, ნელ-ნელა მივყვები. ჩემი მიზანია ყოველდღე თითო ნაბიჯით გავაუმჯობესო ჩემი საქმიანობა.

-იყო თუ არა დაბრკოლებები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე?

-რა თქმა უნდა იყო. ძალიან გამიჭირდა პროფესიონალი ადამიანების პოვნა, ვინც ბრენდის შექმნაში უნდა დამხმარებოდა. ხარისხიანი მასალის შოვნაც ჭირდა. ყველაზე დიდი პრობლემა კი ბრენდს პანდემიამ შეუქმნა. სწორედ მაშინ, როცა უკვე სერიოზული ნაბიჯების გადადგმა დავიწყე და მთელი წლის გეგმა შევადგინე. ყველაზე მეტად ამან შემიშალა ხელი. ეს ორ წლიანი ჩაკეტვა, დიდი დარტყმა იყო, ახალი, დამწყები ბრენდისთვის.

– დღეს, რამდენად კმაყოფილი ხართ, გაამართლა თქვენმა ოცნების საქმემ?

-გაამართლა, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა მაღაზია გავხსენი, ბრენდის ცნობადობა და მომხმარებლის რაოდენობა გაიზარდა. ყველაზე მეტად რაც მახარებს, მომხმარებლისგან წამოსული ემოციებია. და არამარტო მათგან. ხშირად შემოდიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც არაფერს ყიდულობენ, უბრალოდ კოლექციას ათვალიერებენ. მათი ემოცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მეუბნებიან, რომ კარგი აურაა მაღაზიაში, რომ ძალიან კარგი ფერები გვაქვს. ჩემთვის ეს შეფასება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაყიდული სამოსი. შეიძლება შემოვიდეს ადამიანი, იყიდოს და წავიდეს, მე კი ვერანაირი ემოცია ვერ ვიგრძნო მისგან, ამიტომ იმ ადამიანს ძალიან ვაფასებ, რომელიც სიტყვიერად დიდ ემოციას გვიტოვებს ხოლმე.

-თქვენი ბრენდის სლოგანი რა არის?

-ჩემი ბრენდის სლოგანია- “ის, რაც მე მჭირდება”. მაღაზიაში შემოსულმა მომხმარებელმა უნდა გაიფიქროს – ეს, ის არის რაც მე მჭირდება. მინდა რომ “კატიოში” ყველა სტილის ქალბატონმა იპოვოს თავისი თავი.

-კატო, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით დამწყებ ბიზნესმენებს?

– პირველ რიგში, დაიწყო იმ დარგსა და სფეროებში გაცნობიერება რაც შენი ბიზნესისთვის გჭირდება, ამის შემდეგ უფრო ადვილად აკეთებ რაღაცებს. როდესაც შენ თვითონ, მფლობელი კარგად ხარ გათვითცნობიერებული, შენთვის საჭირო საკითხებში, შემდეგ ადვილია კადრის მოძიებაც, სწორ და არასწორ კადრსაც უფრო ადვილად არჩევ. სამკერვალოსა და მაღაზიაში არიან ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად ზრუნავენ ბრენდის აშენებასა და განვითარებაზე. კარგი გუნდი წარმატებისკენ სავალი უდიდესი ნაბიჯია.

ჩემი რჩევა ასეთი იქნება, მხოლოდ ის საქმე დაიწყეთ, რომელიც გიყვართ. იშრომეთ თავდაუზოგავად. არ შეგეშინდეთ მარცხების და შეცდომების. ყველა შეცდომა და მარცხი შენი წარმატებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად უნდა იქცეს .

ავტორი: ნინო გონგაძე

KATTIO

კოტე აფხაზის 22

მსგავსი სტატიები

Leave a Comment