fbpx

როგორ მივაღწიოთ წარმატებას – ინტერვიუ წარმატებულ ქართველ ბოდიბილდერთან

ავტორი დადუნა ნადარაია
603 ნახვა

მისი ბიოგრაფია ბევრი რამით არის საინტერესო და გამორჩეული.  ბავშობიდანვე  მიზნად დაისახა,  წარმატებული ბოდიბილდერი გამხდარიყო და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რეალობა ოცნებაზე უკეთესი ყოფილიყო. არადა ოჯახის წევრები და ახლობლები არ იწონებდნენ მის გადაწყვეტილებას, უფრო მეტიც,  ამის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ კიდეც …

ინტერვიუდან შეიტყობთ, თუ როგორ შემართებით იბრძოდა  წარმატების მისაღწევად, როგორ გადალახა უამრავი დაბრკოლება და გახდა თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი.

დღეს უკვე ტრენერია და თავის წარმატების ფორმულასა თუ სასარგებლო რჩევებს დამწყებ სპორტსმენებს უზიარებს და მათ ასწავლის, თუ როგორ მიაღწიონ დასახულ მიზნებს.

ვალერი ნადარაია სწორედ ამ „წარმატების ფორმულების“ შედეგად  რამდენიმე წლის წინ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ბოდიბილდინგსა და ფიტნესში, ერთ-ერთი მთავარი პრიზიორი გახდა.

ვალერი ნადარაია: ბოდიბილდინგმა ჟურნალში ნანახი ცნობილი ბოდიბილდერების ფოტოების ნახვის შემდეგ გამიტაცა. მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მაგრამ გადავწყვიტე  ნამდვილი ბოდიბილდერი გავმხდარიყავი. ამიტომ თავდაუზოგავად დავიწყე ბრძოლა საკუთარი მიზნისთვის. დღემდე არ შევჩერებულვარ. არასოდეს დამიხევია უკან. მე მიყვარს ეს სპორტი. ის ჩემი გულის ნაწილია.

სპორტის ამ სახეობამ მასწავლა დისციპლინა და გამიუმჯობესა ჯანმრთელობა, რადგან კვება ბოდიბილდინგის უმნიშნელოვანესი ნაწილია. ბოდიბილდერები ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ, არ სვამენ და არ იკვებებიან არაჯანსაღი საკვებით.

ბოდიბილდინგი ნიშნავს საკუთარი სხეულის შენებას, თუმცა, როდესაც სპორტის ასეთ სახეობაში იწყებ ვარჯიშს, სხეულისა და კუნთების მშენებლობასთან ერთად შენში ძლიერი პიროვნებაც ყალიბდება.

– გრძნობდით თუ არა მხარდაჭერას გარშემომყოფი ადამიანებისაგან და არსებობდა თუ არა თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელსაც სჯეროდა, რომ აუცილებლად აისრულებდით ოცნებას და გახდებოდით წარმატებული ადამიანი?

– საზოგადოება, ნათესავები და ოჯახის წევრები არ იწონებდნენ ჩემს გადაწყვეტილებას და ხშირად მაკრიტიკებდნენ საყვარელი საქმის გამო. არ არის სასიამოვნო, როდესაც გარშემო ყველა გეუბნება, რომ დაწყებულ საქმეს თავი უნდა დაანებო. ასეთ „კეთილისმსურველებს“ ბევრი არგუმენტი მოჰყავთ შენი ოცნების წინააღმდეგ. მაგრამ მე არასოდეს ვექცეოდი სხვისი აზრის გავლენის ქვეშ და ალბათ სწორედ ასეთი პრინციპულობის გამო შევძელი ოცნების ასრულება.

თუმცა, ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ადამიანი, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი. მე და ჩემი და 90-იან წლებში მძიმე ეკონომიკურ პირობებში ვიზრდებოდით. ერთ პატარა ოთახში ვცხოვრობდით. ხშირად ვიყავით უშუქოდ. ზამთარში სითბო დიდი ფუფუნება იყო ჩვენთვის. ამიტომ ვოცნებობდი გავმხდარვიყავი წარმატებული ადამიანი და თავი დამეღწია სიღარიბისთვის.

ვარჯიშის დროს აუცილებელია კონცენტრაცია, რათა ძალა მოიკრიბო, გარე სამყაროს მოსწყდე და მთელი ენერგია ვარჯიშს მოახმარო. ჩემი და ყოველთვის მიწყობდა ხელს. იჯდა ფანჯარასთან და ხმადაბლა ამზადებდა გაკვეთილებს. ერთხელ მითხრა, რომ ზუსტად ისე ვვარჯიშობდი, როგორც მხატვრულ ფილმებში ვარჯიშობენ სპორტსმენები. ამ სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. ვიცოდი, მას სჯეროდა ჩემი, რადგან მხარში მედგა ნებისმიერი სირთულის დროს. გადავწყვიტე იმედი არ გამეცრუებინა მისთვის და დასახული მიზნისთვის მიმეღწია – გავმხდარიყავი ნამდვილი სპორტსმენი.

– უდიდესი ნებისყოფაა საჭირო იმისათვის, რომ ბოლომდე გაჰყვე შენს ოცნებას და დასახული მიზნისკენ მიმავალი გზიდან არ გადაუხვიო. რას ურჩევდით ადამიანებს, რომელთაც აქვთ საყვარელი საქმის კეთების სურვილი, მაგრამ ისეთ სფეროში აგრძელებენ მუშაობას, რომელზეც არასოდეს უოცნებიათ?

– ნამდვილ პროფესიონალიზმს სანამ მიაღწევ საქმეში, რომელსაც დღეს მოყვარულის დონეზე აკეთებ, მატერიალურად თავი რომ გაიტანო, გჭირდება სამუშაო, რომლის პარარელურად რამდენიმე საათს დაუთმობ საყვარელ საქმეს. შეიძლება ისეთი სამსახური დაიწყო, რომელიც შენს ინტერესებს ჩამოგაშორებს, რაც ხშირად ხდება მიზეზი იმისა, რომ ადამიანები მიზნისკენ მიმავალი გზიდან გადადიან და სხვა სფეროში იწყებენ მოღვაწეობას. ამ ფაქტის გამო ბევრი ივიწყებს საყვარელ საქმეს. მე კარგად მქონდა გაცნობიერებული, რა შეიძლება მომხდარიყო, თუ ჩემს მიზანს დავკარგავდი. ეს იქნებოდა უდიდესი იმედგაცრუება. ამიტომ ბევრი ძებნის შემდეგ ისეთ სამსახურზე შევაჩერე არჩევანი, რომლის პარალელურად ყოველდღე ვივარჯიშებდი სპორტდარბაზში. ეს გადაწყვეტილება დამეხმარა, არ გადამეხვია ჩემი გზიდან და არ დავრჩენილიყავი იმ სფეროში, რომელშიც მაქსიმალურ შედეგს ვერ მივაღწევდი.

სანამ სპორტდარბაზში დავიწყებდი ვარჯიშს, მე თვითონვე ვამზადებდი სავარჯიშო ხელსაწყოებს. წარმოიდგინეთ, სკოლის მოსწავლე საკუთარი ხელით აკეთებს შტანგას და ჰანტლებს, შემდეგ კი დღე და ღამე ვარჯიშობს. ეს იმ პერიოდში მართლაც წარმოუდგენელი იყო გარშემომყოფთათვის. ჯერ კიდევ მეათე კლასში ვიყავი, როცა უკვე საკუთარი ხელით დამზადებული შტანგა მქონდა, რომელიც, ჩვეულებრივ, შედგებოდა ლითონის კეტისა და მის ბოლოებზე წამოცმული დისკოებისგან, რომლებიც თავად გამოვჩარხე მამაჩემის სახელოსნოში. ალბათ სხვა „მუღამი“ აქვს, როდესაც საკუთარი ხელით დამზადებული სავარჯიშო იარაღებით ვარჯიშობ. ეს რწმენას გმატებს და ბოლომდე იბრძვი დასახული მიზნის მისაღწევად.

– არსებობს სტერეოტიპი, რომ ბოდიბილდერების კუნთები ხელოვნურად არის გაზრდილი პროტეინების და ამინომჟავების საშუალებით. როგორც ჩანს, დღეს ბევრი ადამიანისათვის გაუგებარია, რომ დაკუნთული ადამიანის მიღმა ნამდვილი სპორტსმენი დგას. რას გვეტყვით ამის შესახებ ?

-არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბოდიბილდინგი არის გართობა. ასე ფიქრობენ ადამიანები,რომლებიც არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ ბოდიბილდინგის შესახებ და უბრალოდ, დროის გასაყვანად საუბრობენ. მათ არ იციან, რომ სპორტის ეს სახეობა უდიდეს შრომას მოითხოვს. ბოდიბილდინგი ძალიან რთული სპორტია. ის ნებისმიერი სპორტის საწყისია. ყველა სპორტს სჭირდება ბოდიბილდინგი – ანუ იმის ცოდნა, თუ როგორ ააშენო სწორად საკუთარი სხეული.

– რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ დასახულ მიზანს მიაღწიონ, იპოვონ საკუთარი თავი და საყვარელ საქმეს ემსახურონ, მაგრამ გზაზე უამრავი დაბრკოლება ხვდებათ?

როდესაც მიზანს დაისახავ და მის მისაღწევად იბრძვი, უამრავ დაბრკოლებას აწყდები. შენ იბრძვი სისხლის ბოლო წვეთამდე. ზოგჯერ იღლები და გინდა უკან დაიხიო, მაგრამ არ გააკეთო ეს! გქონდეს მიზნები და შენი ოცნებების შესახებ მხოლოდ საკუთარ გულს ესაუბრე. იფიქრე, იოცნებე და ივარჯიშე. შრომა მხოლოდ კუნთებს არ ზრდის. ის გულს პოზიტივით ავსებს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პროფესიის არჩევას აპირებ – ყოველდღე ირბინე! დაიწყე სეირნობით, შემდეგ კი მოუმატე სიჩქარეს. ერთ დღესაც შენიშნავ, როგორ დაგებერება ფილტვები და უკეთესად შეძლებ სუნთქვას. თავს მოტივირებულად იგრძნობ და შეგეცვლება წარმოდგენა სამყაროზე. ერთ დღეს კი დაიჯერებ, რომ შეგიძლია ყველაფერს მიაწიო და დასახულ მიზანსაც მიაღწევ.

– ყველა წარმატებულ ადამიანს აქვს „საიდუმლო წესები “ – როგორ გადალახოს მრავალი დაბრკოლება, იყოს ყოველთვის ოპტიმიზმით სავსე და ყველაფერი გააკეთოს მიზნის მისაწევად. თქვენ თუ გაქვთ განსაკუთრებული წესები, რომლებითაც ხელმძღვანელობთ სასურველი მიზნისკენ მიმავალ გზაზე?

– რადგან ბავშვობიდანვე ვიცოდი, რისი მიღწევა მსურდა, არ დამიკარგავს არც ერთი წამი, არ გადავუხვიე დასახული მიზნისკენ მიმავალ გზას და ბოლომდე ვუერთგულე ჩემს ოცნებას. სწორედ ამიტომ ვემსახურები დღეს ჩემთვის საყვარელ საქმეს. მე არასოდეს შევუწუხებივარ დეპრესიას, მქონდა უშრეტი შემართება და ურყევი რწმენა საკუთარი თავისადმი.

წარმატების ფორმულად კი გონებაში თავმოყრილ აზრებს ვასახელებ. ასეთი ფიქრების დახმარებით მე ყოველთვის მოტივირებულად ვგრძნობდი თავს. წარმოვიდგენდი, რისი გაკეთება მინდოდა მომავალში და შემდეგ ვიწყებდი ჩემს მიერ შექმნილი სურათების ამოკრეფას გონებიდან. არ არის ძნელი რეალობად აქციო ასეთი ოცნებები. მთავარია, გჯეროდეს საკუთარი თავის!

– გაგვიზიარეთ თქვენი წარმატების ფორმულა. ვფიქრობ, ამით ნამდვილად დაეხმარებით ადამიანებს, რომლებიც ოცნებობენ გახდნენ წარმატებულები.

როცა სპორტდარბაზში მოსწავლეებს ვამეცადინებ, ფიზიკური აქტივობების გარდა, მე მათ სამოტივაციო ლექციებსაც ვუკითხავ ბოდიბილდინგის შესახებ, რადგან მინდა ის ცეცხლი გადავცე თითოეულ მათგანს, რომელიც ბავშვობიდან ანთია ჩემს სულში. ეს ცეცხლი ჩემი გულიდან გადაეცემა მათ გულებს, ამიტომ არასოდეს ჩაქრება სპორტსმენებში წარმატებისთვის ბრძოლის სულისკვეთება. მე ტრენერი ვარ. ვზრუნავ, რომ სპორტსმენებმა თავად ააშენონ საკუთარი სხეული, მაგრამ, ამასთან, ვეხმარები ჩემს თითოეულ მოსწავლეს, რომ ნებისმიერი წარმატებისთვის ბრძოლა საკუთარი გონებიდან დაიწყოს.

ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ოცნება რეალობად აქციოს. ჩვენ ეს ნიჭი და უნარი ღმერთისგან გვაქვს ბოძებული. ასე, რომ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, უამრავი ნახატია ჩვენი წარმატების შესახებ ჩაწერილი გონებაში. არ ვიცი, როდის დახატეს ისინი ღმერთებმა, მაგრამ ყველაფერი იმდენად დამაჯერებლად არის შესრულებული, რომ სხვა გზა არ გვაქვს – თითოეული მათგანი რეალობად უნდა ვაქციოთ.

– გვიამბეთ თქვენი გეგმების შესახებ . რა მიზნები გაქვთ სამომავლოდ და აპირებთ თუ არა ახალი ოცნებებისთვის ბრძოლას?

სერიოზული გეგმები მაქვს სამომავლოდ, პირველ რიგში კი მინდა საკუთარი სპორტდარბაზი მქონდეს. ვფიქრობ, ეს ოცნება რომ ამისრულდეს, ზუსტად ისე უნდა ვიშრომო, როგორც ბავშვობაში ვშრომობდი.

თქვენი ტოპ 5 რჩევა მომავალ სპორტსმენებს:

1. პირველ რიგში, გჯეროდეთ საკუთარი თავის და მხოლოდ გულს მოუსმინეთ. მან გაცილებით მეტი იცის თქვენი შესაძლებლობების შესახებ, ვიდრე გარშემომყოფებმა. თუ დაიჯერებ, რომ განსაკუთრებული ხარ, ბევრ წარმატებას მიაღწევ.

2. გახადეთ ვარჯიში ინტენსიური, რადგან წარმატება ყოველდღიური შრომის შედეგია.

3. სწორი კვება, წყალი და კარგი ძილი აუცილებელია თქვენი ორგანიზმისთვის.

4. ეცადეთ იყოთ ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული. თავიდან აიცილეთ სტრესი. ის ხელს უშლის კუნთების ზრდას. იყავით ყოველთვის მოტივირებული შედეგზე, რომელსაც დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწევთ.

5. თუ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ეჭვი შეგეპარათ საკუთარ ძალებში, იცოდეთ, რომ ეს ბუნებრივია. ამიტომ ამ მიზეზით არასოდეს დაიხიოთ უკან. გახსოვდეთ – სამყაროში არ არსებობს ისეთი მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება წარმატებისკენ მიმავალი გზიდან გადახვიდეთ და უარი თქვათ ოცნებაზე. ვფიქრობ, ადამიანი ბედნიერია, თუ ყოველდღე ემსახურება საყვარელ საქმეს. ამიტომ იპოვეთ საყვარელი საქმე, გახდით ნამდვილი პროფესიონალი და იყავით ბედნიერი.

გისურვებთ წარმატებებს!

ავტორი: დადუნა ნადარაია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment

1 კომენტარი

მიმი. March 19, 2021 - 8:15 pm

ძლიერი სპორტსმენი და ნამდვილი ადამიანი.

პასუხი