fbpx

როცა მეტს იმსახურებ!

ავტორი ჟოლო
261 ნახვა
0 კომენტარი
0

როგორც ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, საცხოვრებელი სივრცე ერთგვარი პორტრეტია იქ მცხოვრები ადამიანისა.

ინტერიერის მოწყობა თითქოს ნებისმიერს შეგვიძლია, მაგრამ  ამ საქმის პროფესიონალები ხარისხის მისაღებად, ფერისა და ფაქტურის გარდა, სხვა სპეციფიკურ დეტალებსაც იყენებენ.

თუ ფიქრობთ, რომ მეტს იმსახურებთ და თქვენი საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცე იმაზე გაცილებით ლამაზი და კომფორტული უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის, აუცილებლად უნდა გაიცნოთ ეს ორი ადამიანი – დავით კავლელაშვილი და ფიქრია მოდებაძე.

მე მათთან სოციალურ სივრცეში შემთხვევით აღმოჩენილმა გვერდმა და დახვეწილმა სტილმა მიმიყვანა. რამდენიმეწუთიანი გასაუბრების შემდეგ კი ვთხოვე, ჩვენი საუბრისთვის ინტერვიუს სახეც მიგვეცა.

და დღეს ჩემი რესპონდენტები არიან საკუთარ საქმიანობაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, რომლებსაც საერთო საქმე, უამრავი წარმატებული პროექტი და დიდი გეგმები აერთიანებთ.

 უფრო მეტიც, ინტერიერის დიზაინერობამდე­ ორივეს სხვა პროფესია ჰქონდა, რაზედაც უარი თქვეს და იმის კეთება დაიწყეს, რაც სიამოვნებასა და ბედნიერებას ანიჭებდათ. შეცვლილი პროფესიით კი დღეს სხვებსაც აბედნიერებენ.

მაშ ასე:

როგორ იქმნება საინტერესო ინტერიერი?

რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ კონკრეტული სივრცისგან მიიღო ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებს და გაგაბედნიერებს?

რამდენად არის კავშირში ინტერიერის დიზაინი ადამიანის ცხოვრების სტილთან და მის ხასიათთან?

დავით კავლელაშვილი: ბოლო ოთხი წელია, ეს პროფესია ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. თავიდან ინდივიდუალურად დავიწყე. მერე გადავწყვიტეთ, პარტნიორულ რეჟიმში გაგვეგრძელებინა მუშაობა, დავაფუძნეთ ჯგუფი, შემოვიკრიბეთ საინტერესო ადამიანები და ახლა საკუთარ თავზე მეტ დროს ამ პროფესიას ვუთმობთ. ეს იგივე შემოქმედების ნაწილია და როდესაც შემოქმედებით სფეროში ხარ ჩართული, შედეგთან ერთად, პროცესიც მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად მოიწონებს საზოგადოება შენს პროექტსა და ნამუშევარს. მანამდე კი მთავარია, მე მომეწონოს და მარტივად მივხვდე, მოეწონება თუ არა დამკვეთს.

როცა დამკვეთი მოდის და იმ გარემოს შექმნას გვანდობს, რომელშიც ყველაზე დიდ დროს ატარებს, მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ეს გარემო მისთვის ჰარმონიული და პრაქტიკული იყოს. ამ სივრცეში ყოფნა განტვირთვის, განმუხტვის, დასვენების საშუალებას უნდა გაძლევდეს. ერთი სიტყვით, დამკვეთისთვის განსაკუთრებულ სივრცეს ვქმნით.

როგორ იქმნება ეს განსაკუთრებული სივრცე?

აუცილებლად ვადგენთ იმ პიროვნების ან ოჯახის ფსიქოტიპს, ვინც ამ გარემოში უნდა იცხოვროს ან იმუშაოს. ამას ერთსაათიანი ინტერვიუს სახე აქვს. ფსიქოტიპში შედის ძალიან ბევრი რამ – ჰარმონიული ფერები, დამკვეთისთვის მნიშვნელოვანი დეტალები, რა მოსწონს, რა უნდა, რა სჭირდება…

და ეს იმისთვის კეთდება, რომ ექსკლუზიური და განსხვავებული შეიქმნას და არა რაღაც „ქოფი-ფეისტის“ მსგავსი, როცა, წინა პროექტებიდან გამომდინარე, ბაზას გადმოიტან და უბრალოდ რაღაცას გადააადგილებ. ინდივიდუალიზმი და ინდივიდუალური მიდგომებია მნიშვნელოვანი. კონკრეტული ადამიანის სული უნდა ტრიალებდეს ამ გარემოში, თვითონ გარემოც მისივე სულის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს, რომ სულიერად მშვიდად და მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს თავი.

–  ქართულ ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი გახდა ინტერიერის დიზაინი…

– გეთანხმებით, თუმცა საქართველოში ეს მიმართულება მახინჯი ფორმით შემოვიდა. ჰგონიათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ „ფოტო რენდერი“ არსებობს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ინტერიერი უამრავ მნიშვნელოვან დეტალს შეიცავს, მათ შორის მუშა ტექნიკურ ნახაზებსა და ხარჯთაღრიცხვასაც. შეიძლება პროექტზე ორიდან სამ თვემდეც მოგიწიოს მუშაობა. ჯერ პროექტის კარგად განხილვაა, შემდეგ დამუშავება, ზონირება, გეგმარება. ცალკე დამკვეთთან კომუნიკაციით მიღებული ანალიზი.

– რით გამოირჩევა თქვენი ნამუშევარი კონკურენტების ნამუშევრებისგან? რა არის მთავარი განმასხვავებელი, დამახასიათებელი? რატომ უნდა აგირჩიონ მაინცდამაინც თქვენ?

პირველ რიგში, ინდივიდუალიზმი. ჩვენი სამუშაოს სპეციფიკა ძირითადად დამკვეთის სურვილების გათვალისწინებასა და დამკვეთის ფსიქოტიპზეა დამოკიდებული. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი ნამუშევრები არ მეორდება.

ალბათ ამიტომაც ძალიან მაღალ შეფასებას გვაძლევენ. რეკომენდაციებს უზიარებენ საახლობლო წრეს, ამაყობენ, რომ ჩვენთან მოვიდნენ და ჩვენ აგვირჩიეს. ახლო ურთიერთობაში შევდივართ თითოეულთან, მეგობრული დამოკიდებულება ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს შემოქმედებით პროცესში, რადგან მეტს ვიგებთ ამ ადამიანების შესახებ და მეტს ვაკეთებთ ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.

 – რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

 – ზოგადად, პროფესიით სტომატოლოგი ვარ, თუმცა სტომატოლოგად არასოდეს მიმუშავია. ეს მშობლების დაკვეთა იყო და ალბათ ამიტომაც ვერ ვრეალიზდი ამ მიმართულებით. 

ინტერიერის დიზაინით 4 წლის წინათ დავინტერესდი, თუმცა გადაწყვეტილება, რომ ამ პროფესიას სრულყოფილად დავუფლებოდი და ამ სფეროში დავმკვიდრებულიყავი, პანდემიურმა წელმა მიმაღებინა. თავიდან მარტო ვმუშაობდი, არანაირი გუნდი, არანაირი პარტნიორი…

ფიქრიასთან ერთად წელიწად-ნახევარია ბაზარზე ვპოზიციონირებ. უკვე ჩვენი გუნდიც Art Line Group ჩამოყალიბდა, მე და ფიქრიას გვინდოდა, რაღაც განსხვავებული შეგვექმნა და შევძელით.

უკვე გვქონდა რამდენიმე შემოთავაზება ეგვიპტიდან, ასევე განვიხილავთ კანადას, წარმოდგენილები ვართ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე, რომელთა დახმარებითაც უცხოელებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა გვეძლევა.

 ჩვენი სლოგანია – „როცა მეტს იმსახურებ!“ მიხარია, რომ ვამართლებთ.

მიყვარს ჩემი პროფესია, ამ პროფესიით შემოქმედებითი თვალსაზრისითაც ბევრად უკეთესად ვგრძნობ თავს. შენი სამყარო გაქვს შექმნილი და აკეთებ იმას, რაც გსიამოვნებს.

ფიქრია მოდებაძე: მე პროფესიით ეკონომისტი ვარ და ჩემი ისტორია დაახლოებით ჰგავს დავითის ისტორიას. დიდი ხნის განმავლობაში მქონდა ფარული სურვილი, ინტერიერის დიზაინერი გავმხდარიყავი. ეს ჩემი ოცნება იყო. სადაც არ უნდა წავსულიყავი, უნებურად სულ ინტერიერს ვაქცევდი ყურადღებას.

ჩემი პროფესიით ბანკში ვმუშაობდი, მაგრამ ერთ დღესაც მივხვდი, რომ იქ არ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. სპონტანურად მივიღე გადაწყვეტილება, ყველაფერს თავი დავანებე და ინტერიერის დიზაინერი გავხდი. სერიოზულად დავეუფლე ამ პროფესიას და დავიწყე მუშაობა. იმ დღის შემდეგ არცერთი წამით არ ვნანობ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე და ჩემი მიზნისკენ სერიოზული ნაბიჯი გადავდგი.

მე და დავითი ერთ-ერთ გამოფენაზე შევხვდით ერთმანეთს და შემდეგ უკვე, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, დავმეგობრდით და გაჩნდა იდეა, რომ პარტნიორები გავმხდარიყავით. ორივეს გვინდოდა, საკუთარი გუნდი გვყოლოდა და ბევრად სერიოზული მიზნები დაგვესახა, ვიდრე ცალ-ცალკე პოზიციონირებაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, გავერთიანებულიყავით და დღეს უკვე გუნდი ვართ.

ჩვენს თითოეულ ნაბიჯს საერთო აზრი აერთიანებს, საერთო მიზნები და ამ მიზნისკენ ორივე თანაბრად ვისწრაფვით, გუნდურად. როდესაც ადამიანები ერთი იდეის ირგვლივ ერთიანდებიან, ეს ძალიან დიდი ძალაა და ერთადაც უფრო მეტს ვაღწევთ, ვიდრე ცალ-ცალკე.

ჩემი საქმიანობით დიდ სიამოვნებას ვიღებ. ეს არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის ჩემი შემოქმედების სფერო, რაც სულიერ საზრდოს მაძლევს. ძალიან მინდა, გარკვეული დროის მერე საერთაშორისო ბაზარზეც წარმატებულები ვიყოთ მე და დავითი, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი.

Art Line Group • ინტერიერის დიზაინი

0 კომენტარი
0

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი