ადამიანების უმრავლესობა ენერგეტიკულ დეფიციტში ცხოვრობს და ბალანსის მისაღწევად გარე სტიმულებს საჭიროებს.
ენერგიის გარედან მიღების ყველაზე მარტივი გზა – ეს არის კონფლიქტი.
კონფლიქტის ენერგია ყველაზე იაფიანი და მარტივად მისაღები ენერგიაა. თუ შეხვალ კონფლიქტში ადამიანთან, შენ შეძლებ მიიღო ენერგიის გარკვეული პორცია.
ჩვენი ფსიქიკისთვის მოდალობას მნიშვნელობა არ აქვს… მას არ აინტერესებს – ეს კონფლიქტის ენერგიაა თუ სიყვარულის.
მიაღწიო იმას, რომ შეგაქონ, მოგეფერონ, შეგიყვარონ… რთული ამოცანაა… ამ გრძნობებისთვის უფრო მეტ ენერგიას ხარჯავთ, ვიდრე იღებთ. მაგრამ მიაღწიო იმას, რომ გეჩხუბონ, გაგლანძღონ, გაგაკრიტიკონ… ძალიან მარტივად მისაღწევია.
აი მაგალითად: გთხოვეს ნაგვის გატანა… შენ კი, არ გაიტანო… განაგრძე სავარძელში არხეინად ჯდომა და მალე მიიღებ დამატებით ენერგიას გარედან.
ენერგეტიკულ დეფიციტში მცხოვრები ადამიანები, კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირებას ახდენენ. რა თქმა უნდა, ეს არაცნობიერ დონეზე ხდება… მათ უბრალოდ არ იციან ენერგიის შევსების სხვა გზები.
დარწმუნებული ვარ არაერთხელ აღმოჩენილხართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც საღი აზრი ვერ გეხმარებათ იმის ახსნაში, თუ რატომ იქცევა ესა თუ ის ადამიანი ასე იდიოტურად და არაფრისგან რატომ ქმნის გიგანტურ პრობლემას.
შენ ძაბავ გონებას და ვერ ხსნი, რატომ იმეორებს ეს ადამიანი ერთი და იმავე სისულელეს მეათედ?! არადა ის ამას იმიტომ აკეთებს, რომ პანღური მიიღოს გარედან.
მოკლედ, ეს არის ენერგეტიკულად დეფიციტური ადამიანი.
ლიდერი – ეს არის ენერგეტიკულად პროფიციტული ადამიანი. მას გაცილებით მეტი ენერგია აქვს, ვიდრე საჭიროა ჩვეულებრივი ცხოვრებისთვის.
ლიდერს არ სჭირდება გარე სტიმულები.
საიდან იღებს ენერგიას ლიდერი?
ელექტრო ენერგიის ტრანსფორმატორში სხვაობა მინუსსა და პლუს შორის განსაზღვრავს ძაბვის ძალას. თუ სხვაობა ნულის ტოლია, დენი არ გამოიყოფა.
როგორ ხდება ეს ლიდერის შემთხვევაში?
ლიდერს აქვს აბსოლუტური სიცხადე მის ათვლის წერტილთან დაკავშირებით, რომელიც არ აკმაყოფილებს… და აქვს პერსპექტივის ხედვა, სადაც მისი საქმეები უკეთ მიდის.
სწორედ ეს სხვაობა კვებავს ლიდერს ენერგეტიკულად.
სწორედ ეს სხვაობა ხსნის და ასაბუთებს მის არანორმალურ სწრაფვას გამარჯვებისკენ, წარმატებისკენ, სიმდიდრისკენ…
სწორედ ეს სხვაობა ათენებინებს მას ღამეებს, ამუშავებს მუხლჩაუხრელად.
სწორედ ეს სხვაობა უბიძგებს მას სწავლისა და განვითარებისკენ.
სწორედ ეს სხვაობა უბიძგებს მას თანამოაზრეების ძებნისკენ, კავშირების დამყარებისკენ…
ეს სწორედ ის სხვაობაა, რომელიც შუა ღამეს წამოახტუნებს ლიდერს ლოგინიდან და კონკრეტულ მოქმედებას განახორციელებინებს. ან ოჯახთან ერთად დასასვენებლად წასულს, ამოახტუნებს აუზიდან და სველი ხელებით ჩააწერინებს თავში მოსულ იდეას, ბიზნესის ოპტიმიზებასთან დაკავშირებით.
სწორედ სხვაობა პოტენციალებს, მინუსსა და პლუსს, A-სა და B წერტილებს შორის, ქმნის ამ პროფიციტულ ენერგიას.
თუ ადამიანს არ აქვს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, ის ლიდერი არ არის, იმიტომ რომ ლიდერი – ეს არის ცვლილებების აგენტი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს განუსაზღვრელობა, გამოწვევა და თავგადასავალი.
კომფორტის ზონაში ჩარჩენილი ადამიანი, რომელიც რისკს თავს არიდებს, არ არის ლიდერი.
თუ ლიდერი არ არის დაინტერესებული ცვლილებით, ესეიგი ის ლიდერობას პაგონებივით იხსნის.
ლიდერი არ არსებობს ხედვის გარეშე.
თქვენ ალბათ იცით, რომ მენეჯმენტის მთავარი ფუნქცია – ეს არის დაგეგმვა.
დაგეგმვა კი, შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:
პერსპექტივის ხედვა
მიზანი
დეკომპოზიცია
მოქმედება
კორექტირება
მოქმედება
ფაქტი
ლიდერი არ ელოდება ბედს, რომ ის გაიყვანს მაგისტრალს მის A წერტილსა და B წერტილს შორის.
ლიდერი თავადაა ბედი!
რაც უფრო მასშტაბურია მიზანი, მით უფრო მძლავრია ძაბვა. ანუ, რაც უფრო მასშტაბურია სხვაობა პოტენციალებს შორის, მით უფრო გლობალურია ცვლილება მოკლე მონაკვეთში. შესაბამისად, მით უფრო მეტ ენერგიას გამოყოფს ფსიქიკა ამ ცვლილებებისთვის.
მაგრამ აქ არის კიდევ ერთი, საკვანძო კომპონენტი:
რწმენა!
ადამიანს უნდა სწამდეს, რომ ამ ცვლილების მოხდენა შესაძლებელია. თუ მას არ სჯერა და უბრალოდ უნდა, უკეთესად ცხოვრება, ის არ იმოქმედებს და საბოტაჟს მოუწყობს საკუთარ თავს.
აქედან პასუხი: თუ თქვენ გინდათ კარგად ცხოვრება, მაგრამ არ მოქმედებთ, ესეიგი ქვეცნობიერ დონეზე არ გჯერათ, რომ შეგიძლიათ ამ ცვლილების მოხდენა და შესაბამისად არ ხართ ლიდერი.
ამ შემთხვევაში, პოტენციალებს შორის არსებული სხვაობიდან გამომდინარე ენერგია გაქვთ, მაგრამ ეს ენერგია მიმართულია შიგნით, თვითგანადგურებაზე.
© რადისლავ განდაპასი
ავტორი: გიორგი თვალაძე