— რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი?
— ქალს? — სამი რამ უნდა ჰქონდეს კარგი — ხასიათი, ტან-ფეხი და სახე.
— რაღა ახლა მოგინდა სიმარტივე? — თუმცაღა სწორი კია…
— ეგრე თუა, უფრო მარტივად უნდა გეთქვათ.
— როგორ მაინც?
— როგორ და: ხასიათი და გარეგნობა. თუმცა «ტან-ფეხი» გარეგნობაზე მოკლე სიტყვაა… ასოების მხრივ… უი, ჰო, სახე როგორ დამავიწყდა?
— მაშინ თქვენ სცადეთ…
— ნამდვილ ქალს… მისი გამოჩენიდან დავიწყებ, კარგი… ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაიარებოდეს… ოღონდ უნებურად.
— ფეხაკრეფით?
— კი. როგორც დევნილი… ან, მდევარი.
— და როცა მოვა, — როდესაც მოვა და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს — დუმილის დროსაც რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი.
— ეს როგორ…
— ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე — მხარი, კისერი, ნამდვილი ქალის წელი, ხელები, მუდამ ამბობენ…
— რას ამბობენ…
— არ იცი ის შენ… და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ… ო, მაშინ…
— თვალებით ყველაფრის თქმა უნდა შეეძლოს, ყველაფერს მიგანიშნებს, და რაც მთავარია, უნდიხარ შენ თუ არა…
— სახის ჩრდილები, — ყველაფერსა აქვს თავისი ჩრდილი, — შუბლს, თმას, ცხვირს, ტუჩებს…
— ქალი საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს თავაზიანად მოსაუბრე და სასიამოვნო მსმენელი, და რაღა თქმა უნდა, სასარგებლო კერძებსაც ამაღლებული შექების ღირსად უნდა ამზადებდეს.
— არა, მაინც რა უბედური გამოთქმა იყო — ტან-ფეხი…
— თქვენ ბრძანეთ უკეთ, ჩვენ მოსმენაც კი შეგვიძლია მოთმენით, დიახ, უკიდურესი აუცილებლობის გამონაკლის შემთხვევებში.
— ეს ერთადერთია, როცა ვიბნევი, — არ შემიძლია…
— რატომ?
— რატომ და მას არ ძალუძს სიტყვით მოიაროს ქალის კარგი სხეულის ღირშესანიშნავი ადგილები.
— არა, არა, მაგიტომ არა…
— აბა რატომ?
— რატომ და ვიბნევი, — თავიდან რომელს მივადგე, რომელი ერთი…
— აი, თუნდაც ხელისგული…
— ნამდვილი ქალის ხელი აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ… მერე ფრთხილად ჩამოაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ — მაშინ მიხვდებით, ნამდვილი ქალი თუა… ანდა, საკუთარი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ — რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვით ქალის ხელისგული…
ნაწყვეტი გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებიდან, «სამოსელი პირველი»