fbpx

მიუხედავად ყველაფრისა აკეთეთ სიკეთე (იგავი)

ავტორი ჟოლო
3,013 ნახვა

ერთი, ინდოელი ღარიბი ქალი ყოველ დილით აცხობდა ორ პურს – ერთს ოჯახის წევრებისთვის, მეორეს დამატებით, შემთხვევითი გამვლელისთვის. მეორე პურს, ქალი ყოველთვის დებდა რაფაზე და ნებისმიერ გამვლელს შეეძლო მისი აღება.

ყოველთვის, როდესაც რაფაზე პურს დებდა ლოცულობდა შვილისთვის, რომელიც დიდი ხნის წინ, უკეთესი ცხოვრების საძებნელად წავიდა სახლიდან და რომელზეც არაფერი სმენოდა. დედა ლოცულობდა შვილის უვნებლად დაბრუნებაზე.

რამდენიმე ხანში ქალმა შენიშნა, რომ ყოველ დილით ვიღაც კუზიანი მოხუცი მოდიოდა და იღებდა პურს. თან მადლიერების ნაცვლად, წაიბურდღუნებდა: “ბოროტებას რომელსაც სჩადიხართ რჩება თქვენთან, ხოლო სიკეთე გიბრუნდებათ თქვენვე!” იტყოდა და გაუდგებოდა თავის გზას.

ასე გრძელდებოდა დიდი ხანი. მადლიერების სიტყვების გამოუხატავად, ქალი თავს მოტყუებულად  გრძნობდა. არ მოსწონდა უმადური კუზიანი მოხუცი. ფიქრობდა  – “ეს კუზიანი, ყოველ დილით  ერთსა და იგივეს ამბობს! რას გულისხმობს ნეტავ? რა აქვს მხედველობაში?!”

ერთხელაც, ძალიან გაღიზაინებულმა და განერვიულებულმა გადაწყვიტა წერტილი დაესვა ამ უმსგავსო საქციელისთვის. “თავიდან უნდა მოვიცილო ეს საზიზღარი  და უმადური კუზიანი!”– თქვა გულში და მეორე პურს საწამლავი დაამატა. როდესაც გამომცხვარ პურს რაფაზე დებდა, ხელები აუცახცახდა. “კი მაგრამ რას ვაკეთებ?!” – გაიფიქრა და დანთებულ ცეცხლში გადაუძახა. ახალი გამოაცხო და დადო რაფაზე.

კუზიანმა, პური აიღო და ჩვეულად ჩაიბურდღუნა: “ბოროტებას რომელსაც სჩადიხართ რჩება თქვენთან, ხოლო სიკეთე გიბრუნდებათ თქვენვე!” რის მერეც, განაგრძო გზა ისე, რომ ქალის შინაგან, ბობოქარ ემოციების არსებობაში ეჭვი არც კი გასჩენია.

იმავე საღამოს, გაისმა კარზე კაკუნი. ქალმა კარი გააღო და ზღურბლზე მონატრებული შვილი შერჩა ხელში. ბიჭი საშინლად გამოიყურებოდა: მშიერი, გამხდარი, დასუსტებული, ძონძებში გახვეული.

“დედა, აქ რომ ვარ და გხედავ ნამდვილი სასწაულია! სახლიდან რამდენიმე კილომეტრში  ვიყავი, როდესაც შიმშილისგან გული წამივიდა. მოვკვდებოდი რომ არა მოხუცი კუზიანი, რომელმაც სიკეთე გამოიჩინა და მომაწოდა მთლიანი პური, რომელიც მისი მთელი დღის, ერთადერთი საჭმელი იყო. ის მიხვდა, რომ მე უფრო მჭირდებოდა.“

როდესაც, დედა ამ სიტყვებს უსმენდა გაფითრდა და ფეხები რომ არ მოკვეთოდა, კარს მიეყრდნო. გაახსენდა დილით მოწამლული პური, როგორ ჩააგდო ცეცხლში, ასე რომ არ მოქცეულიყო მისი შვილი ახლა ცოცხალი არ იდგებოდა მის წინაშე!

ახლა კი, ქალი მიხვდა კუზიანი მოხუცის სიტყვების აზრს: “ბოროტებას რომელსაც სჩადიხართ რჩება თქვენთან, ხოლო სიკეთე გიბრუნდებათ თქვენვე!”

იგავის მორალი:
შეეცადეთ, ყოველთვის აკეთოთ სიკეთე, თუნდაც, მოცემულ დროს, არავინ არ აფასებდეს მას.

თამარ კვარაცხელია

https://zrda.wordpress.com/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment