fbpx

,,შენთან უსაფრთხოდ ვარ და ჩემს საიდუმლოებებს განდობ”…

ავტორი ჟოლო
83 ნახვა

ეს მე ვარ, ნახატის ავტორი კი 7 წლის საოცარი გოგოა, რომელიც დედამ ჩემთან მოიყვანა, რომ მის შიშებზე, შფოთვასა და გულისტკივილზე გულწრფელად გვესაუბრა…. სესიის ბოლოს კი საჩუქრად ეს ნახატი მივიღე. დედიკოს სთხოვა პატარა ფურცელზე დაეწერა სიტყვა ,,საიდუმლო” და ჩემს პორტრეტს საგულდაგულოდ მიაწება.

მისი გზავნილი იყო მარტივი და უძვირფასესი ,,შენთან უსაფრთხოდ ვარ და ჩემს საიდუმლოებებს განდობ”.

ნდობა იბადება იქ სადაც შენს სათქმელს უსმენენ, იგებენ და გაღიარებენ.

ამ ისტორიამ მომცა ინსპირაცია თქვენთვის 5 ამბავი დამეწერა ნდობაზე, რომელიც ვფიქრობ თქვენ და თქვენს შვილებს დაგეხმარებათ.

მაშ ასე:

1. მოუსმინეთ განსჯის გარეშე.მისთვის მნიშვნელოვანია, რომ უსმენდნენ და არ გააკრიტიკონ.

2. შეასრულეთ დაპირებები – ბავშვისთვის მშობლის სიტყვა მთავარი გარანტია უსაფრთხოების და სტაბილურობის განცდის შესაქმნელად.

3.აღიარეთ შეცდომები – „მე ვცდებოდი“ ეს ფრაზა აჩვენებს გულწრფელობას  და ნამდვილი ურთიერთობის მოტივაციას იძლევა.

4. გამოიჩინეთ ინტერესი – დაინტერესდით ბავშვის ყოველდღიური ამბებით, ჰობითა და ოცნებებით.

5.შეინარჩუნეთ სიმშვიდე. – ბავშვები ენდობიან მშობლებს, როცა გრძნობენ მათ ემოციურ სტაბილურობას.

გავიაზროთ პირველი ეტაპის ქმედებების არსი და მნიშვნელოვნება. ანუ რასაც ვაკეთებთ რა მიზანს ემსახურება და როგორი შეიძლება იყოს პოტენციური შედეგი.

რას ვაკეთებთ:

1. ვუსმენთ ღიად და გულწრფელად

2. ვასრულებთ დაპირებებს

3. ვაღიარებთ შეცდომებს

4. ვინტერესდებით ბავშვის ცხოვრებით

5. ვინარჩუნებთ სიმშვიდეს რთულ მომენტებში.

რისთვის ვაკეთებთ:

1. იმისთვის, რომ ბავშვმა იგრძნოს უსაფრთხოება და სანდოობა

2. იმისთვის, რომ მშობლის სიტყვას ჰქონდეს ფასი და ძალა

3. იმისთვის, რომ ვაჩვენოთ პატიოსნებისა და რეალურობის მაგალითი

4. იმისთვის, რომ ბავშვმა იგრძნოს საკუთარი მნიშვნელოვნება.

,,მე მისმენენ, მე მიზიარებენ, მე მიხსნიან, მე მენდობიან ე.ი მე მნიშვნელოვანი ვარ“

5. იმისთვის, რომ ოჯახში შეიქმნას მშვიდი და დაცული გარემო

რა შედეგს მივიღებთ?!

1. შვილს, რომელსაც უყალიბდება ღრმა ნდობა მშობლის მიმართ

2. ურთიერთობას, რომელიც ხდება ღია და გულწრფელი

3. ოჯახს, რომელშიც ისადგურებს სიმშვიდე და თანხმობა

4. ბავშვს, რომელიც სწავლობს ემოციების რეგულირებას და გრძნობს საკუთარი თავის ღირებულებას

5. მშობელს, რომელიც სწავლობს საკუთარ ჩვევებზე დაკვირვებას, შვილის მოსმენას, მისი ქმედებების  მიღმა საკუთარი ფარული ემოციების აღმოჩენას, ამ პროცესში მეტ ემპათიას, საკუთარ პიროვნულ განვითარებას და ზრდას.

1. მოსმენის ბარათი

ბარათი: „ბავშვი გიყვებათ იმ ამბავს, რაშიც არ ეთანხმებით. რას უპასუხებთ ისე, რომ მხოლოდ მოუსმინოთ და არ უარყოთ მისი სურვილი ?!

ვარჯიში: დაახლოებით 2 წუთი მხოლოდ დამადასტურებელი ფრაზები უნდა გაიმეოროთ(,,მესმის“, „მაინტერესებს შენი აზრი“)

შედეგი: მშობელი სწავლობს კრიტიკის გარეშე მოსმენას.ზოგადად მოსმენას და თანაგანცდას.

2. დაპირების ბარათი

ბარათი: „დაპირდით შვილს ისეთ რამეს, რასაც ნამდვილად შეასრულებთ”

ვარჯიში: დაწერეთ 3 დაპირება და უთხარით ბავშვს,რომ აუცილებლად შეასრულებთ.

შედეგი: ბავშვი სწავლობს, რომ მშობლის სიტყვა სანდოა. ასევე თქვენს მაგალითზე სწავლობს სიტყვის ფასს და მნიშვნელოვნებას.

3. შეცდომის ბარათი

ბარათი: „გაიხსენეთ ბოლო შეცდომა, რომელიც შვილთან ურთიერთობის დროს დაუშვით. რას ეტყოდით ახლა?“

ვარჯიში: ხმამაღლა უთხარით,,მე ვცდებოდი, ბოდიში“. და აუხსენით,რომ შეცდომები ყველას მოსდის და ეს ზრდის და განვითარების თანმდევი პროცესია. თქვენთვის დაწერეთ როგორ ეხმარება ეს სავარჯიშო სანდო გარემოს შექმნას. წერის პროცესში მიღებული გაცნობიერებები უკეთ დაგანახებთ ამ პროცესის და სავარჯიშოს მნიშვნელოვნებას.

შედეგი: ბავშვი ხედავს, რომ შეცდომა = სწავლა, რომ დიდებიც სწავლობენ, მათაც ეშლებათ, რომ შეცდომა არ ნიშნავს სიყვარულის დაკარგვას და არც უშეცდომობა მის  დამსახურებას.

4. ინტერესის ბარათი

ბარათი: „კითხვა, რომლითაც გამოხატავ ბავშვის ცხოვრების და მისი მისწრაფებების მიმართ შენს გულწრფელ ინტერესს:მაგ: ,,რა გაგიხარდა დღეს?” როგორი იყო შენი დღევანდელი დღე?!” ,,ხომ არ გინდა რამე გამიზიარო შენი დღევანდელი დღიდან?!”…

ვარჯიში: ყოველდღე დაწერე ერთი განსხვავებული კითხვა 7 დღის განმავლობაში. მთავარია კითხვა იყოს მიმართული ბავშვის სამყაროს უკეთესად აღქმისკენ და არ შეიცავდეს დაჟინებული ჩაკითხვის ელემენტებს.

შედეგი: ბავშვი გრძნობს, რომ მისი ცხოვრება მშობლისთვის ღირებულია. ხვდება რომ მისით დაინტერესებული არიან. საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნება კი ყოველთვის ზრდის თვითშეფასებას.

5. სიმშვიდის ბარათი

ბარათი: „ბავშვი ყვირის. ბრაზობს, აგრესიულად გამოხატავს ემოციას. როგორია თქვენი რეაქცია?!”

ვარჯიში: ღრმა სუნთქვა (4-4-6 რიტმით ანუ 4 თვლაზე ჩასუნთქვა, მე-4 შეყოვნება და 6-ზე ამოსუნთქვა) აკეთებთ მაქსიმუმ სამჯერ. სუნთქვითი ვარჯიშის შემდეგ მშვიდად და მტკიცედ ამბობთ ფრაზას: ,,ახლა მზად ვარ გესაუბრო“.

შედეგი: ბავშვი სწავლობს, რომ მშობელი  არის ემოციურად გაწონასწორებული, სტაბილური და მისი სიმშვიდის გარანტი.

ამ 5 პუნქტის გააზრება და დაცვა დაგეხმარებათ თავად გახდეთ თქვენი და თქვენი შვილების საუკეთესო ,,ფსიქოთერაპევტი”.

შეძლოთ მუდმივ რეჟიმში წვრთნათ და სრულყოთ თქვენი უმნიშვნელოვანესი როლი- მშობლობა.

შექმნათ მენტალური სიჯანსაღის ატმოსფერო და ჰარმონია თქვენს ურთიერთობებში შვილებთან და შესაბამისად, თქვენს ოჯახებში.

მათ, ვისაც დაგაინტერესებთ უფრო დეტალურად ტრანსფორმაციული თამაშების სტრუქტურა მომწერეთ პოსტის ქვეშ სიტყვა ,,ნდობა” და პირად შეტყობინებაში გამოგიგზავნით ამ ხუთი სავარჯიშოს დეტალურ ვერსიას.

გახსოვდეთ:

თქვენ ხართ საუკეთესო შვილების საუკეთესო მშობლები და ეს სივრცე, თქვენი შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.

სიყვარულით და პატივისცემით თქვენი ფსიქოთერაპევტი: ეკა ჩემია❤️

ფსიქოთერაპია ეკა ჩემიასთან – Psychotherapy with eka chemia 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment