სად მიდის სიყვარული? — ჰკითხა მამას პატარა ბედნიერებამ.
— კვდება, — უპასუხა მამამ, — ადამიანები არ უფრთხილდებიან იმას, რაც აქვთ. უბრალოდ, არ იციან სიყვარული!
პატარა ბედნიერება ჩაფიქრდა, აი, გავხდები დიდი და დავეხმარები ადამიანებსო! გავიდა წლები. ბედნიერება გაიზარდა და დიდი გახდა. მას ახსოვდა თავისი დაპირება და მთელი ძალით ცდილობდა, დახმარებოდა ადამიანებს, მაგრამ ადამიანები არ უსმენდნენ. ბედნიერება თანდათან დიდიდან მცირედ იქცა, დაბეჩავდა. ძალიან შეეშინდა, სულ არ გავქრეო და შორ გზას დაადგა, რომ თავისი გასაჭირის წამალი ეპოვა.
ცოტა იარა თუ ბევრი იარა, გზად არავინ შეხვედრია, ეგ იყო, უფრო ცუდად გახდა. შესასვენებლად გაჩერდა. ტოტებგაშლილი ხე ამოირჩია და წამოწვა. ის-ის იყო ჩათვლიმა, რომ მოახლოებული ნაბიჯების ხმა შემოესმა.
თვალები გაახილა და ხედავს: მოდის ტყეში დაძონძილი, მიხრწნილი დედაბერი, ფეხშიშველი, კვერთხით.
მიეჭრა მას ბედნიერება:
— დაბრძანდით. ალბათ, დაიღალეთ. უნდა დაისვენოთ და მომაგრდეთ.
მოხუცს ფეხი მოეკვეთა და ეგრევე ბალახზე დაებერტყა. მგზავრმა ცოტა რომ დაისვენა, ბედნიერებას თავისი ისტორია მოუყვა:
— საწყენია, ასე მიხრწნილად რომ გთვლიან, არადა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და სიყვარული მქვია!
— ეს თქვენ ხართ სიყვარული?! — გაოგნდა ბედნიერება. — მეუბნებოდნენ, რომ სიყვარული ამქვეყნად ყველაზე ლამაზია!
სიყვარულმა ყურადღებით შეხედა და ჰკითხა:
— შენ რაღა გქვია?
— ბედნიერება.
აი, თურმე რა. მეც მეუბნებოდნენ, რომ ბედნიერება მშვენიერი უნდა ყოფილიყო, — და ამ სიტყვებზე თავისი ძონძებიდან სარკე გამოაძვრინა.
ბედნიერებამ საკუთარი გამოსახულება რომ დაინახა, ხმამაღლა ატირდა. სიყვარული გვერდით მიუჯდა და ხელი ნაზად მოხვია.
— რა გვიქნეს ბედმა და ამ ბოროტმა ადამიანებმა? — სლუკუნებდა ბედნიერება.
— არაფერია, — უთხრა სიყვარულმა, — თუ ერთად ვიქნებით და ეთმანეთზე ვიზრუნებთ, მალე ახალგაზრდებად და ლამაზებად ვიქცევით.
და აი, ამ ტოტებგაშლილი ხის ქვეშ სიყვარულმა და ბედნიერებამ პირი შეკრეს, რომ ერთმანეთს არასოდეს დაშორებოდნენ. მას შემდეგ, თუ ვინმეს ცხოვრებიდან სიყვარული მიდის, მას ბედნიერებაც თან მიჰყვება, ცალ-ცალკე ვერსად ნახავ. ადამიანებს კი დღემდე არ შეუძლიათ ამის გაგება.
P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია.
შვხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
წყარო: წიგნი „თქმულებები სიყვარულზე“ [ავტორი-შემდგენელი: ქეთევან გოგიაშვილი]
წყარო: http://mebonia.com/igavebi/siyvaruli-da-bedniereba