fbpx

„ვერწარმოთქმული სიტყვები“ -76 წლის ნორა ბებოს გზავნილი საბერძნეთიდან

ავტორი ჟოლო
108 ნახვა

„საერთოდ მეღირსება შვილო, ჩემი მიწის ნახვა?.. მენატრება უსაშველოდ“ – ეს 76 წლის ნორა ბებოს სიტყვებია… ნორა ბებოსი, მასზე 35 წლით ახალგაზრდა ქალს, რომ ემსახურება ათენში და საქართველოში ორ ოჯახს არჩენს საბერძნეთიდან…

კიდევ უნდა რაღაცის თქმა და … ყელში ეჩხირება სათქმელი…

ტირის… არა… კი არ ტირის, პატარა ბავშვივით ზლუქუნებს…

ეს ნორა ბებოს ვერწარმოთქმული სიტყვებია…

ყველაზე მძიმე ტვირთი, რომელიც საბერძნეთიდან ჩამოვიტანე საქართველოში…

ვერწარმოთქმული სიტყვები,

რომელიც ახლაც ჩამესმის…

***

საბერძნეთიდან გუშინ დავბრუნდი….

ათენში სხვა ქართველებიც ვნახე…

წარმატებულებიც, ბედის მაძიებელნიც, საბერძნეთს სამუდამოდ შეკედლებულნიც და … ბევრის სახე დამამახსოვრდა…

13 წლის ვარო – ოქროსკულულებიანმა ლამაზმა გოგონამ, საქართველო ჯერ არ მინახავსო …

4 წლის ბიჭმა ბერძნულად მითხრა რაღაც, გამიღიმა და გაიქცა… გადამითარგმნეს – „მეც ქართველი ვარო“ – უთქვამს…

„11 წელია ჩემს ქვეყანაში არ ვყოფილვარო,- მაიამ, საქართველო მენატრება, მაგრამ შვილებს მე ვყავარო პატრონად… მათი ღალატი იქნებაო ჩემი დაბრუნება“…

„დამაბრუნეთო ჩემს სახლში შვილებოო, დაიღალაო დედათქვენი“ – ცრემლიანმა თამარა დეიდამ….

ცრემლიანი დედა ბევრი ვნახე, ტკივილიანი ისტორიაც ბევრი მოვისმინე…

„სტრესის ბრალი არის ის უამრავი დაავადება, რაც აქ მყოფ ქალებს ემართებათო“ – ირინა ექიმმა…

ფსიქოლოგიურ სტრესს ის მძიმე და რთული სამუშაოც ემატება უცხოეთში მყოფ ემიგრანტების უმეტესობას რომ უწევთ…

მეფიქრება …

უცხოეთიდან ფულის მომლოდინე შვილებზე, ძმებსა და ქმრებზე მეფიქრება …

იმათზეც, ბოლო ხმაზე რომ გაჰყვირიან – „ქართველობას გვართმევენო“.

რაო, ვინ გვართმევს ქართველობას ?!

……….

საქართველოში დარჩენილო ქართველებო, – ჟურნალისტებო, პედაგოგებო, პოლიტიკოსებო, მღვდლებო თუ მღვდელმთავარნო, ხელისუფალნოოოო … ერო და ბერო… 

76 წლის ნორა ბებოს ვერწარმოთქმული სიტყვები ჩამოგიტანეთ საბერძნეთიდან…

……….

P. S

იცით, რაზე მეფიქრება?! ჩვენი ქვეყნის ბედი რომ გვაბარია და საქმის გაკეთების ნაცვლად იაფფასიან თავსატეხებს რომ ვიგონებთ თავისა და ხალხის გასართობად…

ღლიცინში, ერთმანეთის დაჭმასა და გინებაში რომ ვატარებთ დროს.

საკუთარ ამბიციებსა და პირად ანგარიშებს რომ შევწირეთ თაობები, გუშინდელი თუ დღევანდელი დღე

და ვწირავთ მომავალსაც!

გ ა მ ო ვ ფ ხ ი ზ ლ დ ე თ !!!

იქნებ ჯერ კიდევ არ იყოს გვიან…

დეა თავბერიძე

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment