თანაცხოვრების პირველი წლის ბოლოს შეგიძლიათ თამამად თქვათ, რომ თავისებურ გამოცდას გაუძელით: ძველებურად გიყვართ ერთმანეთი, მაგრამ მაინც… ჰორიზონტზე ძლივს შესამჩნევი ღრუბელი გამოჩნდა. ვინ იცის რამდენი წელი მოგიწევთ ერთად ყოფნა და ბედნიერები იქნებით თუ არა?! და მაინც, რამდენიმე სიგნალი მეტნაკლები სიზუსტით გკარნახობთ, რა გელით:
ნდობა. თუ მამაკაცი, თავისი ქცევით ამბობს, რომ მარტოც მშვენივრად იყო, ქალი კი “მკითხაობს”, მას ეკუთვნის თუ არა პარტნიორის გული, ერთ-ერთი (ან შეიძლება ორივე) დისკომფორტს განიცდის.
სისუსტეთა შეცნობა. წყვილთა ურთირერთობაში კრიზისის გამომწვევი ერთის დაჟინებული მცდელობაა- გარდაქმნას მეორე. მშვიდად არ უნდა შეეგუოთ რჩეულის უარყოფით თვისებებს, მაგრამ წყალში ჩაყრილია შრომა, როცა ცდილობთ, მოათვინიეროთ და პედანტად აქციოთ ბუნებით დაუდევარი.
ლაპარაკის და მოსმენის უნარი. თუ მიგაჩნიათ, რომ საიდუმლო თქვენს შორის არ არსებობს და უსიტყვოდ უგებთ ერთმანეთს, დაფიქრდით- ეგებ ერთ-ერთი თქვენგანი სიმართლეს ბოლომდე არ ამხელს ან სულაც “დუმილის უფლება აქვს არჩეული?”
ურთიერთშევსება. ხასიათის სრული შეწყობა კავშირის განვითარებისათვის ისეთივე გამოუსადეგარია, როგორიც მკვეთრად გამოხატული აშკარა შეუთავსებლობა. კავშირს ძალას სწორედ პარტნიორების ურთიერთშეფასება აძლევს. ხშირად პარტნიორში ჩვენი “მეს” ფარულ ნაწილს ვეძებთ და მაშინ რაციონალურ მამაკაცს ემოციური ქალი უყვარდება, ხოლო ზედმეტად მოწესრიგებული ქალი მოვალეობებისგან თავისუფალ მამაკაცს ირჩევს. ერთიან კავშირში, ურთიერთშევსებით, ორივე პარტნიორი იგებს.
საერთო ინტერესები. განსხვავებული ტემპერამენტისანები საუცხოოდ ავსებენ ერთმანეთს. მაგრამ მათ საერთო ინტერესების მინიმუმი მაინც უნდა გამონახონ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ ერთსა და იმავე პოლიტიკურ პარტიას უნდა მისცენ ხმა ან ერთსა და იმავე კერპს ეთაყვანონ- საკმარისია, ერთი მათგანი მეორის მხოლოდ ერთ სერიოზულ გატაცებას იზიარებდეს. საერთო ინტერესები მეგობრობის საუკეთესო ფუნდამენტია, მართალია, მეგობრობა სიყვარულს ვერ შეცვლის, მაგრამ მაინც, მეგობრობაა ის ძალა, რომელიც პარტნიორებს სირთულეს დააძლევინებს.
სექსუალურობა. თუ გსურთ, სიყვარული გაიხანგრძლივოთ, დაუოკებელი ვნება ყოველდღიური სექსით შეცვალეთ. ველური ვნების ცეცხლს პარტნიორები დიდხანს ვერ უძლებენ. მოზომილი ურთიერთობები პარტნიორებს ნაზ და ვნებიან სიყვარულს უხანგრძლივებს.
კამათის ხელოვნება. კამათის სიმწვავის ხარისხი კარის მიჯახუნების სიძლიერით კი არ განისაზღვრება, არამედ კონფლიქტის მოგვარების შემდეგ წყვილის ურთიერთობით: ცხარე კამათის შემდეგ რაღაც უნდა გაირკვეს და შეიცვალოს.
საჭიროა სიცილი. საკუთარ და პარტნიორის შეცდომებს იუმორით უნდა შეხედოთ. ეს დაძაბულობის განმუხტვის საუკეთესო საშუალებაა.