fbpx

„დალოცე, უფალო, შენ ჩემი მტრები და მეც ვლოცავ მათ და არა ვწყევლი“

ავტორი ჟოლო
248 ნახვა

„აი ეს სასწაულებრივი ლოცვა უნდა იკითხოს ყოველდღე ყველამ, ჩემის მოკრძალებული აზრით “

მამა გურამ ოთხოზორია 

„დალოცე, უფალო, შენ ჩემი მტრები, და მეც ვლოცავ მათ და არა ვწყევლი.
მტრებმა მეტად, ვიდრე მეგობრებმა, ჩამაკონეს შენს მკლავებს. მეგობრებმა მიწას მიმაჯაჭვეს, მტრებმა ამიშვეს მიწისაგან და წუთისოფელში ყველა ჩემი იმედი დაამსხვრიეს.
მტრებმა ამსოფლიურ სამფლობელოებში გამაუცხოვეს და სოფლის უცხო ბინადრად მაქციეს. როგორც დევნილი მხეცი პოულობს უფრო საიმედო საფარს, ვიდრე იგი, რომელსაც არ სდევენ, ასევე მეც, მტერთაგან დევნილმა, შენს კარავში ვპოვე საუკეთესო თავშესაფარი, სადაც არც მეგობრებს, არც მტრებს, არ ძალუძთ დაღუპონ ჩემი სული. დალოცე, უფალო, შენ ჩემი მტრები, და მეც ვლოცავ მათ და არა ვწყევლი.
მათ ჩემს მაგივრად აღიარეს მსოფლიოს წინაშე ჩემი ცოდვები.
ისინი მსჯიდნენ, როცა მე ვაყოვნებდი თავის დასჯას.
ისინი მაწამებდნენ, როცა მე გავურბოდი ტანჯვას. ისინი მაგინებდნენ მაშინ, როცა მე ვეპირფერებოდი ჩემს თავს.
ისინი მაფურთხებდნენ, როცა ქედმაღალი ვხდებოდი.
დალოცე, უფალო, შენ ჩემი მტრები, და მეც ვლოცავ მათ და არა ვწყევლი.
როცა თავი ბრძენი მეგონა, ისინი სულელს მიწოდებდნენ.
როცა თავი ყოვლისშემძლე მეგონა, ისინი დამცინოდნენ, როგორც არარაობას.
როცა მინდოდა ადამიანებს წინ წავძღოლოდი, ისინი ჩრდილში მაგდებდნენ.
როცა მინდოდა გავმდიდრებულიყავი, ისინი რკინის ხელით მაჩერებდნენ.
როცა მეგონა, მშვიდად ვიძინებდი, ისინი მაღვიძებდნენ.
როცა ხანგრძლივი და მშვიდი ცხოვრებისათვის სახლს ვიშენებდი, ისინი ანგრევდნენ მას და კარში მაგდებდნენ.
მტრებმა სოფელთან ჩემი კავშირები ნამდვილად აჩეხეს, და გააწვდინეს ჩემი ხელი შენი კალთისკენ.
დალოცე, უფალო, შენ ჩემი მტრები, და მეც ვლოცავ მათ და არა ვწყევლი.
დალოცე ისინი და განამრავლე; განამრავლე ისინი და განამკაცრე ჩემს წინააღმდეგ.
რომ შენსკენ ჩემი ლტოლვა შეუქცევადი იყოს;
რომ ადამიანებზე დამყარებული იმედები დაწყდეს, როგორც აბლაბუდა;
რომ მორჩილებამ ჩემს სულში დაისადგუროს;
რომ ჩემი გული ჩემი ორი მანკიერი ტყუპის _ თავზე დიდი წარმოდგენისა და მრისხანების _ სამარედ იქცეს;
რომ მთელი ჩემი საუნჯე ზეცაში შეიკრიბოს;
რომ ბოლოს და ბოლოს თავი ვანებო თავის ტყუებას, რამაც ილუზიებით აღსავსე ცხოვრების საშინელ ბადეში გამხვია;
მტრებმა მასწავლეს ის, რაც ცოტამ თუ იცის: ამ სოფელში ადამიანს საკუთარი თავის გარდა სხვა მტერი არ ჰყავს.
მხოლოდ მას სძულს მტრები, ვინც არ იცის, რომ მტრები არ არიან მტრები, არამედ ულმობელი მეგობრები არიან.
მე მართლა მიჭირს იმის თქმა, ვინ უფრო მეტი სიკეთე და ვინ უფრო მეტი ბოროტება მიყო, მეგობრებმა თუ მტრებმა.
ამიტომ დალოცე, უფალო, ჩემი მეგობრებიცა და ჩემი მტრებიც.
მონა წყევლის მტრებს, რადგან არ იცის. ხოლო ძე ლოცავს მათ, რადგან იცის.
რადგან ძემ იცის, რომ მტრებს არ შეუძლიათ შეეხონ მის სიცოცხლეს. ამიტომ იგი თავისუფლად დადის მათ შორის და ლოცულობს მათთვის ღმრთის წინაშე.
დალოცე, უფალო, შენ ჩემი მტრები, და მეც ვლოცავ მათ და არა ვწყევლი.”

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment