თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი სოციალურ ქსელში ისტორიას აქვეყნებს, რომელიც ბევრ თქვენგანს აატირებს.
„თავშესაფარში მოყვანის დღიდან ჩიკორინოს თვალზე ცრემლი არ შეშრობია. რაც გენებოთ, ის დაარქვით ამას, გნებავთ ტირილი, გნებავთ სხვა რამ…
14 წლის ასაკში ერთგული ძაღლისთვის ადვილი არაა პატრონთან განშორება.
თავშესაფრის მეპატრონემ იცოდა, არავინ რომ აღარ მოისურვებდა მის წაყვანას და თავის სამუშაო ოფისში გამოუყო ადგილი.
ჩვენი თანამშრომლები ყოველდღე ასეირნებდნენ მას, მაგრამ ჩიკორინოს დარდით სავსე გულს არაფერი ახალისებდა. იჯდა და სევდიანი თვალებით აკვირდებოდა არემარეს.
ასე გავიდა თითქმის 2 თვე.
დღეს დილით, როცა ჩვენი თანამშრომელი კაბინეტში შევიდა, კარის ხმაზე ჩიკორინოს აღარ წამოუწევია თავი.
– ჩიკორინოო! – ჩვეული ხმა გაისმა, მაგრამ პასუხი მხოლოდ დუმილი…
ახლოს მისვლისას, ჯერ ისევ თბილი სხეული დახვდა, უმოძრაო და უსიცოცხლო სხეული…
ჩიკორინო აღარ სუნთქავდა. სახეზე კი, თითქოს ღიმილი შერჩენოდა. პატრონზე ფიქრებში გართული წასულა ამ ქვეყნიდან. მხოლოდ პატრონზე ფიქრისას აქვთ ხოლმე ოთხფეხა მეგობრებს ასეთი სახე.
ჩიკორინომ ასე დაასრულა თავისი ორთვიანი დარდი…
კარგად ვიცოდით მისი სიკვდილის მიზეზი, მაგრამ მაინც ჩავუტარეთ გვამს ექსპერტიზა, რათა ყველა დარწმუნებულიყო, როგორი სიყვარული შეუძლია ადამიანის ოთხფეხა მეგობარს, ბევრი ჩვენგანისგან განსხვავებით. სამწუხაროა, მაგრამ ასეა…
ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ჩიკორინო ინფარქტით მოკვდა.
დარდს ვეღარ გაუძლო მისმა პატარა გულმა.“