„ლაოძი, კონფუცი, ბუდა, მუჰამედი, სოკრატე, პლატონი, და სხვები – ჭეშმარიტებას მთის მწვერვალად აღიქვამდნენ, რომელსაც უდიდესი გაჭირვებით აღწევს ადამიანი… და ეს მართალია. რადგან შეუძლებელია ჭეშმარიტებას იოლად მისწვდე, ის მართლაც ჰგავს უმაღლეს მთას, რომელზეც გაჭირვებით უნდა ახვიდე ქშენა-ქშენით, ფხოჭინით, ჟამი-ჟამს უკან მიხედვით და იმის შეგრძნებით, რომ წინ ჯერ კიდევ ძალიან რთული გზაა სავალი.
მუდამ მახსოვს არაჩვეულებრივი სიტყვები, რაც უბრალო ჰიმალაელმა მთამსვლელმა თქვა, ეროვნებით შერპმა, სახელად თენსინგმა, რომელმაც ინგლისელ მთამსვლელ პილარისთან ერთად დალაშქრა ჰიმალაი. მან თქვა, რომ მთას მოწიწებით უნდა მიუახლოვდე. ასევე მოწიწებით უნდა მიუახლოვდე ღმერთს. მართლაც განსაკუთრებული სულიერი განწყობაა საჭირო, რომ მთების სილამაზე და სიდიადე შეიგრძნო. ამ სილამაზესა და სიდიადეს ვერ აღიქვამენ ის ადამიანები, ვინც მოწიწების გარეშე აპირებენ ზეაღსვლას, ამ ურთულესი, საშიშროებით სავსე, უფსკრულებიანი და ნაპრალებიანი გზის გავლას.
ალექსანდრე მენი. ამონარიდი უკანასკნელი ლექციიდან „ქრისტიანობა“
„მსოფლიოში სახელგანთქმულმა შერპმა თენსინგ ნორგეიმ, ადამიანთაგან პირველმა ევერესტზე ფეხი რომ შედგა, არც «ვაშა» უყვირია, არც «მე ვარ და ჩემი ნაბადიო» და არც როკვას მოჰყოლია გამარჯვებულ და აღტაცებულ სპორტსმენთა მსგავსად. მან მუხლი მოიყარა მწვერვალის წინაშე, დამსკდარი ტუჩებით ეამბორა მის მარადიულ ჭაღარას და უთხრა – „გმადლობ, ჯომოლუნგმა, რომ ამომიშვი !“