fbpx

“არავინ თქვას, რომ მონატრება გადამდები არ არის; არავინ თქვას, რომ სიყვარული უცნაური არ არის”- ბელა ალანია

ავტორი ნინო გონგაძე
35 ნახვა

რამდენი ადამიანი მოდის და მიდის ჩვენს ფიქრებში დღე-ღამეში. ასე, იფიქრებ მასზე, ისაუბრებ მდუმარედ და ეს დროც გაივლის, ეს დღეც დამთავრდება…
ხან წარმოსახვით წარსულში გაემგზავრები, გაიხსენებ უამრავ ლამაზ დღეს, რაც მასთან გაკავშირებდა; გაიხსენებ წყენასაც, მაგრამ ახლა ისე მტკივნეული აღარაა, როგორც ადრე.

ზოგჯერ დაგეგმავ მეორე დღისთვის მასთან შეხვედრას თუ საუბარს, მაგრამ არ გამოგივა, ვერც გულს გადაუშლი, ვერც მოეფერები, როგორც გინდოდა… რატომღაც ისევ დიდი ხნით დაემშვიდობები.
ქნებ იმ იმედით, რომ გგონია,
ეს საუბრები და ჩურჩული მასაც ესმის;
შენი ჩახუტება და ალერსი შორი მანძილიდანაც ათბობს;
შენი ხმა აუცილებლად აღწევს იქამდე, სადაც საყვარელი ადამიანია;
ან იქნებ ვერც ვერასოდეს დაურეკო, ვერც ვერასოდეს შეხვდე…

იქნებ წარსულში დარჩენილი მხოლოდ ფოტოზე დარჩეს, მაგრამ შენ ფიქრებში ისევ გულში ჩაიკრავ და უკვე მერამდენედ ეტყვი:
ჩემო ერთადერთო,
ჩემო დედა,
ჩემო მეგობარო,
ჩემო სიყვარულო…
არავინ თქვას, რომ მონატრება გადამდები არ არის;
არავინ თქვას, რომ სიყვარული უცნაური არ არის;
აი, ასეთი, როცა შენ გენატრება და ის გრძნობს…
არ მითხრათ, მისი გულის სითბო ამ დროს ჩვენამდე არ აღწევს და ძვლები არ გვტკივა;
ვერ დავიჯერებ, რომ ხსოვნა მარადიული არ არის;
რადგანაც და რატომაც, ამიტომაც და იმიტომაც… როცა გიყვარს,
როცა ღელავ, როცა გახსენდება, როცა გეფიქრება გტკივა, გტკივა…

გტკივა სხვადასხვანაირად, თუმცა მუდმივად შენი სიყვარული, შენი ცოცხალიც და მკვდარიც…
ეჰ, ვინ იცის, რამდენი ადამიანია ასეთი შენ ირგვლივ…
რამდენი მოდის და მიდის, რამდენი კი მუდმივად ცხოვრობს ჩვენს ფიქრებში…
და რამდენი იბადება ყოველდღე ხელახლა…

ბელა ალანია

9 ნოემბერი, 2016

მსგავსი სტატიები

Leave a Comment