და როცა დგება მომენტი ყველასგან გაქცევის, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის და სირბილის ზურგს უკან მოუხედავად, მაშინ იწყებ ფიქრს და მაშინ ხვდები რომ არავინაა დამნაშავე, რომ არავინაა ვალდებული მხოლოდ შენ და მეტი არავინ. მხოლოდ საკუთარი თავი.
მერე წლების ნაგროვები წარსული ერთიანად გარბის გონებაში და ხდება გადაფასება ყველაფრის, სხვა კუთხიდან უყურებ მოვლენებს და აღქმაც იცვლება შესაბამისად. ასეთი ეტაპი ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება და ვფიქრობ ეს არის გაზრდა და არა დაბადების დღეების თვლა. ზრდა შინაგანად და ზრდა სამყაროსთან მიმართებაში.
არაფერია იმაზე სასიამოვნო როცა ხვდები საკუთარი თავია დამნაშავე და არა სხვა. მაშინ გრძნობ რომ არავინ გერჩის გონების გარდა, მაშინ გრძნობ რომ ყველას უყვარხარ ნაბიჯების გარდა და ვაი მას ვინც ამის შემდეგ ვერ ახერხებს მშვიდად თვალების დახუჭვას და უკეთესი სამყაროს დანახვას.
რაც მეტი ჭაღარა მემატება თმაში, მით მეტად ვხვდები რომ სიბერე სითეთრეში კი არა გულშია და ვბერდებით მაშინ როცა არჩევანს დაბერებაზე ვაკეთებთ. დღეს მგონია რომ სულ ახალგაზრდა ვიქნები, მაგრამ არ ვიცი რას ვიფიქრებ მაშინ როცა ეს ეტაპი კიდევ ერთხელ დადგება ჩემს ცხოვრებაში.
არ დაბერდე… და დაინახე ყოველ ჯერზე უკეთესი სამყარო როცა დახუჭავ თვალებს, რადგან გახელილს მისი ყურება მოგიწევს…
ნიკა ნორიელი