სოფელში ხომ დღე არ გავა, რომელიმე “მარიტა” არ შესვან ვირზე და არ ამოილაფონ თავადაც.
არ უყვართ ის ქალი.
აიჩემეს : თავს გვამეტებს,
თმას ცეცხლისფრად იღებავს,
გვერდითა უბნელ კაცს წინ ეჯდა მანქანაში…
სად აღარ ნახეს თურმე, თავად რომ არასოდეს გაუვლიათ, ისეთ ადგილებშიც კი მოუკრავთ თვალი.
როცა ადამიანს ნაკლს ვერ უპოვნიან და თმის ფერს გამოეკიდებიან, ბუნებრივია, ინტერესი გკლავს.
იმ დილით ცეცხლისფერი თავი შემოყო მაღაზიაში, დახლთან დადგა და თავის რიგს დაელოდა.
ფეხდაფეხ მოჰყვა აქოშინებული მეზობელი, ახალი გადმოსულები არიან ქირით, პირველად ვხედავ ასე ახლოს მდგმურსაც და იმ ქალსაც :
– დამარეკინეთ, დამარეკინეთ ბავშვი იწვის, მაღალი ტემპერატურა აქვს და წამალი უნდა დავაბარო ქმარს, ფულიც არა მაქვს, ვუყიდო, ვერაფრით დავუგდე, რამე ძლიერი უნდა…
ტელეფონს ვწვდი ჯიბეში.
– არ დაურეკო – ორივეს გვიბრძანა დახლთან მდგარმა “ცეცხლისფერმა” ქალმა.
საფულედან ფული ამოიღო და გაუწოდა :
– ორ ნაბიჯშია აფთიაქი და ხურდა არ მინდა.
გაიქცა ქალი და კარებიდან ყვიროდა მადლობას.
– ჰო, დამავიწყდა, რა უნდა მეყიდა, სხვა დროს შემოვივლი – ცეცხლისფერი თმა შეისწორა ქალმა და მაღაზიიდან გასული გვერდითა უბნელ კაცს წინ ჩაუჯდა მანქანაში…
მეც ისე ავიძურწე მაღაზიიდან, თითქოს პარკში ჩაწყობილი ნაყიდი ტკბილეული, მოპარული მქონოდა…
“- არ დაურეკო – ორივეს გვიბრძანა დახლთან მდგარმა “ცეცხლისფერმა” ქალმა”…
33