„ღმერთო გვიმრავლე ასეთი მ ო ძ ღ ვ რ ე ბ ი ! “ – ამ სახის კომენტარი უხვად მოჰყვა ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს. გოგა, ახალგაზრდა მამაოს იმ კეთილ საქმეებზე გვიამბობს, რომლისთვისაც ხალხმა ასე ძალიან შეიყვარა.
გოგა ჩანადირი: „დღეს გავიცანი ღვთისმსახური, ახალგაზრდა, ასე, 30-32 წლისა. უკვე გაჭაღარავება მოესწრო, წვერი ლამის მთლიანად თეთრად შემოსვოდა. ერთ-ერთი ძველი ტაძრის მოძღვარია.
ჩემთვის თავმდაბლობისა და კეთილსინდისიერების მაგალითი აღმოჩნდა. ეს არის მამა, რომელსაც მრევლმა ახალთახალი მანქანა აჩუქა, მან კი გაყიდა და ფული 4 წლის ბიბის ძვლის ტვინის გადასანერგად მისცა, ოქროს ჯვარი აჩუქეს, მან კი გაყიდა და ფული მაისურაძეების ექვსშვილიან ოჯახს გადასცა. როცა ნაჩუქარი ახალი ტელეფონიც გაყიდა, ნაირა ბებოს ეტლი შეუძინა.
ჩვენმა საერთო მეგობარმა ალექსანდრემ მითხრა, ეს რა არის, უამრავი რამ აქვს გაკეთებული და ხალხს ძალიან უყვარსო.
მამა გიორგის ამ თემაზე საუბარს ვერაფრით დააწყებინებ . როცა ტაძრის ეზოში დარგულ ბზაზე ვლაპარაკობდით, მაშინ მითხრა – იესო ჩემი დიდი მასწავლებელია. ის იერუსალიმში სახედრით შევიდა და არა სამეფო ეტლით. მე რა უფლება მაქვს, მასზე მეტი ვიყო?
ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ვისაუბრებდით, მაგრამ არამცდარამც მის საქციელზე საქებარი არ უნდა წამომცდენოდა.
მერე ადგა მამა გიორგი, მხარზე აქეთ მეამბორა, დაქოქა ნიკოლოზისდროინდელი ხმაურიანი “ფოლკსვაგენი”, მანქანიდან თავი ღიმილით გამოყო და ხელის აწევით მე და ალექსანდრეს დაგვემშვიდობა.
წავიდა მამა გიორგი. ალექსანდრემ, რომელმაც სამლიტრიანი ქილით თაფლი მიართვა, მითხრა, რომ საავადმყოფოში, უცნობი ავადმყოფების გასამხნევებლად და პარაკლისის გადასახდელად წავიდა“.
კომენტარები
Tamuna Kardava მიხარია, რომ არსებობენ ესეთი ღვთისმსახურები და მაგარი ადამიანები, მათზე დგას ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და არა ისეთებზე, მრევლს ჯიბეში, რომ ,, უძვრებიან” და ავალდებულებენ ანგარიშის ნომერზე ფული ჩარიცხეთო.
ნანა მხეცაძე ბედნიერებააა იყო ამდენად თავმდაბალი და ყველაზე დიდი წყალობა უფლის ადამიანის სულის საცხოვნებლად….გმადლობ გოგა ასე რო გამითბე სული და ამივსე გული იმედებით …
სოფო ბუცხრიკიძე ცოტა მიკვირს და ძალიან მიხარია ასეთი ადამიანების არსებობა ❤
ზურაბ ხორავა ღმერთო გვიმრავლე ასეთი მ ო ძ ღ ვ რ ე ბ ი !
Maka Macharadze უფალმა გაახაროს და დალოცოს ასეთი მოძღვრები.მართლაც ასეთი უნდა იყოს ნამდვილი მოძღვარი.უნდა განერიდოს ფუფუნებას.ის რაც შეიძლება კეთილ საქმეს მოახმარო,არ შეიძლება საკუთარ კომფორტი და განცხრომა მოიწყო ნამდვილმა ქრისტიანმა .
Kethy Kethy ჩემო გოგა, არც შენ გაქვს ნაკლებად სუფთა გული და იმიტომ ხედავ ამ ქვეყანაზე სიკეთეებს და კეთილ ადამანებს ♥
Mako Mshvenieradze აღარ მჯერა რომ კიდევ არსებობენ მზგავსი მამაოები